ბენისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბენისის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითის ჩრდილო-დასავლეთით, ნასოფლარ ბენისის ტერიტორიაზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX საუკუნით. ეკლესიის ეზოს შემოვლებული ჰქონდა რიყის ქვით ნაგები გალავანი. მისგან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი.

ეკლესია დარბაზულია (10,25 X 5,5 ), დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, კარ-სარკმლის თაღები და სატრიუმფო თაღი იმპოსტებიანად კარგად დამუშავებული შირიმის ქვითაა ნაწყობი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავული. თაღების შემადგენელ ქვებზე მოწითალო ფერის საღებავით ქვის წყობის სხივისებური იმიტაციაა გამოყვანილი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვემოთ კედელთან შირიმის ქვით ნაწყობი სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ფართო მხრებით, რომლებზეც ნალისებრი სატრიუმფო თაღია გადაყვანილი. საკურთხეველი გამოყოფილი იყო კანკელით, რომლის მოჩუქურთმებული ფრაგმენტები გვიანდელი კანკელის რიყის ქვის წყობაშია ჩატანებული. ორი თაღოვანი სარკმელია სამხრეთ კედელში. საკმაოდ მაღალი პროპორციების დარბაზი გადახურულია ნალისებრი კამარით. მის შუა ნაწილში შეკიდული საბჯენი თაღია, რომლის ქუსლებთნ მოთავსებულ იმპოსტებს გვიანდელი სწორკუთხა კონტრფორსები ფარავს. სატრიუმფო თაღის ქუსლებთან მკვეთრად გამოკვეთილი იმპოსტების პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. თარო მორთულია შეღრმავებულ ხაზებს შორის მოქცეული ლილვით.

აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმელთან, კედელში ჩასმულია ორი რელიეფური ფილა. პირველი ფილა სარკმლის ზედანია, რომელზეც თაღია ამოკვეთილი. ფილაზე გამოსახული ჩუქურთმა მოჩარჩოებულია მარტივი ზოლით, რომელიც ჩუქურთმასთან ერთად საერთო სიბრტყეშია. მოჩარჩოების ზედა და ქვედა ნაწილები სარკმლის თაღის წვეროს ნასკვით უკავშირდებიან. თაღის გვერდებზე შექმნილი არეები სტილიზებული ფოთლებითაა შევსებული. მეორე ფილა პირველზეა შედგმული და მარტივი თაროთია მოჩარჩოებული. ფილის ღერძზე ერთიმეორის თავზე, ორი ერთნაირი, მაგრამ სხვადასხვა ზომის ეკლესიის მოდელია გამოსახული. ფილის მარჯვენა ნაწილებში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში, მარცხნივ - კტიტორი, რომელსაც ზედა მოდელი უჭირავს და ღვთისმშობლისკენ აქვს გაწვდილი. კტიტორსა და ღვთისმშობლის ორივე მხარეს, ოდნავ ზემოთ, ანგელოზებია; მარჯვენა ანგელოზი თავისი სამოსელის ბოლოთი ლათინური s-ისებრი მოხაზულობის ფოთლოვანი ელემენტითაა გადაბმული. ასეთივე ფოთლოვანი მოტივის კვალი შეინიშნება ფილის მარცხენა არეში, ანგელოზის ქვემოთ. ფილის თავისუფალ არეებზე და ეკლესიის მოდელებზე ნუსხური წარწერებია, რომლებიც დაზიანებულია და ძნელად გასარჩევია. მხატვრუ-სტილისტური ნიშნებით, აგრეთვე ეპიგრაფიკული მასალის საფუძველზე, ფილები X საუკუნის მეორე ნახევრით შეიძლება დათარიღდეს. ორივე ფილა ეკლესიის კედლებში შეკეთების დროსაა ჩასმული. ამ ფასადზე ფრონტონის ჩრდილოეთ ქანობზე შემორჩენილია თაღების მწკრივით დამუშავებული შირიმის ლავგარდნის რამდენიმე ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]