აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა ნინოს ეკლესია თხოთის მთაზე
Agaiani st. Nino church 1.JPG
აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°53′47″ ჩ. გ. 44°32′02″ ა. გ. / 41.89639° ჩ. გ. 44.53389° ა. გ. / 41.89639; 44.53389
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, თხოთის მთაზე[1]. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

ეკლესია იყო ჯვარგუმბათოვანი, რომელიც IX-X საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. პირვანდელი ეკლესიის შემორჩენილი გვერდები (2-2,5 მ) ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-ოქროსფერი კვადრებით, წყობაში ნახმარია მომწვანო ტუფი, გვხვდება აგურიც. გადაკეთებისას ეკლესიისათვის გარედან ჯვრული გეგმა შეუნარჩუნებიათ, მხოლოდ გუმბათის ნაცვლად გადაუხურავთ ცილინდრული კამარით, რომელიც ხუთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გეგმაში თითქმის უცვლელადაა დატოვებული აფსიდი და დასავლეთ მკლავი. თავდაპირველი ჯვრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავები შიგნიდან ამოშენებულია. გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული ცენტრალური ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ შვერილები - ცალფერდა სახურავით. ეკლესიაში შესასვლელი (არქიტრავული გადახურვით) ჩრდილოეთ მკლავიდანაა, სამხრეთ მკლავში შესასვლელი გაუქმებულია. ამავე მკლავის დასავლეთ მხარეს მდებარე შესასვლელი გვიანდელია. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ აფსიდშია, მეორე - სამხრეთ კედელში. ჩრდილოეთ მკლავში ვიწრო და თაღოვანი დერეფანია. სამხრეთისაში კი ნიშია ჩამოსაჯდომი შვერილით.

საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მოხატულობის ნაშთი შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის წირთხლებშიც და სატრიუმფო თაღის სამხრეთ კაპიტელთან. სტილისტური ნიშნებით მხატვრობა თარიღდება X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის პირველი მეოთხედით.

გარედან ეკლესიის მასები მკაფიოდ გამოხატავენ ჯვარს. აღმოსავლეთ მკლავის ფასადზე სარკმელი თაღოვანი სათაურითაა შემკული, მის ზემოთ თავდაპირველი ეკლესიის ქვებიდან შედგენილია ჯვარი. სამხრეთის ფასადის სარკმელი მორთულია თაღოვანი რელიეფური სათაურით, ხოლო შესასვლელი რელიეფური კომპოზიციის ტიმპანით. ამ შესასვლელს XVI საუკუნეში აგურით ნაგები თაღოვანი მინაშენი - კონტრფორსი მიადგეს. სამხრეთ ფასადზე X-XI საუკუნეების სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. დასავლეთ ფასადზეც მოგვიანებით მძლავრი კონტრფორსი მიუშენებიათ. აგურის კბილანა ლავგარდანი გვიანდელია.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990, გვ. 136-140.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: