ლაზისტანის სანჯაყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლაზისტანის სანჯაყი (თურქ. Lazistan Sancağı) — ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული ოსმალეთის იმპერიაში, შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1547 წელს ოსმალეთის იმპერიამ ჭანეთი და აჭარა წაართვა გურიის სამთავროს. ამის შემდეგ ისტორიულ ჭანეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ლაზისტანის სანჯაყი, რომელის ტრაპიზონის ვილაითში შედიოდა. სანჯაყის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი რიზე, მოგვიანებით ბათუმი, ხოლო 1878 წლიდან — კვლავ რიზე. სანჯაყს მართავდა მუთასარიფი, ანუ გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პორტას, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას. სანჯაყი იყოფოდა ოთხ კაზად.

1865 წლისთვის ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა 11 კაზა: ბათუმი, ჩურუქ-სუ, ზემო აჭარა, ქვემო აჭარა, მაჭახელი, ლივანა, გონიო, ხოფა, არჰავი, ჰემშინი, ათინა. მისი მოსახლეობა შეადგენდა 79610 ადამიანს. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ბათუმი, ხოფა და ართვინი. ლაზისტანის სანჯაყში იწარმოებოდა წელიწადში 30000 კილო სიმინდი, 18 ათასი ოყა ფეტვი, 12 ათასი ოყა თევზის ცხიმი, 10 ათასი ოყა თაფლი. ქარხნული წარმოება განვითარებული არ ყოფილა. მოსახლეობას ჰქონდა შენარჩუნებული ქართული იდენტობა და საუბრობდა ქართულად. სანჯაყის წლიური შემოსავლები შეადგენდა 1930304 პიასტრს, ხოლო ადმინისტრაციის ხარჯები — 930032 პიასტრს[1]

ლაზისტანის სანჯაყის კაზები იმართება მუდირების საშუალებით, რომლებიც დანიშნულნი არიან ლაზეთის მუტესარიფის მიერ.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1873 წლის რუსეთის იმპერიის პერიოდულ გამოცემაში დაცულია შემდეგი ცნობები ლაზისტანის სანჯაყის კაზების შესახებ:

ბათუმის კაზაში იდგა 1076 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 8327 კაცს, სადიდანაც მუსულმანი — 3037, მართლმადიდებელი ბერძენი — 186, სომეხი-გრიგორიანელი — 93, სომეხი-კათოლიკი — 11; ამის გარდა 651 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 3324 კაცი.

კაზაში შედიოდა 48 სოფელი, 14 კვარტალი, 24 მეჩეთი, 1 ტეკე (დერვიშების მონასტერი), 88 წყლის წისქვილი სიმინდისთვის, 96 წყლის წისქვილი ხორბლისა და ბრინჯისათვის, ტყავის ქარხანა, 3 თურქული აბანო, 875 დუქანი, 26 ყავახანა, 1 მინერალური წყლების აბანო და 1 ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია.

ჩურუქ-სუს კაზაში იდგა 1283 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 3592 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 120 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 538 კაცი.

კაზაში შედიოდა 16 სოფელი, 6 კვარტალი, 17 მეჩეთი, 18 წყლის წისქვილი, 145 დუქანი და 5 ყავახანა.

ზემო აჭარის კაზაში (ულია) იდგა 1727 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 5810 კაცს (მუსულმანი).

კაზაში შედიოდა 22 სოფელი, 85 კვარტალი, 30 მეჩეთი, 105 წყლის წისქვილი, 15 დუქანი და 2 ყავახანა.

ქვემო აჭარის კაზაში (სუფლია) იდგა 1800 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 9670 კაცს (მუსულმანი).

კაზაში შედიოდა 38 სოფელი, 11 კვარტალი, 39 მეჩეთი, 68 წყლის წისქვილი და 28 დუქანი.

მაჭახელის კაზაში იდგა 1313 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 4485 კაცს (მუსულმანი).

კაზაში შედიოდა 26 სოფელი, 29 მეჩეთი, 99 წყლის წისქვილი და 21 დუქანი და 2 ყავახანა.

ლივანის კაზაში იდგა 5309 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 18170 კაცს, საიდანაც მუსულმანი — 16559, სომეხი-კათოლიკი — 1229, სომეხი-გრიგორიანელი — 280 და მართლმადიდებელი ბერძენი — 102 იყო.

კაზაში შედიოდა 114 სოფელი, 9 კვარტალი, 114 მეჩეთი, 150 წყლის წისქვილი, 4 ტყავის ქარხანა, 2 სამხერხაო, 2 თურქული აბანო, 1 მინერალური წყლების აბანო, 4 სომხური ეკლესია, 228 დუქანი და 9 ყავახანა.

გონიოს კაზაში იდგა 1302 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 3806 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 338 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს.

კაზაში შედიოდა 50 სოფელი, 43 კვარტალი, 31 მეჩეთი, 94 წყლის წისქვილი, 3 სამხერხაო, 54 დუქანი და 6 ყავახანა.

ხოფის კაზაში იდგა 1287 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 4200 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 18 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 90 კაცი.

კაზაში შედიოდა 28 სოფელი, 28 კვარტალი, 27 მეჩეთი, 77 წყლის წისქვილი, 78 დუქანი და 7 ყავახანა.

არჰავის კაზაში იდგა 2329 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 6530 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 20 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 100 კაცი.

კაზაში შედიოდა 60 სოფელი, 12 კვარტალი, 55 მეჩეთი, 324 წყლის წისქვილი, 162 დუქანი და 4 ყავახანა.

ჰემშინის კაზაში იდგა 1548 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 6322 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 92 სახლი ეკუთვნოდათ ბერძნებს და სომხებს, მოსახლეობით 82 კაცი.

კაზაში შედიოდა 43 სოფელი, 67 კვარტალი, 40 მეჩეთი, 94 წყლის წისქვილი, 10 დუქანი, 1 მინერალური წყლების აბანო, 1 სომხური ეკლესია და 1 ყავახანა.

ათინას კაზაში იდგა 2298 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 8015 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 50 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 162 კაცი.

კაზაში შედიოდა 67 სოფელი, 20 კვარტალი, 14 მეჩეთი, 200 წყლის წისქვილი, 193 დუქანი და 6 ყავახანა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Заметка о Батуме», Известия Кавказского отдела Императорского Русского географического общества, Т. 3, 1873, ст. 101-106

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]