შინაარსზე გადასვლა

პინკ ფლოიდის დაუსრულებელი პროექტების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ წარმოდგენილია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის დაუსრულებელი პროექტების არასრული სია. წლების განმავლობაში პინკ ფლოიდი იწყებდა მუშაობას რომელიმე ფილმის საუნდტრეკზე, ალბომზე ან სხვა პროექტზე, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მუშაობა ამ პროექტზე არ დაუსრულებია.

ალბომები და კომპოზიციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი წერდა მუსიკას ბრიტანელი ექსპერიმენტული მხატვრის, ჯონ ლეთემის ფილმისთვის „Speak“. იმავე წლის ოქტომბრის ბოლოს სიდ ბარეტის ინიციატივით ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ამ უხმო ფილმის მუსიკაზე. თუმცა, საბოლოო შედეგი ჯონს არ მოეწონა. მუსიკა ჩაიწერა სტუდიაში ნორმან სმითის პროდიუსერობით. წლების განმავლობაში იგი ოფიციალურად არ გამოცემულა, მაგრამ საბოლოოდ ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში შევიდა[1].

Games for May - საკონცერტო ალბომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით (მაგალითად, ჯულიან პალასიოსის წიგნის „Dark Globe“), 1967 წლის 12 მაისს Games for May, გამართული ლონდონის დედოფალ ელისაბედის დარბაზში, ჩაწერეს. პიტერ ჯენერს ახსოვდა BBC-ის ხმის ინჟინერები, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებული. თუმცა, ამავე დროს იგი აცხადებდა, რომ ოფიციალურად ჩაწერა არ მიმდინარეობდა - კონცერტის მომზადებამ ისედაც დიდი დრო და ძალა მოითხოვა. ამიტომ, სულ ცოტა, თავად ჯგუფის წევრებიდან არავის უფიქრია ჩაწერაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი „კომიტეტი“ ოფიციალურად გამოცემულია, ცალკე ალბომი მასში შეტანილი მუსიკით (რომელიც პინკ ფლოიდმა სპეციალურად შექმნა) არასოდეს გამოსულა. რამდენიმე კომპოზიცია, ისევე, როგორც ფილმი შეტანილია ბოქს-სეტში The Early Years 1965–1972.

The Man and The Journey - საკონცერტო ალბომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი აპირებდა ტურნეს The Man and The Journey დოკუმენტის, საკონცერტო ალბომის გამოცემას, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.

იხილეთ პინკ ფლოიდის გამოუცემელი სიმღერების სია#Household Objects

In the Flesh - საკონცერტო ალბომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფს უნდა გამოეცა საკონცერტო ალბომი ტურნეს In the Flesh ჩანაწერებით, მაგრამ ჩანაფიქრი არ განხორციელდა.

The Pros and Cons of Hitch Hiking - ჯგუფის ვერსია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როჯერ უოტერსმა 1978 წელს სტუდიაში ორი დემო მოიტანა - The Pros and Cons of Hitch Hiking და The Wall. ჯგუფმა სამუშაოდ მეორე აირჩია. სხვადასხვა წყაროს თანახმად, პირველი გადადეს, იმ "იმედით", რომ მომავალში მასზე კვლავ იმუშავებდნენ. მიუხედავად ამისა, The Wall-ის სტუდიური სესიების დროს ჯგუფმა ჩაწერა „Sexual Revolution“-ის დემო.

The Big Spliff და The Division Bell-ის პერიოდის სხვა ჩანაწერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს, სესიების შედეგად მიღებული ჯემების ჩანაწერები მიიტანეს სტუდია Astoria-ში და დაიწყო არჩევის პროცესი. ჯგუფი, პროდიუსერები, ბობ ეზრინი და ენდი ჯექსონი ადგენდნენ 60-ზე მეტი მუსიკალური თემის სიას. აქედან The Division Bell-ში მხოლოდ ცხრა მოხვდა. თავდაპირველად იგეგმებოდა ორმაგი ალბომი. პირველში იქნებოდა სიმღერები, მეორეში კი – რიგი ემბიენტური ინსტრუმენტული პიესების. საბოლოოდ, გადაწყდა სტანდარტული ერთდისკიანი ალბომიც გამოცემა. მაგრამ ენდიმ, საკუთარი ინიციატივით, პარალელურად დაიწყო ციკლზე The Big Spliff მუშაობა. ეს იყო მიქსი, რომელიც ეფუძნებოდა ალბომის ემბიენტურ ნაწილს. დარჩენილი ფირები შეინახეს დეივიდ გილმორის არქივში.

ჯექსონის თქმით, მასალა მერყეობდა „განუვითარებელიდან“ „ფსიქოდელურ ნარევამდე“, რომელიც ჰგავდა „Echoes“-ის ცენტრალურ ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ მასალის ნაწილი ნამდვილად მოხვდა The Endless River-ში, ჩანაწერები, რომლებსაც ჯგუფი საერთო ჯამში ფლობდა, ხანგრძლივობით რამდენიმე ათეულ საათს აღემატება და კვლავაც გამოუცემელია.

ვაჩოვსკების ფილმის საუნდტრეკი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ დადგებოდა ალბომზე The Endless River მუშაობის აქტიური პერიოდი, ნიკი და დეივიდი ცდილობდნენ 93/94 წლების ემბიენტური მასალის სხვა გზით გამოყენებას – მაგალითად, მასალა შესთავაზეს ვაჩოვსკებს, შემდგომში ჩავარდნილი ფილმის „იუპიტერის აღზევების“ საუნდტრეკის სახით. მაგრამ იდეამ არ გაამართლა და მუსიკა არ გამოიყენეს[2].

A Momentary Lapse of Reason - ალტერნატიული ვერსია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხმის ინჟინერმა ენდი ჯექსონმა 2011 წელს ახსენა, რომ ისინი მუშაობდნენ ალბომის ალტერნატიულ მიქსზე, რომელშიც 80-იანების სინთეზატორების ჟღერადობას ჩაანაცვლებდნენ რიჩარდ რაიტის უფრო ბუნებრივი ინსტრუმენტული ფრაგმენტებით, მაგალითად - საკონცერტო ჩანაწერებიდან. საბოლოოდ, 2014 წელს ცნობილი გახდა, რომ პროექტი შეჩერდა[3].

ფილმები და ტელევიზია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატელევიზიო სერიალი (1967)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი განიხილავდა პროექტს, რომელიც ეხებოდა დოკუმენტურ მასალას ფსიქოდელური საშუალებების შესახებ. ეს სატელევიზიო პროექტი არ განხორციელდა.

BBC-ის ერთსაათიანი გადაცემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს პროექტი ნახსენებია ჟურნალში „208“ (20 აპრილი, 1968). ინფორმაციის თანახმად, 1968 წელს არსებობდა BBC-ზე ჯგუფის შესახებ ერთსაათიანი გადაცემის მომზადების პროექტი.

„მტარვალი ხელმწიფე“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელეარხ ITV-ის ინიციატივით, რამდენიმე ბრიტანულ ჯგუფს უნდა დაეწერა მუსიკა საბავშვო სერიალისთვის „მტარვალი ხელმწიფე“ (ინგლ. Tyrant King). პინკ ფლოიდის გარდა ამ პროექტში მონაწილეობდნენ The Nice, Cream, The Moody Blues და T. Rex. ამ პროექტისგან არაფერი შემორჩა (თუმცა, ერთ-ერთი ეპიზოდი ეთერში 1968 წლის 3 ოქტომბერს გავიდა). უცნობია, საერთოდ გამოიყენეს თუ არა ჯგუფის მუსიკა.

ტელეფილმი-კონცერტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს ბრიტანულმა ტელევიზიამ გადაწყვიტა ადგილობრივი ჯგუფების კონცერტების გადაღება. წარმოდგენილი იქნებოდა მინიკონცერტები, ინტერვიუებით. დაგეგმილი იყო ფილმების ანდერგრაუნდულ კინოთეატრებში ჩვენება. 1968 წლის 10 სექტემბერს პინკ ფლოიდმა მონაწილეობა მიიღო 45 წუთიანი მასალის ჩაწერაში, რაც ნახსენებია გამოცემაში New Musical Express.

ითვლებოდა, რომ ფილმი დაკარგული იყო, თუმცა 2005 წლის ინტერვიუში როჯერ უოტერსმა იგი ახსენა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი არსებობს.

1969 წლის ზაფხულში (დაახლოებით) ჯგუფი მუშაობდა ამერიკული ანიმაციური სერიალის პროექტ „როლოს“ მუსიკაზე. სერიალის მთავარი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო „ბიჭუნა სახელად როლო, ხოლო მისი მეგობარი - პროფესორი შემქმნელი. სიუჟეტით, მათ უნდა ემოგზაურათ კოსმოსში სხვადასხვა იშვიათი არსების ძიებაში“[4].

დაგეგმილი იყო 26 ეპიზოდის გამოშვება. ყოველი მათგანის ხანგრძლივობა 30 წუთამდე იქნებოდა. სავარაუდოდ, ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, დაასრულეს მხოლოდ პირველ ეპიზოდზე მუშაობა და პროექტი დაიხურა.

არსებობდა „ვუდსტოკის“ მსგავსი საკონცერტო ფილმის პროექტი. ჯგუფის ამ ფესტივალზე გამოსვლის დროს „Interstellar Overdrive“ ფრენკ ზაპასთან ერთად შესრულდა[5]. რეჟისორმა მოამზადა მასალა, მაგრამ აუდიო ჩანაწერი ცუდი ხარისხის აღმოჩნდა. ეს ვიდეო საბოლოოდ ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში შევიდა.

პინკ ფლოიდის 1970 წლის ფილმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს აპირებდნენ ჯგუფის შესახებ ფილმის გადაღებას. რიჩარდ რაიტმა ეს არაერთხელ ახსენა. Melody Maker, 1970 წლის 12 სექტემბერი:

„საკუთარი ფილმის გადაღებაც გვსურს. აქამდე 3-4 საუნდტრეკი დავწერეთ. ბევრ შემოთავაზებაზე უარი გვითქვამს, მაგრამ თავად ნამდვილად განვიხილავდით ფილმის და მისთვის მუსიკის შექმნის იდეას.“

ფილმი მხატვრების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიან მაბენი, პომპეის ფილმის გადაღებამდე, დაინტერესებული იყო ჯგუფთან კიდევ ერთი თანამშრომლობით. არსებობდა იდეა, შეექმნათ ფილმი სხვადასხვა მხატვრის ნახატებით, რასაც დაერთვებოდა პინკ ფლოიდის მუსიკა. საბოლოოდ, პროექტი არ განხორციელდა.

1970 წლის ბოლოს ფრანგი რეჟისორი ჟორჟ ლოტნე განიხილავდა პროექტს კრისტოფის (ფრანგი მომღერლის) სიმღერებით - ფილმს „La Route de Salina“. თუმცა, სინამდვილეში, ლოტნეს სურდა უფრო მეტი როკ-სიმღერის შეტანა და იგი პინკ ფლოიდს გაესაუბრა[6]. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ მუშაობა შეწყდა. ფილმი გამოვიდა ნოემბრის ბოლოს, კრისტოფის და ჯგუფის Clinic სიმღერებით.

ფილმი რეი ბრედბერის მოთხრობის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიდევ ერთი პროექტი იყო საუნდტრეკი ფილმისთვის, რომელიც ეფუძნებოდა რეი ბრედბერის ერთ-ერთ მოთხრობას[7].

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი სტეფან ვული (პიერ პეირო) იყო ამ სერიალის სცენარის თანაავტორი. ამბავი მაყურებელს მოუთხრობდა უცხოპლანეტელი რობოტის შესახებ, რომელსაც ადამიანებთან გაუგებრობა მოუვიდოდა. სამწუხაროდ, გადაიღეს სერიალის მხოლოდ ორი ეპიზოდი. პინკ ფლოიდს უნდა დაეწერა მუსიკა ამ სერიალისთვის - იმ პერიოდში, როდესაც Obscured by Clouds-ზე მუშაობდნენ.

არსებობდა სურვილი, პინკ ფლოიდს დაეწერა სრულიად ახალი კომპოზიციები, მაგრამ შეთანხმება ორ მხარეს შორის არ შედგა. სავარაუდოდ, კოლექტივი უფრო მეტ დროს უთმობდა საუნდტრეკს. თუმცა, სერიალის შემქმნელებს უფლება მისცეს, გამოეყენებინათ რამდენიმე ძველი კომპოზიცია, ისევე, როგორც რამდენიმე - უკანასკნელი პერიოდიდან, ალბომიდან Meddle.

„დიუნი“ (საუნდტრეკი)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დიუნი“, ფილმი, რომელიც ეფუძნება ფრენკ ჰერბერტის რომანს, ალეხანდრო ხოდოროვსკის უნდა გადაეღო[8]. საუნდტრეკის ავტორებად ბევრს მოიაზრებდნენ, მათ შორის - მაიკ ოლდფილდს, Gong-ს, Tangerine Dream-ს და Magma-ს, თუმცა ხოდოროვსკის მხოლოდ პინკ ფლოიდი აინტერესებდა, ვინაიდან მუსიკოსები იცნობდნენ მის „თხუნელას“.

ხოდოროვსკი ჩამოშორდა ფილმს, როგორც რეჟისორი და საბოლოოდ „დიუნი“ დეივიდ ლინჩმა გადაიღო.

რეჟისორმა დარიო არჯენტომ ჯაზ-მუსიკოს ჯორჯო გალინის შესთავაზა ფილმისთვის „ალისფერი წითელი“ მუსიკის შექმნა[9]. მაგრამ მოგვიანებით მათი ურთიერთობა შეირყა. წარუმატებელი აღმოჩნდა პინკ ფლოიდთან მოლაპარაკებებიც, თუმცა საბოლოოდ მუსიკა დაწერა იტალიურმა პროგრესულმა როკ-ჯგუფმა Goblin.

კონცერტები და დადგმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორკესტრის და გუნდის პროექტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს, Atom heart Mother-ამდე დიდი ხნით ადრე, ძირითადად რიჩარდ რაიტს და სიდ ბარეტს ჰქონდათ ასეთი ჩანაფიქრი - დაახლოებით 1968 წლის მარტში ჩაეტარებინათ კონცერტები კლასიკური ორკესტრის და 100 კაციანი გუნდის მონაწილეობით. Record Mirror-ში დაიბეჭდა თარიღებიც, დადასტურებული ჯგუფის მენეჯმენტის მიერ. სიდთან დაკავშირებული ამბების გამო ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა, მაგრამ იდეები ნაწილობრივ გამოიყენეს 1969 წელს, რამდენიმე კონცერტზე და „Atom heart Mother“-ში (ისევე, როგორც რამდენიმე შემდგომ კონცერტზე).

ჯგუფი დაინტერესებული იყო შვედი ავანგარდი შემოქმედის, ტურე სიოლანდერის ნამუშევრებით. 1967 წლის ბოლოს, სკანდინავიური ტურნეს დროს, მის გამოფენებს ეწვივნენ, მოგვიანებით კი სცადეს აუდიო-ვიზუალურ შოუზე თანამშრომლობის შემოთავაზებით მასთან დაკავშირება. კერძოდ - 11 სექტემბერს ჯგუფის მენეჯერმა ენდრიუ კინგმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა[10].

ცეკვების სანახაობა ჰომეროსის „ოდისეის“ მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წლის დასაწყისში როჯერ უოტერსმა Melody Maker-თან საუბარში ახსენა, რომ ჯგუფი მუშაოდა ცეკვებით გაჯერებულ სანახაობაზე. იგი დაიდგმებოდა ჰომეროსის „ოდისეის“ მიხედვით. ბიუჯეტი იყო დაახლოებით 5000 აშშ დოლარი.

რამბლეს საბალეტო დადგმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამბლეს დასის საბალეტო დადგმისთვის მზადდებოდა ჯგუფის ახალი მასალა, საიდანაც ცნობილია მხოლოდ ერთი კომპოზიციის სახელწოდება - „Pawn to King 5“[11]. ნიკ მეისონი ამბობდა, რომ სურდა ამ მასალის ერთ-ერთ Immersion-გამოცემაში შეტანა.

მეხიკოს ოლიმპიადა'68

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს ჯგუფს შესთავაზეს მეხიკოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლა[12]. შემდეგ წელს ჯგუფში არსებულმა ცვლილებებმა, სავარაუდოდ, გავლენა იქონიეს ამ გეგმაზე.

Blackhill Enterprises-ის სანახაობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წლის დასაწყისში კინგის და ჯენერის Blackhill Enterprises-მა, რომელიც ჯგუფის საქმეებს განაგებდა, სცადა დიდი ბრიტანეთის ხელოვნების საბჭოს გრანტის მოპოვება - ახალი პროექტის დასაფინანსებლად. როჯერს ძალიან აინტერესებდა სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობით სასცენო სანახაობის დადგმა[13]. სავარაუდოდ, მოგვიანებით იდეები The Man and the Journey-ს შემუშავებისას გამოიყენეს. როჯერი:

„ამბავი იყო, რომელშიც სხვა ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. საგის მსგავსი, როგორიც არის "ილიადა", ანუ არ იქნებოდა უბრალოდ კონცერტი, რომელზეც გამოვიდოდნენ და წარადგენდნენ ჯგუფებს. იქნებოდა წამყვანი, სავარაუდოდ, ჯონ პილი და მასალაც ხარისხიანად შერჩეული იქნებოდა. იქნებოდა საქველმოქმედო სანახაობა. მაგალითად, ვისურვებდი, ართურ ბრაუნს დემონების მეფის როლი შეესრულებინა, პინკ ფლოიდის მუსიკით. გამოვიდოდა ამბავი, ზღაპრის მსგავსი. გამორჩეული სცენა კარგისა და ცუდის თემებით.“

რუდოლფ ნურეევის ბალეტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფთან როლან პეტის ბალეტის პროექტი საბოლოოდ განხორციელდა, რუდოლფ ნურეევის (უფრო ადრეული) - არა. ჯგუფი დაინტერესებული იყო მასთან და საბალეტო დასთან მუშაობით, რასაც აგრეთვე დაემატებოდა ტელეტრანსლირება. გამოსვლა უნდა გადაეღო რომან პოლანსკის. აგრეთვე წარმოიშვა მეორე იდეა - დადგმის, რომელიც აგებული იქნებოდა მარსელ პრუსტის ეპოპეაზე „დაკარგული დროის ძიებაში“. ჯგუფის წევრებმა მისი კითხვაც კი დაიწყეს. საბოლოოდ, პროექტი გაუქმდა.

ბალეტი უილიამ ბლეიკის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალეტებზე მუშაობის პერიოდში პინკ ფლოიდს ჰქონდა იდეა, დაედგათ კიდევ ერთი უილიამ ბლეიკის შემოქმედების მიხედვით (პროექტი ნახსენებია 1971 წელს, გაზეთში „Georgia Straight “).

The Final Cut-ის კონცერტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართალია, სხვადასხვა წყარო აღნიშნავს, რომ ჯგუფი არ აპირებდა ალბომის The Final Cut მხარდამჭერი ტურნეს გამართვას, როჯერი ახსენებდა, რომ ალტერნატივის სახით არსებობდა სატელევიზიო კონცერტის ვარიანტიც, თუმცა იგი სოლო ალბომით დაკავდა[14].

  1. დეივიდ, ტუპი. (ნოემბერი 2016) David Toop listens, finally, to the legendary John Latham recordings of Pink Floyd. Wire. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2017.
  2. შონ, მაიკლზი. (3 ნოემბერი 2014) Pink Floyd's Nick Mason suggests Endless River was written for Wachowski score. The Guardian. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2017.
  3. მაიკ, მეტლერი. (22 ოქტომბერი 2014) Producer Andy Jackson on Recording the Final Pink Floyd Album, The Endless River. Sound & Vision. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2017.
  4. შეფნერი, ნიკოლას (1991). Saucerful of Secrets, პირველი, Sidgwick & Jackson. ISBN 978-0-283-06127-1. 
  5. ჯოშ, ჯოუნსი. (19 აგვისტო 2015) The Night Frank Zappa Jammed With Pink Floyd … and Captain Beefheart Too (Belgium, 1969). Open Culture. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2017.
  6. Sex, Booze & Blues, ალან რივზი, 2014.
  7. "The Robesonian", 4 ნოემბერი 1971
  8. კოლინ, მარშალი. (28 ოქტომბერი) The 14-Hour Epic Film, Dune, That Alejandro Jodorowsky, Pink Floyd, Salvador Dalí, Moebius, Orson Welles & Mick Jagger Never Made. Open Culture. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2017.
  9. შეგერი, ნიკ. (11 ივნისი 2013) Our week of giallo continues with Dario Argento’s seductively menacing Deep Red. The AV Club. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2017.
  10. Selected Articles Concerning The Works Of Ture Sjolander. ექსპერიმენტული სატელევიზიო ცენტრი (2000). ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2017.
  11. ინფორმაცია Google Books-ზე
  12. New Musical Express-ის 1967 წლის გამოცემების სტატიების სათაურები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-01. ციტირების თარიღი: 2017-08-03.
  13. Pink Floyd work on a new art form, Melody Maker, 18 მაისი 1968
  14. დალასი, კარლ Bricks in the Wall, 1994