The Piper at the Gates of Dawn

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Piper At The Gates Of Dawn

სტუდიური ალბომი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 5 აგვისტო, 1967
ჩაიწერა 21 თებერვალი - 21 მაისი, 1967
სტუდია EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 41:52
ლეიბლი EMI Columbia
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი - ქრონოლოგია
The Piper At The Gates Of Dawn
(1967)
A Saucerful of Secrets
(1968)
სინგლები ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn
  1. „Flaming“
    გამოვიდა: 2 ნოემბერი 1967 (მხოლოდ აშშ)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
About.com 4.5/5 stars[1]
AllMusic 5/5 stars[2]
The Daily Telegraph 4/5 stars[3]
MusicHound 3.5/5 stars[4]
NME 9/10[5]
Paste 9.5/10[6]
The Rolling Stone Album Guide 5/5 stars[7]
Q 5/5 stars[8]

The Piper At The Gates Of Dawn (ინგლ. პანი განთიადის კარიბჭესთან)[9]— ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1967 წლის 5 აგვისტოს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენერი იხსენებდა, რომ კოლექტივს ჩაწერისას „Astronomy Domine“-ს დასაწყისში ვიღაცის ხმის დამატება. საკონცერტო გამოსვლების დროს ეს ასე არ ხდებოდა, მაგრამ სტუდიურ ვერსიაში გამოყენებულიაა მეგაფონი. წიგნი, რომელიც აგრეთვე გამოიყენეს, იყო „Observers Book Of Planets“, რომელიც სიდ ბარეტს თან დაჰქონდა და აქტიურად იყენებდა სიმღერის ტექსტის შექმნისას, ვინაიდან სიმღერა პლანეტებზე იყო ორიენტირებული. ჩანაწერი იწყება პლანეტების დასახელებით, ჟღერადობით, რომელსაც უერთდება სიდის Telecaster, რიჩარდ რაიტი Farfisa Compact Duo, შემდეგ კი ჩნდება როჯერ უოტერსის Rickenbacker 4001, რომელიც ნიკ მეისონის დასარტყმელი საკრავებიდან იბადება.

ნიკ მეისონი იხსენებდა, რომ უკანასკნელი ჩაწერილია Premier-ის კომპილაციით: „იგი იყო კონტრაბას-დასარტყმელი საკრავების კომპლექტი. არ ვფიქრობ, რომ მაშინ დასარტყმელი საკრავების ჟღერადობაში დიდი წვლილი შემქონდა, მის შესახებ საერთოდ ბევრი რამ არ ვიცოდი. ყველაფერი დამოკიდებული იყო ნორმან სმითის პროდიუსერულ სამუშაოზე და პიტერ ჯენერის ინჟინერობაზე“.

ენდრიუ კინგი: „არ მგონია, რომ დღეს ინჟინერი ასე მუშაობდეს. პიტი შევიდა სტუდიაში, უსმენდა მათ მიერ დაწერილს, ნიკის ჟღერადობას, შემდეგ ბრუნდებოდა სააპარატოში და მუშაობდა. ყველაფერი მუშაობდა იგივე პრინციპით, რაც ზოგადად ები როუდის სტუდიაში, როგორც საერთოდ მუშაობდნენ კლასიკურ მუსიკაზე“.

ამ პერიოდში სიდს ჰქონდა ფილმის გადაღების იდეა, ვინმე პერსიზე, თაგვების დამჭერზე - „Percy The Ratcatcher“. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არ გადაუღიათ, ეს სახელი დარჩა ერთ-ერთი სიმღერის სამუშაო სახელწოდებად და ეს იყო „Lucifer Sam“, ალბომის მეორე კომპოზიცია - სიმღერა კატის შესახებ, რომელსაც ნაწილობრივ კავშირი აქვს სიდის შინაურ კატასთან.

ნიკ მეისონი იხსენებდა, რომ სიმღერების ნაწილზე მუშაობა უფრო ადვილი იყო, ვინაიდან ჯგუფს მათზე მანამდე უკვე უმუშავია. სიმღერების ნაწილი სტუდიაში დამუშავდა. ჩაწერის პირობების მხრივ, „Lucifer Sam“ ყველაზე რთული აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც 1967 წლის 12 აპრილს ჩაიწერა ძირითადი ვერსია, დამატებითი დუბლების დადება მოხდა ხუთი სესიით. საბოლოო მიქსი მიმდინარეობდა ივნისის ბოლოს. შედარებისთვის - იმავე პერიოდში სხვა ჯგუფებისგან ალბომის დასრულებას ხოლმე ერთ დღეში ითხოვდნენ. ჯგუფი მუშაობდა დღისით, საღამოს კი კონცერტებს მართავდა.

მაგალითად, 2:30-6:30-სთვის დარეზერვირებულ სესიაზე ჩაიწერა ორგანი, მარაკასი და ბას-გიტარა. ამას მოჰყვა სწრაფი სტუმრობა ესექსში, სადაც ჯგუფი ტილბერის სარკინიგზო კლუბში გამოდიოდა. შემდეგ დღეს კი კვლავ ბრუნდებოდა სტუდიაში. სიდის მეგობარი დაგი ფილდზი განმარტავდა, თუ ვინ იყო სიმღერაში ჯენიფერ ჯენტლი შესახებ, რომელიც მისი თქმით იყო ჯენი სპაირსი და არა ჯენი ფაბიანი (როგორც ბევრი თვლის). იგი იყო ლინდზი კორნერის მეგობარი - ორივე მუდმივად სიდთან ერთად დადიოდა. სტორმ თორგერსონი, რომელიც შემდგომში პასუხისმგებელი იყო ჯგუფის ალბომის დიზაინებზე, ფიქრობდა, რომ სიდის ტექსტებში არაფერი იყო საერთო მის პირად ცხოვრებასთან, რომელიც აისახებოდა დროის კარგად გატარებასა და გოგონებთან გართობაში.

შემდეგ კომპოზიციაზეც, „Matilda Mother“, თავდაპირველად ჟღერდა მწერალ ჰილერ ბელოკის ლექსი. ენდრიუ კინგის თქმით, ბელოკის მემკვიდრეები არ დათანხმდნენ ლექსის პოპ-კულტურაში გამოყენებაზე. ამიტომ სიდმა გარკვეული მონაკვეთები შეცვალა. სიმღერის ადრეული დუბლი მოხვდა ალბომის 2007 წლის 3 დისკიან გამოცემაში. თუმცა, ალბომის ორიგინალურ გამოცემაში შეტანილი დუბლი ენდრიუს ფავორიტს წარმოადგენდა.

ამ ნომერში არეკლილია სიდის ლიტერატურული ინტერესები. დაგი ფილდზი იხსენებდა თაობისთვის მნიშვნელოვან წიგნებს. ესენი იყო „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“, გრიმების ზღაპრები, კარლოს კასტანედა, ოლდოს ჰაქსლი, ყველა სახის სამეცნიერო ფანტასტიკა (განსაკუთრებით – რობერტ ჰაინლაინი). სიდი ამ წიგნებს ფლობდა და თავისთან სალხში, კრომველ-როუდზე ინახავდა და ვარაუდობენ, რომ პირდაპირი გავლენა მის ტექსტებზე ყოველივე ამან მოახდინა, ლუის კეროლისა და ედვარდ ლირის შემოქმედებასთან ერთად.

დედის ფაქტორი აღნიშნულ კომპოზიციაში არ არის მოულოდნელი - სანამ ბარეტი 16 წლის გახდებოდა, მან მამა დაკარგა, რამაც თავის მხრივ, როლი ითამაშა უოტერსთან დაახლოებისას (რომელსაც მამა ასევე ომში დაეღუპა), მაგრამ გარდა ამისა, შემდგომი პერიოდი აღინიშნა დედასთან უფრო დაახლოებით. ეს გაგრძელდა შემდგომ წლებშიც, როდესაც მუსიკალურ კარიერაზე ხელის საბოლოოდ ჩაქნევის შემდგომ ბარეტი ბრუნდებოდა შინ და 80-იანების ბოლოსკენ საბოლოოდ გადავიდა დედასთან.

„Flaming“ რომელშიც ნახსენებია მარტორქაზე ჯირითი, ტელეფონით მგზავრობა და ბაბუაწვერაზე შემოსკუპვა. ჯენი ფაბიანი ამბობდა, რომ ეს იყო „განსხვავებული სამყარო, მეტად ბავშვური, ტკბილი და უდარდელი. ტექსტებში მსმენელი მოგზაურობდა და ხედავდა იმას, რასაც შეშლილი ახალგაზრდობა სხვა მეთოდით, LSD-ს ყლაპვით აღწევდა“. სიმღერა ჩაიწერა ერთი დუბლით. EMI-ს არქივებში მითითებულია, რომ ვოკალური დუბლები მოგვიანებით დაემატა, მაგრამ არაფერი წერია ფორტეპიანოზე სპეციალური ეფექტების შესახებ. „Flaming“, მოულოდნელად, ამერიკაში სტუდიურ ალბომზე არ გამოცემულა - იგი გამოვიდა სინგლზე, b-მხარის „The Gnome“ თანხლებით. აუცილებელი იყო კონტინენტზე ჯგუფის სათანადოდ წარდგენა, თუმცა ლეიბლი Columbia აგრეთვე ითვალისწინებდა საკუთარ კომერციულ ინტერესებსაც.

შემდეგი სამი კომპოზიცია ალბომზე უფრო მეტად ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს. პირველი, „Pow R. Toc H.“, ჯაზურ-ფსიქოდელური ექსპერიმენტია, რომელსაც ხსნის სიდ ბარეტის ვოკალური თამაში, აბსტრაქტული ბგერებით. იგი იქცა ჯგუფის საკონცერტო პროგრამის სტაბილურ ნაწილად, რომელიც აგრეთვე შესრულდა 1967 წლის 14 მაისს, გადაცემაში „Look of the Week“ (BBC1, ლონდონი). ჰანს კელერმა მათ მიერ ამ შოუში შესრულებული „Astronomy Domine“-ს შემდეგი განაჩენი გამოუტანა - „ზედმეტად ხმაურიანია“.

ნომრის შემდგომი განვითარება, რომელშიც შეტანილია უკვე როჯერ უოტერსის კივილები, იდენტური იყო ალბომის როგორც მონო, ასევე სტერეო გამოცემაში. სტერეო ვერსია გამოირჩევა ხმოვანი ეფექტების თავისუფალი ცირკულირებით (მაგალითად, ალბომის ფინალში). „Pow R. Toc H.“-ის ჩაწერა გრძელდებოდა 21 მარტს, როდესაც ჯგუფი შეხვდა The Beatles-ს, რომელიც იმ პერიოდში ასევე დაინტერესებული იყო ფსიქოდელიურო მუსიკით.

ფირფიტის პირველ მხარეს ასრულებს „Take Up Thy Stethoscope And Walk“, რომელიც ჯგუფის მიერ უკვე სრულდებოდა კონცერტებზე და ალბომისთვის შეიკუმშა და გადამუშავდა. ეს სიმღერა შორს არის უოტერსის გვიანდელი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი, სოციალურ-პოლიტიკური თემატიკისგან. მაგრამ მუსიკალურად, როგორც ჯენი ფაბიანი იხსენებდა, „ეს იყო გამაოგნებელი მოვლენა“. რიჩარდის ორგანის ჟღერადობას იგი აღწერდა, როგორც „რაღაც სულიერს“. მსმენელი აქ ხვდება ნიკის ოდნავ უხეშ შესრულებას, ისევე როგორც სიდისას. წინა ფონზე ისმის როჯერის ვოკალი, რომელიც სიტყვებით თამაშობს. ჯენერი ხაზს უსვამდა კონტრასტს ამ ალბომთან და აღნიშნავდა, რომ უოტერსმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა შემდგომში დაეხვეწა სიმღერების ხარისხი.

სანამ ჯგუფი EMI-სთან ხელს ოფიციალურ კონტრაქტს მოაწერდა, პიტერ ჯენერმა კანადელ რადიოწამყვანთან საუბარში შემდეგ რამ თქვა:

„ვფიქრობ, ჩვენი ჩანაწერები განსხვავებული იქნება სასცენო გამოსვლებისგან. შეზღუდულები ვართ 3 წუთით, გარდა ამისა, სამზარეულოში პინკ ფლოიდის ღიღინით ვერ იმუშავებ. იმის თქმა მინდა, რომ სარეცხის რეცხვისას კლუბში დაკრული მუსიკა რომ მოისმინო, კივილს დაიწყებ. ჩვენი ჩანაწერები სხვა სიტუაციისთვის დაიწერა. სახლში ან რადიოში გრამფირფიტის მოსმენა განსხვავდება სცენაზე ამის ხილვისგან. მე მგონია, ორივე შეგვიძლია“.

ექვსი კომპოზიცია ჯგუფის პირველ ალბომზე ატარებს ნათელ ტექსტურებს, მაგრამ მეორე მხარეზე წარმოდგენილია „Interstellar Overdrive“-ს, რომელსაც ჯგუფი უკვე დიდი ხანია, ასრულებდა კონცერტებზე იმპროვიზაციის სახით, აქ ახალი, დახვეწილი და ჩარჩოებში მოქცეული სახე უნდა შეეძინა, მაგრამ ნორმან სმითის ნებართვით, კოლექტივმა გადააბიჯა საზღვრებს და ჩაწერა ეს, თითქმის 10 წუთიანი ნომერი.

პიტერ ჯენერი იხსენებდა, თუ როგორ შეიქმნა კომპოზიციის ყველა ცნობადი, ძირითადი რიფი. მან სიდს უმღერა ჯგუფ Love-ის ერთ-ერთი სიმღერა - უბრალოდ წაუღიღინა. „სიდმა მკითხა - ასე? და დაუკრა ეს მელოდია. მაგრამ სრულიად სხვა რამ გამოვიდა და ეს იყო „Interstellar Overdrive““. თავიხ მხრივ, Love-ის ვერსიაც ჯგუფის ლიდერ ართურ ლის მიერ არ შექმნილა. მისი მელოდია მომდინარეობდა ბერტ ბექერექის / ჰელ დევიდის მელოდიიდან „My Little Red Book“, რომელმაც პირველად გაიჟღერა ფილმის „What's New Pussycat?“ საუნდტრეკში.

„Interstellar Overdrive“ იმავე პერიოდში ჩაიწერა ახალგაზრდა რეჟისორ პიტერ უაიტჰედის დოკუმენტური ფილმისთვის „Tonite Lets All Make Love in London“, რომლის სეგმენტი მხოლოდ ჯგუფის კადრებით გამოვიდა ფილმის „London '66–'67“ სახით. ერთ-ერთი შემდეგი დუბლი ამ კომპოზიციით ჩაიწერა 1966 წლის ჰელოუინის პერიოდში, ჰემელ ჰემპსტედში (ჰერტფორდშირი). ეს არის უხეში ვერსია, რომელშიც სიდი „სერფ-გიტარის“ სტილში უფრო უკრავს.

დევიდ გეილი, სიდის მეგობარი, იხსენებდა:

„გამაოცა იმან, რომ ამ ჩანაწერზე ფსიქოდელური საგები და უფრო უცნაური სიმღერები ერთად თანაარსებობდნენ - ისტორიები გობლინებზე, გნომებზე, საფრთხობელებსა და ველოსიპედებზე. ერთში ორი ალბომი გაქვს - სიდის ბნელი მხარით და როჯერ უოტერსის ფსიქოდელური წვლილით, ისევე, როგორც უოტერსის უფრო მშრალი და ირონიული ტონით. 1960-იანი წლების უკანასკნელი თაობის ნიშანი იყო სწორედ ეს ჰობიტურ-გნომური რამ. განსხვავება, რომელზეც ვსაუბრობ, არის ნამდვილი განსხვავება სიდსა და როჯერს შორის“.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო კომპოზიციების გადაბმა, საბოლოოდ ასე არ მოხდა. „Interstellar Overdrive“-ის დასასრულის შემდეგ, რომელიც აღინიშნება პერკუსიის მძლავრი ხმებით, შემოდის საათის ხმის მსგავსი რიტმი და სიდის ტექსტი გნომზე სახელად „გრიმბლ გრომბლი“. ანა მარი, სიდის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, იხსენებდა:

„გაბრუებული, გავიდოდა პარკში, სასეირნოდ, ხეებს დახდავდა. ხეები უყვარდა. სამხატვრო გალერეებში ერთად დავდიოდით. მხატვრობაზე ოდნავ ვსაუბრობდით. მითოლოგია ძალიან უყვარდა. ასე თუ ისე, გნომის შესახებ დაწერილ სიმღერაზე გავლენა იქონია როგორც სიდის ბავშვურმა ბუნებამ, ასევე მისმა საყვარელმა ლიტერატურამ“.

„The Gnome“, როგორც იხსენებდნენ, საკმაოდ სწრაფად ჩაიწერა. საგულისხმოა, რომ მისი დუბლების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცნობილია, რომ ძირითადი და დამატებითი ინსტრუმენტები ჩაწერეს 1967 წლის 19 მარტს.

„Chapter 24“ იყო ერთ-ერთი ახალი სიმღერა, დაწერილი უკვე ალბომზე მუშაობის პერიოდში. ენდრიუ კინგი იხსენებდა:

„როგორც წესი, ხმის მიქსს ორი ადამიანი ერთად აკეთებდა და საკმარისი ხელი იყო, რათა ყველა გადასართავზე გემუშავა. ყველაფერი იწერებოდა ცოცხლად, არავითარი მეხსიერება, როგორც ეს დღეს ხდება. ეს იყო ხელოვნება, ოსტატობა, ეს არ იყო მხოლოდ ტექნიკური დეტალი, მიქსის შეგრძნება უნდა გქონოდა. სიდს იმ პერიოდში ძალიან მცირე სტუდიური გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ მუშაობდა პულტზე, ვეტერანივით - მხატვარივით. სწორედ მაშინ მიხვდი, რამდენად კარგი იყო იგი“.

იმ პერიოდში ჯგუფის საკონცერტო შემოქმედებაში კვლავ დაძაბული გრაფიკი იყო. აღსანიშნავია ცნობილი შოუ „14 Hour Technicolor Dream“ (ლონდონის Alexandra Palace), რომლის კადრები მოხვდა პიტერ უაიტჰედის ფილმში „Tonite Lets All Make Love in London“ და ჯგუფისადმი მიძღვნილ ინდივიდუალურ „London '66–'67“-ში. ტელეეთერში ჯგუფმა ცოცხლად შეასრულა „Astronomy Domine“. 1967 წლის 12 მაისს კოლექტივი გამოვიდა დედოფალ ელისაბედის დარბაზში, სადაც პირველად წარადგინა უფრო დახვეწილი აუდიო-ვიზუალური შოუ, ახალი ხმოვანი სისტემის წყობით, რომელიც, როგორც მეისონი იხსენებდა, ები -როუდზე ააწყვეს. ეს იყო 14 არხი, რომელიც მოგვიანებით კვადრო-სისტემის სახელით გახდა ცნობილი. კონცერტზე შესრულდა რიგი კომპოზიციებისა ჯგუფის მომავალი ალბომიდან, რომლებიც უკვე სრულდებოდა სხვა შოუებზე, სხვადასხვა ხმოვანი ეფექტით, რომელიც EMI-ს ჩამწერებით მომზადდა. სხვადასხვა ფირზე წარმოდგენილი იყო განთიადის, ბუშტებისა და ლოგიკური ფინალის ხმები. თავდაპირველად, როდესაც შოუ დაიწყო, შეიქმნა პრობლემა პროლოგის გაშვებისას, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი დამშვიდდა. თუმცა, რეალური პრობლემა მაშინ წარმოიშვა, როდესაც დარბაზში გაშვებულმა საპნის ბუშტებმა სავარძლებზე კვალი დატოვეს. ჯგუფს სამუდამოდ აუკრძალეს იმ დარბაზში გამოსვლა, სადაც უფრო ხშირად ფორმალური ღონისძიებები დარტებოდა.

თუმცა, კონცერტმა დიდი მნიშვნელობა იქონია კიდევ ერთი მიზეზით - მასზე პირველად შესრულდა ახალი სიმღერა „Games For May“, უფრო განსხვავებული ტექსტით, ვიდრე მისი საბოლოო ვარიანტი, „See Emily Play“. სიმღერა მოგვიანებით სინგლზე გამოიცა, „The Scarecrow“-ს თანხლებით, რომელიც ჯგუფის მომავალი ალბომის ოდნავ დაგემოვნების საშუალებას იძლეოდა.

„The Scarecrow“ არის „The Gnome“-თან ახლო - პასტორალური ხასიათით. როგორც სიდის ერთ-ერთი მეგობარი იხსენებდა, მასში ნამდვილად იყო კავშირი სიდის შინაურ გარემოსთან: „მე ვფიქრობ, კემბრიჯი ის ქალაქია, სადაც ახირებები უფრო მიღებულია, ვიდრე ლონდონში, ვინაიდან იგი მუზეუმების ქალაქია, როგორც ბათი ან ამსტერდამი, რომელიც მშვენიერია და სავსეა ძველი შენობებით და თანამედროვე ქალაქის ნიშნები იმდენად არ შეიმჩნევა. ახირებები აქ უფრო იოლად მიიღება“.

1967 წლის ზაფხულში კომპანიამ Pathe წარადგინა მოკლე ფერადი კინორგოლი „The Scarecrow“-ს თანხლებით, რომელშიც ჯგუფის წევრები მინდორში დადიან და საფრთხობელასთან ურთიერთობენ. უოტერსი ღრმა ბალახში ეფლობა. ეს კადრები მოგვიანებით მოხვდა მის კონცერტებზე შესრულებულ „Set the Controls for the Heart of the Sun“-ში, პროექციის სახით.

საბოლოო სიმღერაზე, „Bike“ კულმინაციურია ხმოვანი ეფექტების გამოყენება - დაქოქილი მექანიზმებით.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტანდარტულად, ალბომი გამოვიდა ჩვეულებრივი არაგასაშლელი კონვერტის სახით. მეორე მხრიდან წარმოდგენილი იყო სიდის მიერ შექმნილი ნახატი, სილუეტებით. ცენტრალური ფოტო გადაღებულია ვიკ სინგის მიერ და გადმოსცემს ჯგუფის ფსიქოდელურ იმიჯს.

განახლებულ გამოცემას (1994) თან ახლდა სტორმ თორგერსონის მიერ შექმნილი აბსტრაქციები და ჯგუფის პრომო და საკონცერტო ფოტოსურათებიც. 2011 წლის ვერსიის გარეკანი განსხვავდება 1994 წლის გამოცემისგან და ბუკლეტის შიდა მხარეს ახლავს ჯგუფის განსხვავებული ფოტოსურათი. იგივე მეორდება 2016 წლის გამოცემაში. 1971 წლის იტალიური გამოცემის გარეკანი უცნობი მიზეზით იყენებს ჯგუფის 1968 წლის ფოტოსესიის ერთ-ერთ ფოტოს (დევიდ გილმორთან ერთად).

სხვა გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 4 სექტემბერს გამოიცა საიუბილეო გამოცემა, რომელიც მიეძღვნა ორიგინალური ალბომის გამოსვლიდან 40ე წლისთავს. ეს იყო ორდისკიანი ვერსია, რომელსაც, იმავე წლის 11 სექტემბერს მოჰყვა სამდისკიანი ვარიანტის გამოცემა. დიზაინი შექმნა სტორმ ტორგერსონმა. გამოცემა წარმოადგენს წიგნის მსგავს ყუთს, რომელშიც ჩადებულია სამი დისკი - ორიგინალური სტერეო ვერსია, მონო ვარიანტი და დამატებითი დისკი, სინგლებითა და იშვიათი სიმღერებით. ალბომის ამ ვერსიას თან ახლავს სიდის პირადი წიგნაკის რეპროდუქცია.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორია სიდ ბარეტი, გარდა აღნიშნულისა.

ბრიტანული გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1
# სახელწოდება ძირითადი ვოკალი ხანგრძლივობა
1. „Astronomy Domine“ ბარეტი, რაიტი 4:12
2. „Lucifer Sam“ ბარეტი 3:07
3. „Matilda Mother“ რაიტი, ბარეტი 3:08
4. „Flaming“ ბარეტი 2:46
5. „Pow R. Toc H.“ (ბარეტი, უოტერსი, რაიტი, მეისონი) ბარეტი, უოტერსი 4:26
6. „Take Up Thy Stethoscope and Walk“ (უოტერსი) უოტერსი 3:05
მხარე 2
# სახელწოდება ძირითადი ვოკალი ხანგრძლივობა
1. „Interstellar Overdrive“ (ბარეტი, უოტერსი, რაიტი, მეისონი) ინსტრუმენტული 9:41
2. „The Gnome“ ბარეტი 2:13
3. „Chapter 24“ ბარეტი 3:42
4. „The Scarecrow“ ბარეტი 2:11
5. „Bike“ ბარეტი 3:21

ამერიკული გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1
# სახელწოდება ძირითადი ვოკალი ხანგრძლივობა
1. „See Emily Play“ ბარეტი 2:53
2. „Pow R. Toc H.“ (ბარეტი, უოტერსი, რაიტი, მეისონი) ბარეტი, უოტერსი 4:26
3. „Take Up Thy Stethoscope and Walk“ (უოტერსი) უოტერსი 3:05
4. „Lucifer Sam“ ბარეტი 3:07
5. „Matilda Mother“ რაიტი, ბარეტი 3:08
მხარე 2
# სახელწოდება ძირითადი ვოკალი ხანგრძლივობა
1. „The Scarecrow“ ბარეტი 2:11
2. „The Gnome“ ბარეტი 2:13
3. „Chapter 24“ ბარეტი 3:42
4. „Interstellar Overdrive“ (ბარეტი, უოტერსი, რაიტი, მეისონი) ინსტრუმენტული 9:41

საიუბილეო გამოცემა (ორიგინალური გამოცემის 40 წლისთავი, 2007)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დისკი შეიცავს ალბომის მონო ვერსიას. მეორე დისკი შეიცავს ალბომის სტერეო ვერსიას. მესამე დისკში შეტანილია 1967 წლის ყველა ოფიციალური სინგლი და იშვიათი სიმღერები. აქედან აღსანიშნავია ინსტრუმენტული კომპოზიციის Interstellar Overdrive მეორე დუბლი, ფრანგულ მინი-ალბომზე გამოცემული იგივე კომპოზიციის განსხვავებული მიქსი და სიმღერის Apples and Oranges სტერეო ვარიანტი. აქ ასევე არის Matilda Mother, განსხვავებული ტექსტით.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. White, Dave. Pink Floyd – Review of 40th Anniversary Edition of Piper at the Gates of Dawn by Pink Floyd. About.com. წაკითხვის თარიღი: 10 ოქტომბერი 2012.
  2. Huey, Steve. The Piper at the Gates of Dawn – Pink Floyd: სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები: AllMusic. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 10 ოქტომბერი 2012.
  3. McCormick, Neil. “Pink Floyd's 14 studio albums rated“, 20 მაისი 2014. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014. 
  4. Graff, Gary; Durchholz, Daniel (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2. 
  5. NME Album Reviews – Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn – nme.com. nme.com (4 სექტემბერი 2007). წაკითხვის თარიღი: 10 ოქტომბერი 2012.
  6. Deusner, Stephen. (28 სექტემბერი 2011) Pink Floyd: Piper at the Gates of Dawn ("Why Pink Floyd?" Reissue) :: Music :: Reviews :: Paste. pastemagazine.com. წაკითხვის თარიღი: 10 ოქტომბერი 2012.
  7. Sheffield, Rob. (2 ნოემბერი 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 თებერვალი 2011. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  8. "Review: The Piper at the Gates of Dawn". Q: 275. იანვარი 1995.
  9. გავრცელებულია ალბომის სახელწოდების სხვა თარგმანი - „მესტვირე განთიადის კარიბჭესთან“, თუმცა სინამდვილეში სახელწოდება აღებულია სიდ ბარეტის საყვარელი წიგნიდან „ქარი ტირიფებში“, სადაც The Piper არის ღვთაება პანი, რომელიც უკრავს სტვირზე.
  10. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. 12.0 12.1 "Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. "Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 200737 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 27 ივნისი 2016.
  17. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  18. Italian charts portal (06/09/2007)“, italiancharts.com. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016. 
  19. "Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  20. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 27 ივნისი 2016.
  21. "Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  22. "Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  23. "Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  24. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  25. "Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  26. Italian album certifications – Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი 2017.
  27. British album certifications – Pink Floyd – The Piper at the Gates of Dawn. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 12 აგვისტო 2016. შეიყვანეთ The Piper at the Gates of Dawn ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go