კასპის თეოდორე ტირონის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კასპის თეოდორე ტირონის ეკლესია – ეკლესიის კომპლექსი კასპში, შედგება ეკლესიის, მინაშენის, გალავნისა და ცილინდრული კოშკისაგან. კომპლექსი თრიღდება ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (13,4 X 6,3 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით, ფასადებზე გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ყვითელი და მოყავისფრო თლილი ქვა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთის კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან - არქიტრავული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ორსაფეხურიან პილასტრებზე გადადის თაღი, რომელიც დასავლეთ კედელთან ვიწროვდება და ეყრდნობა კრონშტეინებს. დასავლეთით და სამხრეთით თითო დიდი სარკმელია. სამხრეთის სარკმელი თაღოვანია, დასავლეთისა სწორკუთხა. ინტერიერი შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი აგურითაა ამოყვანილი. აგურისაა ეკლესიის გვიანდელი ლავგარდანიც. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კუთხესთან, ქვაზე ამოკვეთილია მცირე ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესია მოქმედია, ტაძარი მოიხატა გია მაისაშვილის მიერ, დამშვენდა მისი კედლები მრგლოვანი დამწერლობით.

ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთისა და სამხრეთისა, რომელიც ზედ ეკლესიის კედელზეა მიშენებული. სამხრეთ მინაშენში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია. მინაშენი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ჩრდილოეთ კედლის ორ თაღს ეყრდნობა.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან გალავანი აქვს მიშენებული. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით (შემორჩენილია კედლის სიგრძის 17,55 მ, სიმაღლის დაახლოებით 5,3 მ). გალავანი დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილი, მონგრეულია ქონგურები. მოგვიანებით ჩრდილოეთ კედლის გადარჩენილ ქვედა ნაწილზე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები დაუშენებით, გალავნის კედელში გაუჭრიათ კარი (ამჟამად ამოქოლილია) და ფართო სარკმლები. გალავანში ორრიგად დატანებულია რვა წყვილი სათოფური. ქვედა რიგის სათოფურები დიდი ზომისაა.

გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას (დიამეტრი 3,8 მ, კედლის სისქე 1 მ), ნაგებია რიყის ქვით. კოშკი დაზიანებულია: შეიმჩნევა სამი სართულის ნაშთი. ქვედა სართულები მიწითაა ამოვსებული. სამი სათოფურიდან ერთი ჩამოშლილია. კოშკში შესასვლელი არ ჩანს. კედელში დატანებულია სართულების დამაკავშირებელი კიბის საფეხურები. ფასადებზე ჩანს სართულშუა გადახურვის ხის ძელის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.