შინაარსზე გადასვლა

გოსტიბეს წმინდა სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოსტიბეს წმინდა სამების ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს სასაფლაოზე. სამშენებლო წარწერის მიხედვით თარიღდება X-XI საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (11,5 X 5,9 მ), ნაგებია დიდი ზომის ტლანქად დამუშავებული მომწვანო-მოყვითალო ქვის კვადრებით. დაზიანებულია: ჩანგრეულია კამაროვანი გადახურვა, ფასადებზე მოსაპირკეთებელი ქვები ბევრ ადგილას ამოვარდნილია, ლავგარდნის მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი, დარღვეულია იატაკის დონე, დარბაზი ერთი მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია ნანგრევებით.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ჩრდილოეთ კედელში, საკურთხეველთან ახლოს გაჭრილი კარი ამოქოლილია. ნახევაწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი პილასტრებია, რომლის პირველ საფეხურს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა. მეორე საფეხურს ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. იმპოსტებს აქაც და სატრიუმფო თაღთანაც თაროს ფორმა აქვთ, წაკვეთილი ქვედა ნაწილით. კედლები შელესილი ყოფილა. შელესილობის ქვეშ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე, ქვაზე წითელი საღებავით დახატული ჯვრები ჩანს. პილასტრებზე ამოკვეთილია წრეში მოქცეული სწორმკლავა ჯვარი.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს რელიეფური, ზემოთ გრეხილბოლოებიანი თავსართი აქვს. თავსართზე გამოსახულია პატარა ჯვარი. სარკმლის გარშემო კიდევ ოთხი ჯვარია, ხოლო მეხუთე მოთავსებულია მათგან მოშორებით, სარკმლის ზემოთ. ყველა ჯვარი, თაღის ჯვრისაგან განსხვავებით, ჩაღრმავებულ ფონზეა ამოკვეთილი. ზოგიერთი ჯვრის ბოლოები დამთავრებულია ღილაკებით, სამ ჯვარს შემოვლებული აქვს წრე. ფასადის შუა ნაწილში ერთრიგად ამოკვეთილია ექვსი ერთმანეთის მსგავსი ჯვარი. მეშვიდე ასეთივე ჯვარი მოთავსებულია ქვედა რიგში. ამ ფასადის ფრონტონში გამოსახულია წაგრძელებული ფორმის, მაღალი რელიეფით ამოკვეთილი კიდევ ერთი ჯვარი, რომელიც აღმოსავლეთ კედლის სარკმლის თავსართის ჯვართან ერთად თავდაპირველი მშენებლობის ხანას მიეკუთვნება, დანარჩენები კი გვიანდელია. დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთ კუთხეში ერთ-ერთ ჯვარზე ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.

ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მიწაზე დევს მონოლითი (0,62 X 0,72 მ), რომელზეც გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვარი, ისეთივე, როგორიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზეა. მის ზედა არეზე შემორჩენილია ნაწილობრივ დაზიანებული ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მშენებელი „დავით გალატოზი“.

მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ სწორკუთხა სათავსი, რომლისაგანაც მხოლოდ კონტურია შემორჩენილი.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.