კვირიკეს ჯამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვირიკეს ჯამემეჩეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ცენტრში. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგებულია 1865–1866 (სხვა ინფრომაციით - 1860–1862) წლებში არჰაველი ლაზი ოსტატის მიერ. საბჭოთა პერიოდში იგი დანარჩენი აჭარული მეჩეთების მსგავსად, დაიკეტა და გამოიყენებოდა მარცცვლეულის საწყობად. ჯამეში ღვთისმმსახურება 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღდგა. 2015 წელს ჯამეს დაზიანებულ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქვს რეგიონისთვის დამახასიათებელი კვადრატულთან მიახლოებული გეგმარება. წარმოადგენს ქვის საძირკველზე შემოდგმულ ხის შენობას, რომლის ზომებია: სიგრძე 11.7 მეტრი, სიგანე 9,7 მეტრი, სიმაღლე 4.3 მეტრი. შენობა ძლიერად შვერილი კრამიტის სახურავით სრულდება. მდიდრულად მოჩუქურთმებული ბოძებითა და რიკულებით შემოჯარული შენობის პირველი სართული ღია აივნით ეხსნება გარემოს. ნაგებობა შიდა სივრცის გეგმარებით და ინტერიერის ფერადოვანი მოხატულობით გამოირჩევა. მდიდარია ოსტატურად შესრულებულ ხეზე კვეთის დეკორატიული ნიმუშებით.

ჯამეს მასიურ, მთლიანი ხისაგან დამზადებულ ორფა კარები, რომელიც ინტერიერის ერთადერთი შესასვლელია, შროშანის სტილიზებული რტო-ყვავილოვანი სახეებითა და წნულებით არის შემკული. ღია კარების სილუეტი თაღისებური კონფიგურაციის მქონეა და მოჩუქურთმებული წნულებით არის ამოკვეთილი კარის საპირეც. კარები შიდა მხრიდან დამაგრებულია რკინის ორიგინალურ საკიდებზე, რომელზეც ოსტატის მიერ ამოკვეთილია ორნამენტი და აგების თარიღი 1865–1866. ჯამეს ბოძები და რიკულები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული; შემოჯარულია ღია აივნით პირველ სართულზე. კვირიკეს ჯამე აჭარული საცხოვრებელი სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას წარმოადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირიკეს ჯამე (ბუკლეტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). თანაავტორები: მ. ჭიჭილეიშვილი, რ. ბარამიძე და სხვ. ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. ბათუმი. 2009
  • რ. ბარამიძე, მუსლიმური საკულტო ძეგლები (აჭარა), ბათუმი, 2010, გვ.16-17
  • ნ. დემურიშვილი, მუსლიმური ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოში, თბ., 2010
  • ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში. ბათუმი, 2010, გვ. 506

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11693

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]