შინაარსზე გადასვლა

სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. მდებარეობს სოფლის ცენტრში ძველ სასაფლაოზე. თარიღდება XIX საუკუნის მეორე ნახევრით.

ეკლესია დარბაზულია (14,5 X 8,5 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის თანადროული, ხის კონსტრუქციების საკურთხევლის ბაქანი წინწამოწეული არდაბაგით ერთი საფეხურით შემაღლებულია. აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთით, აფსიდის მხართან, სხვადასხვა ზომის ორი სწორკუთხა ნიშია. თითო ფართო თაღოვანი სარკმელია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში, ორი - სამხრეთისაში. ეკლესია გადახურულია ხის ცილინდრული კამარით, რომელიც უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელთან, მთელ სიგანეზე, მოწყობილია ხის პატრონიკე, რომლის კიბე სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია. ინტერიერი შელესილია და შეღებილია ცისფრად. ეკლესიაში დაკრძალულია შერვაშიძეების რამდენიმე თაობა.

ძეგლის შესახებ სასიტორიო მასალები ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც იკითხება:

„უწყება ეკკლესიისათვის

გორის უეზდის სოფლის სასირეთის წმიდის გიორგის ეკლესიისა, ჩყლვ (1836) წლისათვის.

1. აღშენებულ არს 1441 წელსა. აღმშენებელი არა ცნობილ არს.

2. შენობით არს ქვითკირისა უსამრეკლოდ პირსზევიდამ ფიცრით დახურვილი და არს დარღვული.

3. ამას შინა არს ერთი ტრაპეზი წმიდის გიორგის სახელზედ აღშენებული.

4. სამკაულითა არის ღარიბი.

5. კრებული ჰყავს და დიდებული მატატითა 1819 წელსა, ერთი მღვდელი და ერთი დიაკონი.

6. ამა ეკლესიასთან დასახლებული მიწა არავითარიმე. ეკკლესიასა მას აქვს სამი უნახი მასუ სოფელსა შინა მდებარენი თითჩარექი, რომელთაგანაცა მიიღებს კულუხსა ეკკლესია და მას ზედა სჯულიერნი წერილინი არა იპოებიანრა.

7. მღვდელსა აქვს სახლი ნახევარ დესეტინაზედ, თვისგან მოპოებული, და არს აღშენებული ქვითა და კირითა.

8. გამოსაზრდელად სამღვდელოთა და საეკკლესიო მსახურთათვის ჯამაგირი არა ვითარიმე და მრევლთაგან საკმაოდ.

9. ამა ეკკლესიისადმი კუთვნილნი შენობანი არა ვითარიმე.

10. ეკკლესია ესე შორავს უწმიდესის სინოდის კანტორასა 66 ვერსტითა და სასულიეროს მთავრობაზედ ნახევარს დესეტინას უმეტესითა და ბლაღოჩინზედ ერთს დესეტინას ნაკლებითა.

11. ამა ეკკლესიაზედ უმახლობელესი ეკკლესია არა ვითარიმე.

12. ამა ეკკლესიაზედ მიწერილ არს ხანდაკის სოფლის წმიდის გიორგის ეკკლესია, ყარაღაჯისა ეგრეთვე და კალოუბნისა.

13. ამა სამრევლოში სასახლის ეკკლესია არა ვითარიმე.

14. სია ეკკლესიის ქონებისა არის რომელიცა შედგენილ არს 1826 წელსა, და არს ზედ მიწერილი ბლაღოჩინად ყოფილის მას წელსა დეკანოზის გაბრიელ მესხიევისგან, და ცარიცასაგან და არა არს დამტკიცებულ.

15. შემოსავლის გასავლის წიგნი სანთლისა და ეკკლესიის ფულის რიცხვთათვის, ზორნითა და ბეჭდითა საექსარხოსოს კანცელარიისათა აქვს მიცემული 1826 წელსა და იწერებიან წარმართვითა და არიან მრთლად დაცულნი.

16. პირნი მეტრის ჩესკის წიგნებისა 1818 წლიდამ არიან მრთლად დაცულნი.

17. აღსარების მთქმელთ სიები 1826 წლიდან არიან მრთლად დაცულნი.

18. ობისკის წიგნსა შინა მოცემულსა ზორნითა და ბეჭდითა 1826 წელსა და ზედ მიწერილსა მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს ექსარხოსის იონასაგან ფურცლებზედ არს დაწერილი ფურცლები 12 და უწერავად არის დარჩენილი 12.“[1]

  1. საქართველოს ეროვნული არქივი; ძველ საბუთთა განყოფილება; ,,საეკლესიო უწყებანი"; ფონდი 489, ანაწერი 1, საქმე 3212