სავანეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სავანეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია სოფელ დიდი ბეკამის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVIII საუკუნით. XIX საუკუნეში შეკეთებული და გადაკეთებულია. დასავლეთის კედელი გადაწეულია დასავლეთით და შენობა დაგრძელებულია. აღმოსავლეთ კედელზე დაშენებულია სამრეკლო. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია მინაშენები, რომლებიც ეკლესიის შიდა სივრცეს ფართო თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდებოდნენ. 1940-იან წლებში მინაშენები მოუნგრევიათ და გასასვლელები ამოუშენებიათ. შემორჩენილია ჩრდილოეთ მინაშენის მცირე ფრაგმენტი. 1980 წელს ეკლესია შეაკეთეს და ბეტონის ორფერდა სახურავით გადახურეს.

ეკლესია დარბაზულია (13,8 X 5,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და აგურით. აქვს ორი სწორკუთხა შესასვლელი, დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. „კოვზისმაგვარი“ კონქით გადახურული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის გვერდებზე ორი მცირე თაღოვანი და ორი დიდი სწორკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. სამხრეთის პარალელურწირთხლებიანი ფართო სწორკუთხა სარკმელი გადაკეთებულია. ეკლესიის დარბაზის შეისრული კამარა ოთხ შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთის თაღი საკურთხევლის აფსიდის სატრიუმფო თაღის დანიშნულებას ასრულებს. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა.

ფასადები შელესილია. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვრები. სამხრეთ ფასადზე სარკმლის თავზე აგურის ორსაფეხურიანი ფრიზით დასრულებული პატარა სწორკუთხა ნიშია. ამავე ფასადზე სარკმლის ღიობის კვალი ჩანს.

სამრეკლო ოთხ მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი და დასრულებულია პირამიდული სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17698