ცედანის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცედანის სამების ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს, სამრეკლო - 1910 წელს.

ეკლესია დარბაზულია (10,3x6,7 მ.), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით, კამარა და კონქი ხისა იყო. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის გვერდზე თითო ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. შემაღლებული საკურთხევლის ბაქანს არდაბაგი ეკვრის. თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთით და ჩრდილოეთით. დასავლეთით ხის პატრონიკე იყო (შემორჩენილია ფრაგმენტები). იგი პატარა კარით უკავშირდებოდა სამრეკლოს. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილია.

ამჟამად ეკლესიას ხის კონსტრუქციის ორფერდა სახურავი აქვს. სამრეკლო ეკლესიაზე დასავლეთიდანაა მიშენებული, ნაგებია აგურით. იგი ორსართულიანი კვადრატული ნაგებობაა. დგას ოთხკუთხა მძლავრ კვადრატულ ბოძზე. ბოძები ერთმანეთთან დაკავშირებულია ნახევარწრიული თაღებით. სვეტისთავები ნაწყობია აგურით. სამ მხარეს გახსნილი პირველი სართული კარიბჭეა, რომელიც გადახურულია დამრეცი კამარით. მეორე სართული სამი მხრიდან ორ იარუსად შეწყვილებული თაღებით გახსნილი ფანჩატურია. ფასადებს იარუსებს შორის საფეხურიანი სარტყელი გასდევს. პირველ სართულს აგურის ლავგარდანი აქვს. ორფერდა სახურავს ლითონის ჯვარი ადგას. კარიბჭის სამხრეთ - დასავლეთ სვეტის სამხრეთ მხარეზე აგურის რელიეფური ჯვარია გამოსახული, ხოლო პირველი იარუსის თაღებს შორის აგურის წყობით გამოყვანილია სამრეკლოს აშენების თარიღი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17621