ზედაზნის მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზედაზნის მონასტრის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ზედაზნის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე.

ადრეულ ეპოქაში აქ აღმართული ყოფილა ზადენის კერპი, რომლის ადგილას VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამას იოანეს ქართული მონასტერი დაუარსებია. XIX საუკუნეში ზედაზნის მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწიგნობრის მიქაელ წინამძღვრის ინიციატივით დაიწერა იოანე ზედანელის ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია.

სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი.

ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია "განედლებული" ჯვრის რელიეფით.ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა.

ეკლესიას სამხრეთით ეკვრის თლილი ქვით მოპირკეთებული, ცილინდრულ-კამარიანი კვადრატული კარიბჭე, რომლის ორფერდა სახურავზე აგურით ნაგები თაღებით ოთხმხრივ გახსნილი რვაწახნაგა სამრეკლო დგას, მის დასავლეთით გამოყოფილია მცირე სენაკი (ორივე XVIII საუკუნე). ზედაზნის მონასტერი რამდენიმეჯერ შეკეთდა. 1970-1971 ჩატარდა სარესტავრაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ანდღულაძე ნ., მენაბდე ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 495, თბ., 1979
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: