ქარტის ეკლესია
ქარტის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხალებში. ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე, სოფლებს კრისხევსა და დიდ ხალებს შორის, მაღალ სერზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (10,3 X 4,5 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვითა და შირიმის ქვით. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან გვიანდელი მინაშენია, რომლისგან მხოლოდ დაახ. 2,3 მეტრი სიმაღლის კედელია შემორჩენილი. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით (აფსიდის მხართან ახლოს) ჰქონდა. ჩრდილოეთისა ამოქოლილია, გადაკეთებულია ნიშად. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელში. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე კამარის საბჯენი თაღის საყრდენი თითო ორსაფეხურიანი პილასტრია. ფასადები ოსტატურადაა ნაწყობი კარგად გათლილი შირიმის კვადრებით. ქვიშაქვით ნაგებ მინაშენს (5,5 X 6,5 მ) შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, შემორჩენილია წირთხლის ფრაგმენტი. კედლებში თითო ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე შირიმით ნაწყობი საბჯენი თაღის ქუსლის ქვებია შემორჩენილი. მინაშენი გადახურული იყო არაწესიერი ფორმის ნახევარწრიული კამარით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 431.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7161