ზემო ჩოჩეთის წმინდა სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ჩოჩეთის წმინდა სამების ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩოჩეთის ძველ სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 4,7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში გამოყენებულია მოზრდილი გათლილი ქვები. შესასვლელი სამხრეთ კედლის შუა ნაწილშია. კარი შიგნიდან თაღოვანია და ტიმპანითაა დასრულებული. ოდნავ ნალისებრი ფორმის აფსიდში სწორკუთხა სარკმელია, რომელიც გარეთკენ ძლიერ ვიწროვდება. მის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია.

აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის ზემოთა ნაწილში სწორკუთხა შეღრმავებაა. საკურთხევლის თაღოვანი სარკმელი გარედან მოწითალო ტუფის მოზრდილი ქვებითაა ნაწყობი. თაღოვანი ნაწილი ერთ ქვაშია ამოკვეთილი. სამხრეთ ფასადის კედლის წყობაში გამორჩევა შესასვლელი, რომელიც მთლიანად ამოყვანილია გათლილი ქვებით. ეკლესიის კედლები დასრულებულია სქელი ფიქალის ფილებით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით, რომელსაც გვერდითი ფასადების ფრონტონებზე ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. ეკლესიის სახურავი ორფერდაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.