შინაარსზე გადასვლა

ალის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალის კვირაცხოვლის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო
სამშენებლო წარწერა ეკლესიის კედელზე
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ალის კვირაცხოვლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ცენტრში. აგებულია 1810-1820 წლებში. 1977 წელს მოსახლეობას შეუკეთებია.

ეკლესია გუმბათოვანია (14,35X10,62 მეტრი), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სამხრეთ-დასავლეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და სამრეკლო. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით, კედლის დასავლეთ მონაკვეთში. ეკლესიის შიდა სივრცეს ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავები სხვადასხვა სიღრმისაა: სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები მოკლეა, დასავლეთისა შედარებით ღრმაა, აღმოსავლეთისა კი აფსიდითა და ბემით მთავრდება. გუმბათქვეშა კვადრატი საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გრძივი კედლების ნახევარწრიული თაღები პილასტრების იმპოსტებსა და გუმბათქვეშა ბურჯებზე გადადის. აფსიდში და სამივე მკლავში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში - 12. აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს ღრმა თაღოვანი ნიშებია. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით პატარა სწორკუთხა სათავსებია - სადიაკვნე და სამკვეთლო. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, სამხრეთისაში - მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. სადიაკვნის სამხრეთ კედელში სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთისაში პატარა ნახევარწრიული ნიშია. ამ სათავსში აღმოსავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელია. ორივე სათავსი დასავლეთის კედელში გაჭრილი სწორკუთხა კარით ეკლესიის დარბაზს უკავშირდება.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადზე, კედელში დატანებული ქვიშაქვის კვადრებზე - რელიეფური ხელი. აქვეა მხედრული სამშენებლო წარწერაც „წელსა ჩყი/1810/ ეკლესია აშენებულია და უწოდებიათ კვირაცხოველი“. ცილინდრული გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. წახნაგებს შორის თაღოვან შეღრმავებებში გაჭრილია სწორკუთხა სარკმლები. წახნაგების წიბოებს ერთმანეთთან თაღებით დაკავშირებული მსხვილი ლილვები დაუყვება. თაღებს ზემოთ შემორჩენილია ორი რელიეფური ჯვარი.

ეგვტერის (6,7X3,88 მეტრი) აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი უსწორო თაღით არის გადახურული. შიგნით ეკვტერი შელესილი და შეთეთრებულია. დასავლეთის კედელში განიერი სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთის კედელში - ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სამხრეთ კედელს მთელ სიგრძეზე საფეხური (სიმაღლე 0,4 მეტრი) გასდევს.

სამრეკლო (3,45X2,33 მეტრი) ორსართულიანია, ნაგებია აგურით. იგი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. I სართული სამ მხარეს გახსნილია თაღოვანი მალებით. თაღები ეგვტერის დასავლეთ კედელსა და ორ თავისუფლად მდგომ სვეტს ეყრდნობა. II სართული ოთხივე მხარეს გახსნილია თაღებით და გადახურულია პირამიდული სახურავით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17719