ქობულეთის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
Adjara-kobuleti-ka.svg

ქობულეთის მუნიციპალიტეტი  დროშა ქობულეთის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ქობულეთი

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

სიმჭიდროვე

123 [1] კაცი/კმ²

მერი

მირიან ქათამაძე     

ფართობი

711,8 კმ2

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 74 794 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 96.7%[2]
ბერძნები 2.3%[2]
რუსები 0.7%[2]
სომხები 0.2%[2]
აზერბაიჯანელები 0.1%[2]
უკრაინელები 0.1%[2]

ქობულეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს, ზღვის დონიდან 10 მ., ფართობი — 711,8 კვ.კმ. საშუალო წლიური ტემპერატურა 13–15 c. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000 მმ, კლიმატი — სუბტროპიკული.

მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ის მოქცეულია შავ ზღვას, მდინარე ჩოლოქსა და მესხეთის ქედს შორის. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 55 კმ.), სამხრეთ–დასავლეთით – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 24 კმ.), სამხრეთით – ქედის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 33 კმ.), სამხრეთ–აღმოსავლეთით – შუახევის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 21 კმ.). ზღვისპირა ზოლის სიგრძეა 24 კმ. მუნიციპალიტეტს უჭირავს 711,8 კმ2 ფართობი. მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი დანიშნულებით გამოიყენება 21 170 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რაც შეადგენს მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 29,4%–ს. მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 30252 ჰექტარს, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 42%–ს. დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება: კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, თიკერის აღკვეთილი თავისი ფლორითა და ფაუნით. იშვიათი მცენარეებითაა სავსე ისპანის ჭაობი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტყის რესურსების საკმაო რაოდენობისაა და ტყიანობის კოეფიციენტი 65%-ს აღემატება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყის შემქმნელი მერქნიანი სახებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია წიფელი, წაბლი და მურყანი.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: ქობულეთ–ჩაქვის ქედის ჩრდილო–დასავლეთი კალთა, შავიზღვისპირა ვაკე-დაბლობები და გორაკ-ბორცვიანი ზოლი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილია უმაღლესი მწვრევალებია ყანლი (2987 მ.), ხევა (2810 მ.), შამბალეთი (2688 მ.), სარიჩაირი (2686 მ.), საჩარხია (2616 მ.), ხინო (2599 მ). ქედის თხემზე არის აგრეთვე მწვერვალები: მტირალა (1381 მ), ჩაქვისმთა (1547 მ), საგუდისთავი (1700 მ) და პერანგა (2235 მ).

რელიეფი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული, ძირითადად, ეოცენური ვულკანური ქანებით: ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ–ბრექჩებით, ტუფ–ქვიშაქვებითა და ტუფ–კონგლომერატებით. ქედის კალთა დასერილია ხშირი მდინარული ქსელით. რელიეფში ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთახეობათა ფორმები. ქობულეთ–ჩაქვის ქედის ქვემო ნაწილსა და მიმდებარე ვაკე–დაბლობის მიჯნაზე მკვეთრად დანაწევრებული, ალაგ–ალაგ ზღვიური და მდინარეული ტერასებიანი გორაკ–ბორცვებია, რომელიც სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში შავ ზღვამდე აღწევს და წარმოშობს ფლატეს. მუნიციპალიტეტის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში უჭირავს მეოთხეული ნალექებით – თიხებით, ქვიშებითა და კონგლომერატებით აგებულ ჭაობიან, ქობულეთის ვაკე–დაბლობებს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით ვიწროვდება. მას ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნური სერები მიუყვება. მცირე ზომის ვაკე–დაბლობებია აგრეთვე დაბა ჩაქვთან და ჩაქვისწყლის შესართავთან.

მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულებით: ტორფი, ცეცხლგამძე თიხები, მაგნეტიტური ქვიშები. დიდი რაოდენობით მოიპოვება სამშენებლო ქვა, ქვიშა და ხრეში.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვისპირა ვაკე–დაბლობზე ძირითადად გავრცელებულია ალვიური, ეწერი და ჭაობის ტორფიანი ნიადაგები, გორაკ–ბორცვებზე კი წითელმიწები ჭარბობს, ზოგან ჩამოყალიბებულია ყვითელმიწები. ქობულეთ–ჩაქვის ქედის ქვემო ნაწილში გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგები, ზემო ნაწილში – გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი, მაღალმთიან ზონაში – კორდიანი (ალაგ–ალაგ კორდიან–ტორფიანი) მთის მდელოს ნიადაგები. ხევ–ხეობების ციცაბო უბნებზე კი საკმაოდ სუსტად განვითარებული ნიადაგებია.

სტიქიურ-გეოლოგიური მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვულკანოგენური წარმონაქმნები უმეტეს შემთხვევაში ქიმიურად გამოფიტულია და ხასიათდება მკვეთრად დაქვეითებული ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით. ეს გარემოება ხელსაყრელ პირობას ქმნის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარებისათვის. ამ პროცესების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ასევე რელიეფის მორფოლოგია. გრავიტაციული პროცესები (ჩამოქცევა, მეწყერი, ჩამოშლა) უმეტესად ვითარდება ციცაბო რელიეფის პირობებში, რომლის დახრის კუთხე 25%-ს აღემატება.

ფერდობების ამგები ქანების გაწყლიანება-გადამძიმებამ გამოიწვია ისედაც სუსტი სტატიკური წონასწორობის დარღვევა და გრავიტაციული პროცესების განვითარება. დაზიანებული ფართობების უმეტესობა გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს მეწყრული პროცესების აქტივიზაციაზე. სადრენაჟო არხები არ არის გაყვანილი სასოფლო გზების გასწვრივაც, რის გამოც წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადები უსისტემოდ მიედინება და ხელს უწყობს გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციას.

სტიქიური ბუნებრივი პროცესების განვითარებას ხელი შეუწყო XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მდინარეთა ხეობებიდან ინტენსიურად ქვებისა და ხრეშის ამოღებამ საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის, აგრეთვე საძირკვლისა და გზების მყარი გრუნტის შექმნისათვის. მთიან პირობებში, ტყეების გაჩეხვამ მშენებლობისა და შეშისათვის, აგრეთვე აფეთქებითა და მძიმეწონიანი ტრაქტორებით გზების გაყვანამ სოფლებში და ალპურ საძოვრებზე, ალპური საძოვრების გადატვირთვამ ჭარბი პირუტყვის ძოვებით.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ვაკე–დაბლობსა და გორაკ–ბორცვებზე ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მთებში სიმაღლის მატების შესაბამისად ჰავა ჯერ ზომიერად ნოტიო ხდება, შემდეგ – გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 13,50C– დან (ზღვისპირა ზოლში) - 30C–მდე (მთა ხინო). აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურა - 170C, ხოლო აბსოლიტური მაქსიმალური ტემპერატურა 420C. ნალექის საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000მმ–ს შეადგენს. უხვნალექიანობით გამოირჩევა შემოდგომა და ზამთარი. ვაკე–დაბლობ და გორაკ–ბორცვიან ნაწილებში იშვიათად იქმნება თოვლის საფარი. მთებში თოვლის საბურველის სიგრძე ზოგჯერ 5–6 მეტრსაც აღწევს და 6–7 თვის განმავლობაში ჩერდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირია ნისლი.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებითა და წყაროებით. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჩოლოქი. დეხვა, აჭყვა. ზემო და შუა დინებაში მთის ტიპის მდინარეებია. მდინარეებს ახასიათებს ღრმა და ვიწრო, ზოგან კანიონისებრი ხეობები. მდინარეები შერეული საზრდოობისაა და ძირითადად წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ადგილი აქვს წყალდიდობას, წყალმოვარდნა მოსალოდნელია წლის ნებისმიერ სეზონში. ზღვისპირა დიუნების აღმოსავლეთით გადაჭიმულია ჭაობების ზოლი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 სოფელში (ხალა, შუაღელე, კვირიკე, ხუცუბანი, ჩაქვი, ქობულეთი, ჭახათი, ლეღვა) გამოვლენილია მინერალური და თერმული წყლები.

ტბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინტრიშის ნაკრძალში, ხინოს მთის მიდამოებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზეა სარბიელის ტბა, ტბიყელის ტბა ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრზე მდებარეობს. ტბას გააჩნია ოვალური ფორმა, მისი მაქსიმალური სიღრმე 18-20 მეტრს აღწევს. ტბიყელის ტბა ატმოსფერული ნალექებით, გამდნარი თოვლითა და მიწისქვეშა წყლებით იკვებება. ტბის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწისქვეშა არხის გავლით ტბიდან გამოედინება 4 წყარო და მათგან იქმნება პატარა მდინარე. ტბაში მცირე რაოდენობით არის წყლის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. მასთან ახლოსაა ასევე ტბიყელისა და სიძერძალის ტბები. სოფელ ხინოში მდებარეობს შავი ტბა, რომლის ფართობი 21 648 კვადრატული მეტრია, მაქსიმალური სიღრმე კი 7 მეტრი

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1600–მდე სახეობის მცენარეა, მათ შორი 20%–ი რელიქტური და ენდემურია. ხელოვნურადაა გაშენებული ფიჭვი. ისპანის ჭაობი კი ტორფის შემქმნელი ხავსებით, ისლით, ჭილით, ლერწმითა და სხვა მცენარეებით არის დაფარული. გორაკ–ბორცვებსა და მთისწინებზე გაბატონებულია მარადმწვანე ქვეტყიანი კოლხური ტყეები, სადაც ჭარბობს მუხა, ცაცხვი, იფანი, ქვეტყეში – შქერი, წყავი, ბზა, მოცვი, იელი, თხილი, ლიანებიდან – სურო, სვია, კატაბალახა, გარეული ვაზი და სხვ. ტყეებში დიდი რაოდენობით იზრდება გარეული ხეხილი – მაჟალო, პანტა, ლეღვი, ზღმარტლი. 600-700 მ–დან 1500-1600 მ–მდე შერეული ფართოფოთლოვანი ტყის ზონაა, სადაც ძირითადად წიფელნარი ტყეები გვხვდება. აქ იზრდება აგრეთვე რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ბოყვი და ნეკერჩხალი. 1600-1700 მ–დან ტყეში წიფელთან ერთად გვხვდება ნაძვი, სოჭი და იშვიათად ფიჭვიც. ტყის ზემო საზღვართან ტანბრეცილა წიფლის, არყისა და ციცრელისაგან შექმნილი სუბალპური ტყეებია. 1900-2000მ ზემოთ სუბალპური მდელოებია, სადაც გავრცელებულია: ბასრისპირა, ნემსიწვერა, გერანიუმი, შვრიელა, წივანა, დიყი, დეზურა, შროშანა და სხვ. ბუჩქოვნებიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: დეკა, ისელი, მაჯაღვერი. მდელოებს მუნიციპალიტეტში იყენებენ საზაფხულო საძოვრებად.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრობს კურდღელი, შურთხი, მთის ტოროლა და სხვ. ტყის ზონაში გავრცელებულია ჭანური დათვი, მგელი, მელა, კვერნა, ტყის კატა, შველი და გარეული ღორი; ფრინველებიდან – ქორი, ძერა, ჯაფარა და შაშვი. ბარში მცირე რაოდენობით არიან: ტურა, მაჩვი, ზღარბი. მდინარეებში ბევრია: წვერა, ღორჯო, კეფალი, კალმახი. ჭაობიანი უბნებისათვის დამახასიათებელია ჭაობის კუ, ბაყაყი, ტრიტონი, ტბორებში – ლიმეა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთი განსაკუთრებით მდიდარია ქვის ხანის, ადრე ფეოდალური და ანტიკური ძეგლებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის ორი არქეოლოგიური ძეგლი (ხუცუბნისა და ქობობულეთის არქეოლოგიური ძეგლები) და ერთი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი (ჩაისუბანი).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარმოადგენდა ქვემო გურიას და შედიოდა გურიის სამთავროში. XV-XVIII საუკუნეებში მუდმივი დავის საგანი იყო გურიის სამთავროსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. 1774 წელს ის საბოლოოდ მიისაკუთრა ოსმალეთის იმპერიამ. საზღვარი მდინარე ცხრაფონაზე გაივლო. დაიწყო ამ მხარის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც ერთი საუკუნე გაგრძელდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ქმნიდა ჩურუქ-სუს ოლქს, რომელიზ ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა. რუსეთის იმპერიას ჩურუქ-სუს მიერთება შეეძლო 1829 წელს, მაგრამ ადრიანოპოლის ხელშეკრულებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო პირიქით, საზღვარმა უფრო ჩრდილოეთით გადაიწია და მდინარე ჩოლოქზე გაიარა.[1]

1865 წლის მონაცემებით ჩურუქ-სუში 16 სოფელი შედიოდა, სადაც 17 მეჩეთი და ათი მედრესე იყო, ხოლო ცხოვრობდა 3592 ქართველი მუსლიმი და 538 მუჰაჯირი. მოსახლეობა აწარმოებდა სიმინდსა და სამშენებლო ხე-ტყეს.[2] 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა თურქული გვარები, მაგრამ ახსოვდათ ქართული წარმომავლობა და იყენებდნენ ქართულ გვარებსაც[3]

ჩურუქ-სუს მითვისება რუსეთის იმპერიამ მოახერხა 1878 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ. რუსეთმა ის ბათუმის ოლქის შემადგენლობაში შეიყვანა. 1930 წლიდან ქობულეთი ცალკე რაიონია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს 2173 იძულებით გადაადგილებული პირი

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1865 4 130
1989 88 107 Increase2.svg
2002 87968 Decrease2.svg
2014 74794 Decrease2.svg

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 51 დასახლებული პუქნტია: 1 ქალაქი, 2 დაბა და 48 სოფელი. მუნიციპალიტეტში 21 ტერიტორიული ერთეულია: 1 ქალაქი, 14 თემი და 6 სოფელი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არის მსხვილი სამრეწველო დაწესებულებები. მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ისეთი სამრეწველო ობიექტები როგორიცაა სასოფლო პროდუქტების გადამუშავების, კომუნალური მეურნეობის და ვაჭრობის ობიექტები.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა – საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კილომეტრს. სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძეა 19 კმ, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე – 240 კმ. საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზები მთლიანად დაფარულია შავი საფარით, ხოლო ადგილობრივი მნიშვნეობის გზების მხოლოდ 67 კილომეტრია დაფარული შავი საფარით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 87 ხიდია, მათ შორის 5 საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, 10 - სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე და 72 - ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მდიდარია კოლხური ბზისა და უთხოვარის კორომებით, არის პატარა ტბები და ჩანჩქერები. კინტრიშის ხეობაში შემორჩენილია თაღოვანი ხიდები. შუა საუკუნეების ხიდებია კობალაურსა და ვარჯანაულში, ხოლო სოფელ ქობულეთის XIX საუკუნის ხიდი ამჟამადაც ფუნქციურად დატვირთულია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ქობულეთის აღკვეთილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნოზაძე ვ. „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, გვ. 8 — თბილისი, 1989
  2. Кавказский календарь на 1867 год : 22-й год. - 1866 გვ. 401
  3. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 18-20 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987