აღაიანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღაიანის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (11,8 X 7,6 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებსა და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კვადრატული აგური. შიგნიდან და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული თაღოვანი შესასვლელები დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთითაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისაგან გამოყოფილია ხის კანკელით. დარბაზის თითქმის შუა ნაწილში ნახევარწრიული კამარის შეკიდული საბჯენი თაღია, რომლის მიმართ სიმეტრიულად, ქვემოთ, საფეხურით შეღრმავებული ორი თაღოვანი სათავსია. აღმოსავლეთ სათავსში შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის დასავლეთ კედელში, იატაკიდან სამი მეტრის სიმაღლეზე, ერთმანეთთან ახლოს სამი თაღოვანი ნიშია. შუა ნიშში, რომელიც დანარჩენებზე ფართოა, გაჭრილია კონქის ზედა სამალავში შესაძრომი ვიწრო ღიობი. ეკლესიის ფასადები შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. მის გვერდებზე თითო შეღრმავებული რომბია. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურიანი ლავგარდანით. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთ მხრიდან მიუშენებიათ აგურის კარიბჭე (3,8 X 2,8 მ), რომლის კუთხეებში მდგომ სწორკუთხა ბოძებს საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. კარიბჭეს კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს. კარიბჭეზე დაშენებულია პატარა სამრეკლო, რომლის ექვს ბოძზე დაყრდნობილი, თაღებით გახსნილი ფანჩატური გადახურულია აგურის ექვსწახნაგა პირამიდული სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.