შინაარსზე გადასვლა

ორნითოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორნითოლოგია (ძვ. ბერძნ. ὄρνις [ornis] ნათ. ბრ. ὄρνιθος [ornithos] — „ფრინველი“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც ყოველმხრივ შეისწავლის ფრინველებს: მათ ანატომიურსა და მორფოლოგიურ თავისებურებებს, ბიოლოგიას, გამრავლებას, ეკოლოგიას, მოსახლეობას, გეოგრაფიულ გავრცელებას, ქცევებსა (ეთილოგია) და ფიზიოლოგიას, ხმებს (ბიოაკუსტიკა), პერიოდულ და არაპერიოდულ მოვლენებს მათ ცხოვრებაში, მიგრაციებსა და ორიენტაციას, ფრენის ტიპებსა და მათ ბიომექანიკურ საფუძვლებს, ფილოგენიას (პალეორნითოლოგია), განვითარების თავისებურებებს (ემბრიოლოგია) და მსგავსება-განსხვავების ქორდიანთა ტიპის სხვა კლასების წარმომადგენლებთან (შედარებითი ანატომია), მათ როლს ბიოსფეროში, სისტემატიკას და ციტო-გენეტიკურ საფუძვლებს (კარიოსისტემატიკა), მათი დაცვა-აღწარმოების მეცნიერულ საფუძვლებს.

ტერმინი „ორნითოლოგია“ შემოიღო იტალიელმა ბუნებისმეტყველმა ულისე ალდროვანდიმ XVI საუკუნის ბოლოს.

ფრინველები დასაბამიდან იწვევდნენ ადამიანის ინტერესს. მათ გამოსახულებას ჩვენ ვპოულობთ ჯერ კიდევ უძველესი ადამიანის ნახატებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის გამოქვაბულებში და კლდეებზე გვხვდება. გვხვდება ისინი ეგვიპტურ იეროგლიფებშიც, ლურსმულ წარწერებსა და სხვაგან. გარდა ამისა, ფირნველები ფიგურირებენ თითქმის ყველა ხალხების მითოლოგიაში.

ორნითოლოგიის ისტორია იწყება ძვ. წ. IV საუკუნეში და უკავშირდება არისტოტელეს სახელს. მისი ზოოლოგიური ხასიათის ნაშრომი, როგორც ვარაუდობენ, სწორედ ლიკეიში წაკითხული ლექციების კონსპექტები უნდა იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სამი ნაშრომი, კერძოდ: „ცხოველთა ისტორია“, „ცხოველთა ნაწილების შესახებ“ და „ცხოველთა წარმოშობის შესახებ“ — ფაქტობრივად, იმდროინდელი ცოდნის თვალსაზრისით ენციკლოპედიაა. „ცხოველთა ისტორიის“ III წიგნში მოცემულია ფრინველთა ანატომიურ-მორფოლოგიური თავისებურებები. VIII წიგნში — მასალა მიგრაციების შესახებ, ხოლო IX წიგნში კი აღწერილია 160 სახის ფრინველი, რომელთაგან, აღწერილობის მიხედვით შეიძლება ნამდვილად ვიცნოთ 125. მართალია, კლასიფიკაციას არისტოტელესთვის არ ჰქონდა წამყვანი მნიშვნელობა, მაგრამ მან იმდენი ფაქტობრივი მასალა მოიშველია, რომ სამართლიანად ითვლება „ბიოლოგიის (ზოოლოგიის) მამად“.

I საუკუნეში, ძველ რომში შექმნილი საბუნებისმეტყველო ნაშრომებიდან, მონაცემებს ფრინველთა შესახებ შეიცავს გაიუს პლინიუს უფროსის „ბუნებისმეტყველების ისტორია“ 37 წიგნად. მათ შორის 5 წიგნი ეძღვნება ზოოლოგიას (VI-X), რომელთაგან მონაცემები ფრინველების შესახებ თავმოყრილია X წიგნში. ეს ნაშრომი ახალს არაფერს შეიცავს არისტოტელესგან განსხვავებით, მისი მეცნიერული დონე კი გაცილებით დაბალია. აღნიშვნის ღირსია ბერძნულად მწერი რომაელი კლავდიუს ელიანესი (გ. 140), რომელმაც და გვიტოვა კომპოზიციური ხასიათის ნაშრომი ცხოველთა (ფრინველთა) თავისებურებებზე.

ძველი დროის სხვა მეცნიერებს, რომლებიც წერდნენ ცხოველების შესახებ, მნიშვნელოვანი არაფერი დაუტოვიათ. ჩვენამდე მოღწეული არისტოტელეს არაბულად ნათარგმნი ხელნაწერების ლათინურად თარგმნა დაიწყეს ჯვაროსნული ომების დროს მათი ხელში ჩაგდების შემდეგ.

ადრეულ შუა საუკუნეებში პირველი და ერთადერთი ავტორი, რომლის სახელსაც უკავშირდება ერთგვარი პროგრესი ორნითოლოგიურ კვლევაში — არის გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ II. იგი ინიციატორი იყო არისტოტელეს ერთ-ერთი ნაწერის არაბულიდან ლათინურზე თარგმნისა. დაახლოებით 1247 წელს კი თვითონ შექმნა არისტოტელეს შემდეგ მნიშვნელოვანი ტრაქტატი ფრინველების შესახებ — „ფრინველებით ნადირობის ხელოვნების შესახებ“. ნაშრომი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ძირითადად, ეყრდნობა ავტორის საკუთარ დაკვირვებებსა და მონაცემებს (გამოიცა 1596 წელს აუქსბურგში, 1788 წელს ლაიპციგში, 1916 წელს მიუნჰენში). აქვე აღნიშვნის ღირსია ფრიდრიხ II-ის თანამედროვის — ალბერტ დიდის ნაშრომი (De animalibus), რომელშიც აღწერილია ფრინველები (ძირითადად არისტოტელეს მიხედვით).

XVI საუკუნის შუა წლებში გამოქვეყნდა რამდენიმე შემაჯამებელი ორნითოლოგიური ხაისათის ნაშრომი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მეცნიერების შემდგომ განვითარებას. 1554 წელს კელნში გამოქვეყნდა ინგლისელი უილიამ ტურნერის წიგნი — „იმ ფრინველების მოკლე და შეკუმშული ისტორია, რომლებიც მოყვანილი ჰყავთ პლინიუსს და არისტოტელეს“. 1551-1587 წლებში გამოიცა შვეიცარიელი მეცნიერის კონრად გესნერის 6-ტომიანი მონოგრაფია „ცხოველთა ისტორია“, რომლის III ტომში მოცემულია 188 სახის ფრინველის აღწერა. 1555 წელს პარიზში პიერ ბელონის ორნითოლოგიური თხზულება 7 წიგნად „ფრინველთა ბუნების აღწერილობა...“, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ორიგინალური კვლევაა და დამყარებულია ავტორის მიერ მოგზაურობების შედეგად მიღებულ მონაცემებზე. აღწერილი აქვს 300-მდე სახის ფრინველი, გაკეთებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა. 1599-1603 წლებში გამოიცა ბოლონიელი მეცნიერის ულის ალდროვანდის ენციკლოპედიური ხასიათის 3-ტომიანი „ორნითოლოგია“, რომელშიც კ. გესნერის გავლენა. აღსანიშნავია, რომ ალდროვანდიმ კოლექციების მიხედვით აღწერა ახალი სახის ფრინველები.

ამრიგად, არისტოტელე, ფრიდირხ II და ბელონი შეიძლება ჩაითვალოს ფრინველთა ანატომიური შესწავლის ფუძემდებლებად. მათი მეთოდოლოგიურ მემკვიდრედ ითვლება უილიამ კოიტერი, რომელმაც 1573 წელს გამოსცა კლასიკური ანატომიის წიგნი, რომელშიც თავმოყრილია ცნობები ფრინველთა ანატომიის შესახებ და გაკეთებულია რიგი აღმოჩენები. ოსტეოლოგიური ხასიათის ნამუშევრები ეკუთვნის კ. ვან-დიკს (1680), შელჰამერს (1688), მურალტოს (1688); მორფოლოგიური — ნ. სტენონს (1673), ბერილის (1680); ფრინველთა სხვადსხვა შინაგანი ორგანოები აღწერილი აქვთ: კონსენტინუსს (1663), ნ. გრუს (1681), ფ. დე-აკვაპენდენტეს (1618), მ. ჰოფმანს (1641), გრააფს (1664), კასერინის (1615, 1618), ჰარვეის (1628, 1651), ო. იაკუბეუსს (1673), ტ. ვილისს (1664), შნეიდერს (1655), რ. ჰუკს, ი. დუვერნეს და კ. პეროს (1670); ზოგადორნითოლოგიური ხასიათის ნაშრომებიდან აღსანიშნავია ჯონსტონის მიერ 1650 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც შეიცავს ცნობილი ფრინველების მოკლე აღწერილობებს, 62 შავ-თეთრი ტაბულით.

ზემოაღნიშნულმა ნაშრომებმა ინტერესი გააღვიძა ფრინველებისადმი, ისე, როგორც ზოგადად ზოოლოგიისადმი. შეიქმნა მეცნიერული წრეები, რომლებმაც დაიწყეს ბუნებისმეტყველებისა და მისი ცალკეული დარგების ინტენსიური შესწავლა. ამ წრეების ბაზაზე მოგვიანებით შეიქმნა უმნიშვნელოვანესი დაწესებულებები: ნეაპოლის ბუნების საიდუმლოებათა აკადემია (1560), რომის ფიცხვერების აკადემია (1590), ინგლისის სამეფო საზოგადოება, ე. ი. ინგლისის მეცნიერებათა აკადემია (1645), გერმანიის ბუნებისმეტყველთა აკადემია, შემდგომში გერმანიის საბუნებისმეტყველო-საისტორიო აკადემია (1652) და სხვა. დაიწყო ცდები ცოცხალი ბუნების სისტემატიკური თვალსაზრისით განხილვა. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ფ. ვილოუბის და ჯ. რეის კლასიფიკაცია. ყურადღების ღირსია ჯ. რეის დამოუკიდებელი წიგნი, რომელიც მან 1713 წელს გამოსცა (Synopsis methodica avium). რეის უდავო დამსახურებაა ის, რომ მან პირველმა შემოიღო ახალი ტაქსონომიური ერთეული — სახე. ფრინველთა სისტემატიზაციის ცდა ეკუთვნის აგრეთვე ინგლისის მეფე კარლოს II-ის კარის ექიმს ვალტერ ჩარლეტონს, რომელმაც 1668 წელს გამოსცა „ზოოლოგიის ონომასტიკონი“, რომელშიც მოცემული აქვს ფრინველთა კლასიფიკაციაც.

1735 წელს გამოქვეყნდა შვედი მეცნიერის, თანამედროვე მეცნიერული სისტემატიკის ფუძემდებლის კარლ ლინეს „ბუნების სისტემაში“ (Systema Naturae). 1760 წელს ლინეს ნაშრომზე დაყრდნობით ბრისონმა თავის ნაშრომში „ორნითოლოგია“ 6 ტომად აღწერა 1500 სახის ფრინველი.

XVIII საუკუნის ორნითოლოგიური ნაშრომებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჟორჟ ბიუფონის 10-ტომიანი მონოგრაფია „ფრინველთა ისტორია“ (Histoire des oiseaux), რომელშიც მოცემულია ცნობები მსოფლიოს ფრინველებზე, ამასთან ყურადღება გამახვილებულია მათ ბიოლოგიაზე. ამ წიგნის 7-ტომიანი დამატება 1774-1789 წლებში გამოსცა ლასეპედმა.

ორნითოლოგიური სისტემატიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგი მეცნიერის ჟორჟ კუვიეს 1798 წლის ნაშრომს (Tableau elementaire de l'Histoire Naturelle des Animaux), რომელშიც დაკონკრეტებულია სახის ცნება, შემოღებულია ოჯახის ტაქსონი. სისტემატიკური კვლევის დახვეწისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რეომიურის მიერ ფრინველთა ფიტულა დოდოჩების დამზადების ახალი, შემსუბუქებული და მაღალეფექტური მეთოდის შექმნას.

XIX საუკუნის დასაწყისში გამოიცა რიგი ფაუნისტური ხასიათის ნაშრომი, რომელთა შორის აღსანიშნავია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის პეტრე პალასის მონოგრაფია (Zoographia Rosso-Asiatica...), რომელშიც მოცემულია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში თავმოყრილი ყველა ექსპედიციის შედეგები, საკუთარი მოგზაურობის შედეგად მიღებული მონაცემები და სხვა.

მრავალრიცხოვანი ფაუნისტური გამოკვლევებიდან აღსანიშნავია 1831 წელს გამოცემული ქრისტიან ლუდვიგ ბრემის (ბრემი-მამას) წიგნი გერმანიის ფრინველებზე, რომელშიაც ავტორმა პირველად გამოიყენა ქვესახეებისათვის განკუთვნილი ლათინური დასახელება, რაც შემდგომში განავრცო შლეგელმა (1844). 1833 წელს გლოგერმა აღმოაჩინა კანონი, რომლის მიხედვით ცივსა და მშრალი ჰავის პირობებში მობინადრე სახეები უფრო ბაცად, მქრქალად არიან შეფერილნი, ვიდრე თბილსა და ტროპიკულ ჰავაში მცხოვრებნი („გლოგერის კანონი“). 1826 წელს ნ. ავიგორსმა ოჯახის სახელწოდებების დაბოლოებათა უნიფიცირებისათვის, შემოიღო გვარის სახელწოდებისათვის — idae დამატება, რასაც უდაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

1859 წელს ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა ნაშრომი გალაპაგოსის მთიულებზე, შექმნა, ორგანული სამყაროს ევოლიციური თეორია, რომელმაც სტიმული მისცა გამოკვლევებს ფილოგენიასა და შედარებით მორფოლოგიაში. დარვინის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მიმდევარმა თომას ჰაქსლიმ 1867 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში განიხილა ფრინველები ევოლუციური თვალსაზრისით და ქვეწარმავლებთან ერთად გააერთიანა ისინი ერთ საერთო ზეკლასში — ხვლიკისებრნი (Sauropsida), აგრეთვე დააჯგუფა ყველა სახის ფრინველი სასის აგებულების მიხედვით.

XIX საუკუნის ბოლოს გამოსული მრავალრიცხოვანი ორნითოლოგიური ლიტერატურიდან ყურადსაღებია კლაინშმიდტის სისტემატიკური ხასიათის ნაშრომები, რომლებშიც ავტორმა ქვესახის კონცეფციაში პირველად გამოიყენა, როგორც მორფოლოგიური, ისე გეოგრაფიული მიდგომა. შემდგომში ეს კონცეფცია საფუძვლად დაედო ერნსტ ჰარტერტის 1903-1922 წლებში გამოცემულ კლასიკურ მონოგრაფიას პალეარქტიკის ფრინველებზე (Die Vogel der Paläarktischen Fauna) და ერვინ შტრეზემანის მრავალრიცხოვან ნაშრომებს. დიდი მნიშვნელობა ფრინველთა სისტემატიკის ანატომიური წინამძღვრების შემუშავებაში მიუძღვის ხ. ნიტცშს, რომელმაც დაგვიტოვა დაწვრილებითი და დეტალური აღწერილობა ფრინველთა ცალკეული ჯგუფებისა და სახეების შებუმბლვისა. თ. ჰექსლის გაუჩნდა ავტორიტეტული მიმდევარი მ. ფიურბრინგერი, რომელმაც 1888 წელს ამსტერდამში გამოსცა 2-ტომიანი მონოგრაფია ფრინველთა წარმოშობის, ანატომიისა და სისტემატიკის შესახებ. მან დაყო ფრინველები ორ ქვეკლასად: ხვლიკკუდიანები (Saururae) და მარაოკუდიანები (Orniturae).

XIX საუკენეში გამოვიდა მრავალი წიგნი და მონოგრაფია ფრინველებზე, რომელთაგან შეიძლება გამოიყოს: ა. დემარეს (1805) ნაშრომი ტანაგრების, მანაკინებისა და ტოდის შესახებ; ვიეილროს (1802), ლევაიანის (1801-1804), კ. ტემინსკის (1813-1815) წიგნებიგულდის წიგნი კოლიბრებზე, ტროგონებსა და ტუკანებზე; სიბომის მონოგრაფია ყაპყაპებსა და შაშვებზე; შარპის მონოგრაფია ალკუნებსა და მერცხლების შესახებ; მალიარბის მონოგრაფია კოდალებზე; შლეგელის მონოგრაფია სკვინჩებზე; ელიოტის მონოგრაფია ხოხბებზე; ლესონის წიგნი კოლიბრებსა და სამოთხის ფრინველებზე; ფინშის მონოგრაფია თუთიყუშებზე; სკლეტერის წიგნი იაკამარებზე და მრავალი სხვა.

საქართველოს ფრინველებზე მნიშვნელოვანი ცნობები დაგვიტოვეს გ. რადემ, კ. სატუნინმა. პირველი ქართული მეცნიერული ნაშრომი ორნითოლოგიაში ეკუთვნის პ. საყვარელიძეს, რომელმაც 1913 წელს გამოსცა სტატია ქართლის ფრინველებზე. მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვთ ი. ჩხიკვიშვილს, ა. ჯანაშვილს, ლ. ჩინჩალაძეს, რ. ჟორდანიას, მ. კუტუბიძეს. 1973 წლიდან თსუ-ში იკითხება ორნითოლოგიის კურსი.

  • ჟორდანია რ., „ზოგადი ორნითოლოგია“, თბილისი, 1997

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]