შინაარსზე გადასვლა

ერთაწმინდის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთაწმინდა
ერთაწმინდა

ერთაწმინდა — წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში. დღევანდელი სახელწოდება „ესტატე წმინდის“ შეცვლილი ფორმაა. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]

თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ტაძარს აქვს მხატვრობაც, მაგრამ იგი განსაკუთრებით ფასადებით გამოირჩევა. მას ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. ისინი მკლავების ფრონტონებიდან იწყება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია აღმოსავლეთის ფასადი, ხსენებული ჯვრით, ღრმა, მდიდრულად მორთული ნიშებით და დიდი თუ მცირე სარკმლის საპირეებით. საგრძნობლად გვიანდელია ტაძრის გუმბათი, რომელიც რამდენადმე ამოვარდნილია პროპორციებიდან. მდიდრულად არის მორთული ეკლესიის პორტალები, რომლებიც მას სამი მხრიდან აქვს.

ტაძრის გუმბათი დასავლეთით ეყრდნობა ორ თავისუფალ სვეტს, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. ტაძრის მკლავის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობა, რომელიც ასახავს წმ. ესტატეს ცხოვრების სცენებს. შემორჩენილი ფრესკული საქტიტორო წარწერის მიხედვით, მოხატულობა შესრულებულია 1654 წელს იერუსალიმის „ჯვრის მამის“ მელეტიოსის მიერ იორამ სააკაძის მატერიალური მხარდაჭერით.[2]

ერთაწმინდის ტაძარი სტილისტიკით იმეორებს XII–XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს. ეკლესია რამდენჯერმეა შეკეთებული და გადაკეთებული. XIX ს. II ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. 1951 წელს ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო-სახელოსნომ — აღდგენილ იქნა გუმბათი. გალავანი განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ნაგებია ძირითადად ბრტყელი ნატეხი ქვით. დატანებული ჰქონდა 7 კოშკი. სამხრეთი კედლის გასწვრივ სამეურნეო და სამონასტრო შენობების ნაშთია. ორსართულიანი სამრეკლო საფუძვლიანადაა გადაკეთებული.

XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი სააკაძეების და მათი შთამომავლების — თარხნიშვილების — საძვალე იყო. ეკლესიაში დღემდეა დაცული მათი საფლავის ქვები. გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი გიორგი სააკაძის ირანში დაღუპული შვილის — პაატას — საფლავის ქვაა. ეკლესიის დღეობა — ერთაწმინდობა — აღინიშნება ძვ. სტ. 20 სექტემბერს.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
  • გვასალია ჯ., გომელაური ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-14.
  2. მამასახლისი ი., ერთაწმინდის ტაძრის მოხატულობის თარიღი და მისი ქტიტორები, „რელიგია“, № 1, 2014. – გვ. 31-40.