ზემო ბროლოსნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო ბროლოსნის ეკლესია — ეკლესია სოფელ ზემო ბროლოსნის სამხრეთით, წმ. გიორგის ეკლესიიდან 50 მეტრზე. აგებულია 1915 წელს. დაზიანებულია. შეკეთების დროს სარკმლები ამოუშენებიათ, დასავლეთიდან მიდგმული სამრეკლო დაუნგრევიათ და ეკლესიის კედლების ქვედა ნაწილები შეულესავთ.

ეკლესია დარბაზულია (17,7 X 9,3 მ), ნაგებია აგურით, ნატეხი ქვიშაქვითა და ხით. ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით (ამოქოლილია) თაღოვანი შესასვლელები აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ფართო და მაღალი, შიგნიდან თაღოვანი სარკმელი. ორ-ორი ასეთი სარკმელია სიმეტრიულად განლაგებული ჩრდილოეთით და სამხრეთით. დარბაზის გრძივი კედლები უშუალოდ ერწყმის აფსიდს. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში ფართო სწორკუთხა ნიშია. დასავლეთით ხის პატრონიკეა, რომელიც დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით სამრეკლოს უკავშირდებოდა. ფასადების კიდეებში სწორკუთხოვან ბაზისებზე მდგარი ფართო პილასტრებია, რომლებიც დასრულებულია აგურით ნაწყობი საფეხურებიანი კაპიტელით. ფართო სწორკუთხა სარკმლები გლუვზედაპირიან ქვის ჩარჩოებშია ჩასმული. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, გამოსახულია რელიეფური ჯვარი. შენობა დგას ქვიშაქვის რუსტებად დამუშავებულ ცოკოლზე და დასრულებულია აგურის საფეხურებიანი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]