შინაარსზე გადასვლა

სურამის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სურამის ციხე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სურამის ციხე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სურამის ციხე (მრავალმნიშვნელოვანი).
სურამის ციხე

სურამის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი — ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.[1]

აგების თარიღი

ვახუშტი ბაგრატიონი ციხის შესახებ წერს: „...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე“[2]. თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული ისტორიული წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარში მეფე ფარნაჯომის მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე[3]. სურამის ციხის აგების ასეთ განსხვავებულ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლატონ იოსელიანი იძლევა.

სურამის ციხის აგების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული უცხოურ საისტორიო წყაროებში, კერძოდ სპარსულსა და თურქულში. XVII საუკუნის ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები სურამის ციხის აშენებას სპარსეთის მეფე ხოსრო I ანუშირვანს (531-579) უკავშირებს[4]. სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში სურამის ციხის აშენებას შაჰ აბასს მიაწერს (XVII საუკუნის 10-იანი წლები),[5] მაგრამ აქ ალბათ შაჰ-აბასის მიერ ციხის შეკეთება უნდა იგულისხმებოდეს. სწორედ ამის შესახებ წერს შაჰის კარის მოხელე, ისტორიკოსი მელიქ შაჰ-ჰუსეინ სისტანი თავის თხზულებაში „იაჰია ალ-მელუქი“ („მეფეთა აღდგომა“):

ვიკიციტატა
„იმ ხანებში წესრიგში მოყვანილ იქნა გორის, სურამის და სხვა ციხეები[6].“

თანამედროვე ქართველი ისტორიკოსების (შ. მესხია[7], პ. ზაქარაია[8] და სხვა) აზრით, სურამის დღევანდელი ციხესიმაგრე განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში აიგო (XI ს.). მის აგებას უკავშირებენ, აგრეთვე, სურამელთა ცნობილ საგვარეულოს, რომელიც XII-XIII საუკუნეებში ქართლის საერისთავოს განაგებდა. მიჩნეულია, რომ ეს ციხესიმაგრე მათ რეზიდენციას წარმოადგენდა.

ისტორია

სურამის ციხე, ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან

ქართულ ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წლიდან, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. ევლია ჩელები მის შესახებ წერს:

[სურამის ციხე] თბილისის ხანის მბრძანებლობაში მყოფი, გორაკზე მდებარე პატარა ციხეა, მაგრამ უაღრესად ძლიერი, მტკიცე სიმაგრეა, რომლის ბურჯები და კედლები ცას ებჯინება. საქართველოს უძველესი ციხეთაგანია. მცხოვრებთა უმრავლესობა ქართველები, გოქდოლაკები და სომხები არიან[4].

ამასვე წერს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 1672-1673 წლებში.

სურამი, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ და მხოლოდ დაბას წარმოადგენს, იგი უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხესიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისაგან შედგება[9].

XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე დიდი ბრძოლები წარმოებს სურამის ციხის ირგვლივ. იგი ამ პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; 1701 წლიდან მას მეფისწული ვახტანგი ფლობს და ისევ „ძლიერ კოშკთა“ შორის მოიხსენიება[10].

XVIII საუკუნის შუა წლები მძიმე პერიოდია სურამის ციხის ისტორიაში. მასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა სწორედ ამ პერიოდის „შავ ჭირს“ ყიზილბაშობას განეკუთვნება. 1742-1745 წწ. ყიზილბაშთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი გახდა. სურამის ციხესთან კიდევ ერთხელ გადაიკვეთა სპარსეთ-ოსმალეთის ინტერესები. სპარსეთი მის სწრაფ დაკავებას ცდილობდა, ხოლო ოსმალეთი გივი ამილახვარს ყოველმხრივ დახმარებას უწევდა მის გამაგრებაში. 1744 წელს ნადირ-შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ II დაამტკიცა, ხოლო კახეთში მისი ძე ერეკლე II. ეს იყო გივი ამილახვარის ყიზილბაშების წინააღმდეგ გამოჩენილი მედგარი წინაღმდეგობის შედეგი. ნადირ-შაჰი იძულებული იყო „ყიზილბაშობა“ „ქართველობით“ შეეცვალა[11].

ამ გარემოებამ გარკვეული როლი ითამაშა აჯანყების შემდგომ განვითარებაზე. აჯანყებას იდეური საფუძველი გამოეცალა, ანუ რისთვისაც აჯანყება დაიწყო ის შედეგი უკვე მიღწეული იყო, მაგრამ გივი ამილახვარი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. სურამის ციხესთან ხანგრძლივი ბრძოლისა და მოლაპარაკების შედეგად ამილახვარი დანებდა. მან კარგად დაინახა წინააღმდეგობის გაწევის უაზრობა და თეიმურაზ მეფეს შეუთვალა, ჩემთან დედოფალი თამარი მობრძანდეს და იმას მივენდობიო. მართლაც დედოფლის სურამში მისვლის შემდეგ ამილახვარი ციხიდან გამოვიდა და თამარს თბილისში გაჰყვა. თეიმურაზ მეფემ ირანის მბრძანებელთან ქაიხოსრო ორბელიანი გააგზავნა და მოახსენა გივი ამილახვრის შერიგება, თან მისი დანაშაულის პატიებასაც სთხოვდა[12]. ნადირ-შაჰს ძალიან გაუხარდა სურამის ციხის დაკავება და წყალობას არ იშურებდა, გივი ამილახვარი თეიმურაზს მიანდო, მეფემ კი ამილახორს სახლთუხუცესობა უბოძა და თბილისში დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ირანის შაჰი ბოლომდე არ ენდობოდა ქართველებს და ბრძანა ამილახორის ციხეების დაქცევა. შაჰის ბრძანებით სურამის ციხე კეხვის ციხესთან ერთად დანგრეულ იქნა. იგი 1756 წელს აღადგინეს. ამ დროს აქ ერეკლე II-ს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული[13].

სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ხან იტრიელი ჩხეიძეების ხელში იყო, ხანაც სურამელი მურვანიშვილები ფლობდნენ. 1764 წელს კი ერეკლე მეფე სურამის ციხეს ოსიაურის ციხესთან ერთად დროებით გადასცემს თარხანოვებს[14].

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ქართველ მორიგეებთან ერთად აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს, რაც განპირობებული იყო სამეფოს დასავლეთი საზღვრების დაცვის აუცილებლობით. 1787 წელს რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სურამის ციხიდან რუსული გარნიზონი გაიწვიეს. 1791 წელს ერეკლე მეორის ანდერძში სურამის ციხე კვლავ საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული.

XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სურამის ციხე ზემო ქართლში ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტია. 1801 წლის შემდგომი და XIX საუკუნის 20-იანი წლების წყაროებზე დაყრდნობით სურამის ციხე კვლავ მოქმედია[15]. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, კერძოდ 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ სურამის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რადგან მას გამოეცალა ის ფუნქცია, რისთვისაც იგი ააგეს ამ ადგილას. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწიეს და სურამის ციხე დარჩა საქართველოს წარსულის ერთ-ერთ მოწმედ.

არქიტექტურა

სურამის ციხის ქვედა ეზო და შიდა ციხის კედელი

ციხესიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე. როგორც ზემოთ ითქვა, იგი აშენებული უნდა იყოს XII-XIII საუკუნეებში, ხოლო კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში[1]. ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დანარჩენი ნაწილები აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში[10].

გალავანი

სურამის ციხის გენგეგმა: 1. შესასვლელი, 2. გალავანი, 3. ქვედა ეზო, 4. შიდა ციხე, 5. კოშკი, 6. წმინდა გიორგის ეკლესია, 7. სასახლე

გალავანი რელიეფს მიყვება. მას რთული მოხაზულობა აქვს, რადგან მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ნაგებია ნატეხი და თლილი ქვით. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა.

შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია. აქ კლდეში ამოკვეთილია საფეხურები. გალავნის ამ მონაკვეთის ზედა ნაწილში ვიწრო სათოფურებია, ჩრდილო-დასავლეთით ყრუ კედელია. გალავნის დასავლეთი ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ 8 მ. სიგრძის და 2 მ. სიმაღლის კედელი, რომელზეც ეზოს მხრიდან სასახლე იყო მიშენებული (აღადგინეს 1980-იან წლებში).

გალავანში აღმოსავლეთით ჩართულია შიდა ციხის კედელი, რომელიც ნაკლებადაა დაზიანებული (თქმულების მიხედვით სწორედ ამ კედელშია ჩაშენებული ზურაბი). გვიანდელი სამშენებლო ფენა (XVII ს.) თხელია, მის აღმოსავლეთ კედელში ერთ რიგად განლაგებულია სათოფურები. ციხის თავდაპირველი კედლის ქონგურები გამოყვენილია უხეშად და განაწილებულია არათანაბრად; უფრო გვიან ნაშენი კედლებისა კი, პირიქით ხშირი, ვიწრო და მომრგვალებულია და განლაგებულია თანაბრად.

ციხე

ციხის ფართობია 1200 მ². იგი შედგება ორი ნაწილისაგან: შიდა ციხისა (ციტადელი) და ქვედა ეზოსაგან. შიდა ციხეს უჭირავს მთის ზედა ნაწილი, ქვედა ეზოს კი მთის ფერდობები. შიდა ციხე გეგმით არასწორი მრავალგვერდაა (52,4X29,3 მ). შედგება გალავნისა და პირამიდული კოშკისაგან (21,2X12,7 მ). მისი ტერიტორია ნანგრევებითაა დაფარული. კოშკის მხოლოდ ორი სართული იყო შემორჩენილი, მაგრამ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მას რესტავრაცია ჩაუტარეს და აღადგინეს მთლიანად კოშკი, ციხის დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები[16]. კოშკს ეზოდან აქვს შესასვლელი. II სართულის სქელ კედლებში ვიწრო სარკმლებია. ნაგებობა მოპირკეთებულია თლილი ქვით.

წმინდა გიორგის ეკლესია

ციხის ყოფილი ეკლესიის გეგმა

წმინდა გიორგის ეკლესია აგებული იყო XI-XII საუკუნეებში, მდებარეობდა ქვედა ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში. დაშენებული იყო პირდაპირ კლდის კონცხზე. იგი 1991 წლის აპრილის მიწისძვრამ დააზიანა, მთლიანად ჩამოიქცა მისი გადახურვა და განადგურდა შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები.

დარბაზული ტიპის ეკლესია (5,9X6,1 მ), ნაგები იყო თლილი ქვით. მას ორი შესასვლელი ჰქონდა – დასავლეთით და ჩრდილოეთით. ეკლესიას განიერი თაღი ორ თანაბარ ნაწილად ყოფდა. სამხრეთი ნაწილი აფსიდით მთავრდებოდა, ჩრდილოეთი ნაწილი კი სწორკუთხა იყო. ორივე ნაწილი გადახურული იყო ერთი ცილინდრული კამარით, რომელიც აერთიანებდა მათ ერთ დიდ დარბაზად. თითოეულ დარბაზს თითო სარკმელი ჰქონდა აღმოსავლეთით და დასავლეთით.

ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილი იყო ფეოდალური ხანის მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში „ვედრების“ კომპოზიცია იყო მოთავსებული, მის ჩრდილოეთ კუთხეში ღვთისმშობლის ფიგურა, ხოლო ქვემოთ „მოციქულთა ზიარება“ განირჩეოდა. ასევე დარბაზში კამარის ჩრდილოეთ მხარეს თაღის თავზე ცალკეული ფრაგმენტების სახით შემორჩენილი იყო „ამაღლების“ კომპოზიცია. დასავლეთის კედელი „ლაზარეს აღდგინებას“ ეჭირა. ჩრდილოეთის ნავის კამარაში ჩანდა ანგელოზთა ფრთები.

მოხატულობისათვის დამახასიათებელი იყო გამოსახულებათა მცირე ზომები და შესრულების გრაფიკულობა. კოლორიტში ჭარბობდა მოწითალო-აგურისფერი, მუქი ლურჯი, მოწითალო-ყავისფერი, მონაცრისფრო-თეთრი და ყვითელი ფერები. ეკლესიის ფასადს დეკორის ფრაგმენტები, ხოლო სარკმლების მორთულობას თაღების რელიეფური ღილაკის ფრაგმენტები გააჩნდა. სახურავი ორფერდა იყო.

ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მიშენებულია კამარით გადახურული პატარა (2X3 მ) სათავსი, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის თავზე გაჭრილია სარკმელი. სათავსი ნაგებია თლილი ქვით და პირდაპირ ეკლესიის კედელზე იყო მიშენებული.

სასახლე

სასახლე მდებარეობდა ქვედა ეზოს სამხრეთ მონაკვეთში. იგი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის ნანგრევები. გადახურვა კამარული ჰქონია. სასახლის აღმოსავლეთ კედელში ღრმა ნიშები და თაღების ფრაგმენტებია. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. გალავნის დასავლეთ კედელზე, რომელზეც მნიშენებული იყო სასახლე, შეინიშნება ორი სათავსის ფრაგმენტი.

ლეგენდა

უძველესი დროიდან სურამის ციხეზე არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი ის არის, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, რომელიც მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს:

„სურამისა ციხეო,
სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო.“

იგივე ლეგენდა დაედო საფუძვლად სურამელი მწერლის დავით სულიაშვილის ვრცელ მოთხრობას „ზურაბის ციხე“.

ანალოგიური ლეგენდა არსებობს რაჭაში, სოფელ წესში არსებულ მინდა ციხის, სიღნაღის ციხის, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, კელასურის კედლის შესახებაც.

მსგავსი შინაარსის თქმულებები გავრცელებულია მსოფლიოს სხვა ხალხის ფოლკლორშიც. მას იცნობს: რუმინული, უნგრული, სერბიული, გერმანული, ბერძნული, ბულგარული, სპარსული, იაპონური, ინდური, ბირმული და სხვ. ფოლკლორი. მშენებლობისას კედელში ჩაშენებული მსხვერპლის სიუჟეტს სპეციალისტები „მოხეტიალე სიუჟეტების“ რიცხვს აკუთვნებენ[17].

საინტერესო ცნობები

დანიელ ჭონქაძის მოთხრობის „სურამის ციხე“-ს მიხედვით გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი. პირველი (სურამის ციხე) გადაიღო რეჟისორმა ივანე პერესტიანმა 1922 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის დამდგელი მხატვრები იყვნენ ევგენი ლანსერე და ვალერიან სიდამონ-ერისთავი. მეორე 1984 წელს გადაიღო სერგო ფარაჯანოვმა. ამ ფილმში მონაწილეობა მიიღო ბევრმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა, მათ შორის ვერიკო ანჯაფარიძემ, სოფიკო ჭიაურელმა, დუდუხანა წეროძემ, ლეილა აბაშიძემ. ფილმს მრავალი პრიზი აქვს მიღებული სხვადასხვა კინოფესტივალზე.

სურამის ციხე თრიალეთის ქედის ფონზე


იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • გვასალია პ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 610.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 182-183, ISBN 978-99940-27-10-1.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ. 1973
  • ევლია ჩელები, „მოგზაურობის წიგნი“, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, ნაკ. 1, თბ. 1971
  • ჟ. შარდენი, „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“, ფრანგულიდან თარგმნა და საძიებელი დაურთო გია გელაშვილმა, თბ. 2002
  • პ. ზაქარაია, „საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები“, თბ., 1988
  • პ. ზაქარაია, „ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები„, თბ.,2001
  • პ. ზაქარაია, „საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები“, თბ., 1960
  • პ. ზაქარაია, „ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე“, თბ., 2002
  • „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“, ტ. 5., თბ., 1990
  • თ. ლაცაბიძე, „სურამისა ციხეო, ისტორიული ნარკვევი“, თბ., 2003
  • პ. ზაქარაია, „სამშობლოს გუშაგები“, თბ., 1965
  • გ. გოგოლაძე, „ხაშურის რაიონი, გზამკვლევი“, თბ., 1970
  • ნ. ზაქარაია, „ქართული ციხესიმაგრეები, კრებული „ფრესკა““, თბ. 1985

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ნ. ზაქარაია, ქართული ციხესიმაგრეები, კრებული „ფრესკა“, თბ. 1985 წ. გვ. 15
  2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ. 1973, გვ. 377
  3. П. Иоселиани. „Города, сушествовавшие и сушествуюшие в Грузии“, Тифлис, 1850. с. 62-63
  4. 4.0 4.1 ევლია ჩელები, „მოგზაურობის წიგნი“, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, ნაკ. 1, თბ. 1971 წ. გვ. 296
  5. ისქანდერ მუნში, „ცნობები საქართველოს შესახებ“, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ, გამოსცა ვ. ფუთურიძემ, თბ. 1969 წ. გვ. 90
  6. ზ. მჭედლიშილი, ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, XVII საუკუნის I ნახევარი, საკანდიდატო დისერტაცია, თბ. 1995 წ.
  7. შ. მესხია, „საისტორიო ძიებანი“, ტ. II, თბ. 1983 წ.
  8. პ. ზაქარაია, „საქართველოს ძველი ქალაქები და ციხე-სიმაგრეები“, თბ. 1973 წ.
  9. ჟ. შარდენი, „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“, ფრანგულიდან თარგმნა და საძიებელი დაურთო გია გელაშვილმა, თბ. 2002 წ. გვ. 148
  10. 10.0 10.1 საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5., თბ., 1990 წ. გვ. 446
  11. ნ. ბერძენიშვილი, „საქართველოს ისტორიის საკითხები“, წიგნი II, თბ. 1965 წ. გვ., 182
  12. პაპუნა ორბელიანი, „ამბავნი ქართლისანი“, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბ. 1981 წ. გვ.96
  13. პაპუნა ორბელიანი, „ამბავნი ქართლისანი“, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბ. 1981 წ. გვ.56
  14. თ. ლაცაბიძე, „სურამისა ციხეო“, ისტორიული ნარკვევი, თბ. 2003 წელი, გვ. 59
  15. გ. ავალიშვილი, „მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ელ. მეტრეველმა, თბ. 1967 წ. გვ. 14
  16. თ. ლაცაბიძე, სურამისა ციხეო, ისტორიული ნარკვევი, თბ. 2003 წელი, გვ. 22
  17. ნ. შამანაძე, კედელში ჩაშენებული მსხვერპლის სიუჟეტი ფოლკლორში, ქართული ფოლკლორი, I-II, თბ. 1964 წ. გვ. 303