შინაარსზე გადასვლა

პეტრას ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პეტრა.
პეტრა. ციხე-ქალაქის ნაშთი
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება 535 წლით
პეტრას ციხე — საქართველო
პეტრას ციხე
პეტრას ციხე ვიკისაწყობში

პეტრა (ბერძ. Πέτρα — ქვა, კლდე) — ისტორიული ციხე-ქალაქი ეგრისის სამეფოში, თანამედროვე სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე[1].

პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“ — ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა.

მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს, გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.

პეტრის ლოკალიზაციის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებაც.

პეტრამ დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული (ამ დროს მას შეეხო შვეიცარიელი არქეოლოგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე) დღემდე ამ ციხე-ქალაქის თავგადასავალი ისტორიკოსთა განხილვის საგანია. აქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრა ჩატარდა პირველი 1934 წელს ს. ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე 1953 წელს ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით. 1908 წელს აქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.). ნ. ხოშტარიას აზრით გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა.

პეტრას კათედრალილაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი, პეტრას ციხეში არსებული კვადრატული ნაგებობა, მდებარეობს შიდაციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლის სიახლოვეს (3-4 მეტრის მოშორებით). მოღწეული კედლების სიმაღლეა 2,5 მ. ამ ნაგებობაში პეტრელი მვდელთმთავრის საკათედრო ტაძარი უნდა ყოფილიყო. საეპისკოპოსო კათედრა VI საუკუნეში დაარსდა და კარგა ხანს არსებობდა (ერთიანდებოდა ფაზისის მიტროპოლიაში), ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. IX საუკუნეში პეტრას კათედრის გაუქმების შემდეგ საეპისკოპოსო ცენტრმა ხინოწმინდაში გადაინაცვლა.

პეტრელ მღვდელთმთავრებიდან ცნობილია იოანე პეტრელი ეპისკოპოსი, რომელიც 692 წლის საეკლესიო კრებას დასწრებია.

პეტრელი ეპისკოპოსის იურისდიქცია საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ქვემო გურიის, აჭარისა და რიზეს მხარეც ერთ დროს მისი სამწყსო ყოფილა. მოგვიანებით, ერთიანი ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის ხანაში, როცა საეკლესიო პარტიკულარიზმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი შეიცვალა საეკლესიო ცენტრების ისტორიული გეოგრაფია და საეპისკოპოსო კათედრამ პეტრა-ქჯეთიდან ხინოწმინდაში გადაინაცვლა.

ბიზანტიელთა მიერ დიდი ციხე-ქალაქის აგებამდე აქ ლაზთა მცირე სიმაგრე (პროკოფი კესარიელის სიტყვით „უმნიშვნელო“) ყოფილა, მაგრამ მისი კვალი აღარ შეინიშნება.

ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს, რომელსაც ამ იმპერატორის პატივსაცემად „იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდეს (535 წლის ნოველა).

პეტრამ ბიზანტიურ ხანაში დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ს. ჯანაშია ამ ციხე-ქალაქის როლს თბილისის როლთან აიგივებდა.

ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მდლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუაწლებში ეგრისის დიდი ომისა. ომის განმავლობაში პეტრასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა.

საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, როგორც ჩანს, აქ ქალაქი აღარ არსებობდა, X საუკუნიდან უნდა გაუქმებულიყო საეპისკოპოსოც, თუმცა ციხემ შემდგომშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ქაჯისციხეს უწოდებდნენ.

ვენეციელი დესპანის ამბროზიო კონტარინის ცნობით XV საუკუნის 70-იან წლებში აქ კიდევ ყოფილა პატარა ქალაქი, რომელსაც იგი დამახინჯებული ფორმით „კალტიხეა“-ს (ქაჯეთის ციხე) უწოდებს.

1760-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს და გაამაგრეს. ყირიმის ომის დროს აქ მათ 25 ზარბაზანი ედგათ. რუსეთ-თურქეთის ომებისას (XIX ს.) ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით. ციხის დასავლეთი ნაწილი ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს მე-19 საუკუნეში ააფეთქეს.

პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
41°46′10″ ჩ. გ. 41°45′27″ ა. გ. / 41.76944° ჩ. გ. 41.75750° ა. გ. / 41.76944; 41.75750
დაარსდა 1989
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა ეგრისის სამეფო
სტატუსი ისტორიული
ექსპონატი 7 678
Map

ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები 1987 წლიდან მიმდინარეობს. 1989 წლიდან ფუნქციონირებს პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმში დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც მოიცავს პერიოდს ბრინჯაოს ხანიდან ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით: არქიტექტორული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, VIII-VI საუკუნეების სადგომელების მასალები, სამსხვეპრლოსა და IV-V საუკუნეების ნაგებობის (ე. წ. „ვილის“) ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური მასალა და სხვა. ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 7 ჰექტარს.

  • მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 42.
  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: