თელათგორის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა გიორგის ეკლესია

თელათგორის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელათგორის ცენტრში, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შეკეთებულია 1982 წელს.

ეკლესია დარბაზულია (7,25 X 4,8 მ), ნაგებია უხეშად გათლილი საშუალო ზომის ქვიშაქვის კვადრებით, წყობაში გამოყენებულია დიდი ქვებიც. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. ეკლესიისათვის მოგვიანებით შემოუვლიათ თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს სწორკუთხა ეკლესია (5,5 X 4,8 მ). იგი წმინდა თევდორეს სახელს ატარებს. ეს ეკლესიაც ნაგებია ქვიშაქვით, მხოლოდ უფრო მცირე ზომის ქვებით, ვიდრე ეკლესია. მინაშენი ეკლესიას უკავშირდება ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი განიერი სწორკუთხა ღიობით. მინაშენიც ღარიანი კრამიტითაა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.