თეთრახევის მამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრახევის მამების მონასტერი
თეთრახევის მამების ეკლესიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
თეთრახევის მამების ეკლესია — საქართველო
თეთრახევის მამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°58′02″ ჩ. გ. 44°22′56″ ა. გ. / 41.96722° ჩ. გ. 44.38222° ა. გ. / 41.96722; 44.38222
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი უმოქმედო

თეთრახევის მამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ კასპის ჩრდილო-დასავლეთით 6-7 კილომეტრზე, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. ადრე აქ მამათა მონასტრის მთელი კომპლექსი ყოფილა. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბაგრატიონი მონასტრის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„კასპს ზეით, წლევის მთაში, არს მონასტერი მამებას, სტეფან წმინდისა, თათესაგან, ი~გ (13) მამათაგანის, ქმნული. დაფლულა წმინდა თათე მუნ. იტყვიან ამის ნაწილსა აღმოსვლვასა, ვითარცა წმინდის შიოსას, არამედ აწ დეკანოზის მიზეზით დაჩენებული; და აწ არს ხუცის ამარ.[1]

მამება აღწერილი აქვს პლატონ იოსელიანს. მისი სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს „მამებისაგან“: თათე ხომ 13 ასურელი მამათაგანი იყო.[2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (11,2 X 6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კამარა და აფსიდის კონქი - აგურით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლი, რომელიც პილასტრის ფართო სიბრტყის გაგრძელებას წარმოადგენდა). ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომელიც შიგნიდან სწორკუთხაა და გარედან ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული ნიშია. უფრო მაღლა, აღმოსავლეთით, კედელში წაგრძელებული სამალავებია მოწყობილი. აფსიდის მხრების წინ ბემაა. ჩრდილოეთ მხარის ბემას შემორჩენილი აქვს მარტივი, თაროსებრი კაპიტელი, რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე თაღის ქუსლი ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობა. დასავლეთ კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი, სრულიად გლუვია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი ჩანს. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა. უკეთაა შემორჩენილი დასავლეთ ფასადი. ფასადის შუა ადგილზე შეიმჩნევა კარის კვალი. ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კამაროვან კარიბჭე-გასასვლელს წარმოადგენს და სამხრეთით თაღითაა გახსნილი. იგი ეკლესიისგან განსხვავებული წყობითაა ნაგები (გამოყენებულია მცირე ზომის ქვები). კარიბჭე ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება ეკლესიას, ხოლო აღმოსავლეთ კარით - სწორკუთხა მინაშენს. მეორე სართული, სამრეკლო მთლიანად აგურისაა. შემორჩენილია სამი ბურჯის ფრაგმენტი. მათი განლაგების მიხედვით ჩანს, რომ სამრეკლოს ფანჩატური ოთხივე მხრიდან ღიობებით იყო გახსნილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ს. მაკალათია, ლეხურის ხეობა, თბ. 1964, გვ. 14
  2. Пл. Иоселиани, святыня Мамеба, газ. "Кавказ" 1871 г. № 6