მედრესე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულუღ ბეგის მედრესე სამარყანდში

მედრესე ან მადრასა — საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელი მეჩეთში ან მეჩეთთან, სადაც ასწავლიდნენ სუნიტური ისლამის რელიგიას და იურიდიულ დოგმებს, ამზადებდნენ სასულიერო (ყადი, მუფტი, ხატიბი) და საერო მოხელეებს.

პირველი მედრესე გაჩნდა X საუკუნეში ირანში (ქალაქ ნიშაბურში). შემდეგ გავრცელდა მუსლიმურ ქვეყნებში ცენტრალური აზიიდან ესპანეთამდე. ბევრი მედრესე იყო რევოლუციამდელ რუსეთში მუსლიმანებით დასახლებულ რაიონებში (ცენტრალური აზია, ვოლგისპირეთი). თურქების მიერ დაპყრობილ საქართველოს სამხრეთ ნაწილში მედრესეები, როგორც ჩანს, დაწყებითი და საშუალო სასწავლებლები იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბათუმის, ქობულეთის, ქედის, ხულოს და სხვა მედრესეები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასა და საბჭოთა სასკოლო სისტემის გავრცელებასთან ერთად 1928 წლისათვის საქართველოში მედრესეები აღარ მოქმედებდა.

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში მოქმედებს საერო და სასულიერო მედრესე.

მედრესე, როგორც არქიტექტურული ნაგებობის ტიპი, X-XI საუკუნეებში ჩამოყალიბდა მუსლიმური სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილში, ნიზამიესი ხარგერდში (ირანი XI საუკუნე). XII-XIII საუკუნეებიდან მედრესეები ააშენეს ახლო აღმოსავლეთში (ალ-ნურია ალ-ქუბრას მედრესე დამასკოში XII საუკუნე), XIII-XIV საუკუნეებიდან კი აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში (ჰასანის მედრესე კაიროში XIV საუკუნე). მედრესე წარმოადგენს 1-2 სართულიან შენობას. იგი მოიცავს გეგმით მართკუთხა ეზოს ირგვლივ განლაგებულ სენაკებს, მეჩეთს, აუდიტორიებს, სხვადასხვა მხარის მედრესეები ერთმანეთისაგან განსხვავდება კონსტრუქციულად და დაგეგმარებით. მედრესეს უხვად ამკობდნენ სტუკზე, ქვასა და ხეზე ამოკვეთილი ორნამენტით. საქვეყნოდ ცნობილია ბუ-ინანიის მედრესე ფესში (XIV საუკუნე), ულუღ ბეგის სამარყანდში (XV საუკუნე), მირი არაბისა ბუხარაში (XVI საუკუნე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]