დიდი ხალების მაცხოვრის ეკლესია
დიდი ხალების მაცხოვრის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხალებში. ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 500-600 მ-ზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,2 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. სამხრეთით და დასავლეთით გვიანდელი სწორკუთხა მინაშენები აქვს. სამხრეთის მინაშენი ეკლესიაზე მოკლეა. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ბრტყელი ზღუდერით გადახურული ვიწრო სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო ფართო და მაღალი თაღოვანი ნიშია, ორივე იატაკიდან იწყება. ნიშების თავზე, კონქის ქუსლის დონეზე, კედელში პატარა სამალავებია მოწყობილი. კონქში ჩასმულია სამი პატარა სარეზონატორო ქვევრი. სამხრეთის და დასავლეთის კედელში თითო სარკმელია. სამხრეთის სარკმელი სწორკუთხაა, დასავლეთისა რამდენადმე ფართოა და გადახურულია წრიული თაღით. დარბაზის გრძივ კედლებზე და დასავლეთ კედელთან, კუთხეებში, თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. თაროს, ლილვისა და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყისაგან შედგენილი ქვიშაქვის იმპოსტებისაგან შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ პილასტრისა და საკურთხევლის თაღის იმპოსტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 430.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7164