ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ქაშვეთში. ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 მ-ზე, სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში სურამელი ჯობაძეების მიერ.
ეკლესია დარბაზულია (12,8 X 7,2 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით, კამარა და კონქი ხისაა. სამხრეთით და დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელები აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ზღუდარით გადახურული ფართო სწორკუთხა სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელია დანარჩენ სამ კედელშიც. აფსიდის კედელი დარბაზის გრძივ კედელს უშუალოდ ერწყმის. საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით ერთი. ასეთივე მცირე ზომის ნიში სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. საკურთხეველი, რომლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და წინ წაკვეთილკუთხეებიანი არდაბაგი აქვს, დარბაზისგან გამოყოფილია ხის კანკელით. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ხის კამარა და კონქი შეღებილია მწვანედ. იატაკზე მოგებულია ქვიშაქვის კვადრები. ფასადებზე შემორჩენილია შელესილობის კვალი. სამხრეთ ფასადზე შესასვლელი მორთულია სამი ლილვით შემოსაზღვრული კბილანების მოტივით და არქიტრავზე გადაყვანილი თაღით, რომელსაც რელიეფური ჯვარი ადგას. თაღის ქვემოთ, ლილვით შემოხაზული წრის ორივე მხარეს პატარა ანგელოზებია გამოსახული. დანარჩენ თავისუფალ არეზე სამშენებლო წარწერაა. დასავლეთის ფასადზე სარკმლის ზემოთ ფრონტონზე, ქვიშაქვის წყობაში, გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ლილვით მოჩარჩოებული კარის არქიტრავზე ამოკვეთილი წარწერის მიხედვით, მშენებლობისათვის ფული შეუწირავს ვინმე პეტრე აბაიძის ქვრივს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 449.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12207