სურამის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა გიორგის ტაძარი სურამის ციხიდან

სურამის წმინდა გიორგის ტაძარი — დაბა სურამში, თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე ტაძარი. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. 1968 წელს გაუკეთდა რესტავრაცია.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (11,5 X 17,2 მეტრი), რომელსაც დასავლეთით სამრეკლო ეკვრის. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. შიდა ჯვაროვანი სივრცე იქმნება ცენტრალური გუმბათქვეშა კვადრატიდან ოთხივე მხრივ გამოწვდილი მკლავებით. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული ღრმა აფსიდითა და ბემით. დანარჩენი მკლავები ოთკუთხაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეა, დასავლეთისა შედარებით გრძელი. აფსიდის ღერძზე ერთი მაღალი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი შემაღლებულია და ბემის საზღვრებს სცილდება. საკურთხევლის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით სათავსებია (სამკვეთლო და სადიაკვნე). ეკლესიის გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი სარკმელი, ხოლო გუმბათის ყელში 12 დიდი თაღოვანი სარკმელია. გუმბათი ბემის შვერილებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბოძზე დაყრდნობილ ნახევარწრიულ თაღებზეა აღმართული. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია. ტაძრის სამრეკლო ოთხსართულიანია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ეკლესიის კარის ღერძზე. ბოლო სართული პირამიდული სახურავით დასრულებული, თაღებით გახსნილი რვაწახნაგა ფანჩატურია, რომლის გუმბათის წყობაში გადებულია ზარების ჩამოსაკიდი ხის ძელები. სამრეკლოს ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდანი აქვს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 6811