ქვემო აძვისის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქვემო აძვისის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აძვისში. ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,2X5,8 ), ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვიშაქვით. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთის შესასვლელი ამოშენებულია და მის ადგილზე სამი პატარა სათოფურია გაკეთებული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შიგნიდან შეისრული, ხოლო გარედან ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით სწორკუთხა, ხოლო სამხრეთით თაღოვანი ნახევარწრიული ნიშია. თითო სარკმელია დასავლეთის კედლის ღერძზე და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. დარბაზის გრძივ კედლებზე და დასავლეთ კედლის კუთხეებში ორსაფეხურიანი პილასტრებია. პილასტრების პირველ საფეხურს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა, ხოლო მეორეს - დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი, რომლის შეზნექილი ქუსლის ქვა შემორჩენილია ჩრდილოეთ პილასტრზე. თაღების ქუსლებთან მთლიანი ქვიშაქვის ომპოსტებია, რომელთა პროფილს თარო და უმნიშვნელოდ შეზნექილი სიბრტყე შეადგენს. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი ოთხლილვიან ჩარჩოშია ჩასმული. მის მარჯვნივ გეომეტრიული ორნამენტით შემკული ქვიშაქვის ფილაა. დასავლეთის შესასვლელი დასრულებულია რელიეფური არქიტრავით. დასავლეთ ფრონტონის ჩრდილოეთ ქანობზე და გრძივ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]