დავით გარეჯელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით.
დავით გარეჯელი
დავით გარეჯელი
David Garejeli (18th c. miniature).jpg
დაიბადა VI საუკუნე
გარდაიცვალა 604
მოღვაწეობა ბერ-მონაზვნობა

დავით გარეჯელიVI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხსენების დღე — ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი). თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კუხეთში გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით გარეჯელი ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში და გარეჯის კლდოვან მთებში დააარსა მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ იყო. თავდაპირველად დავითი და მისი მოწაფე ლუკიანე ბუნებრივ გამოქვაბულში დაბინავდნენ, მინდვრის ნაყოფითა და ირმის რძით საზრდოობდნენ. ირმის მოწველის ეპიზოდი შემდგომში გავრცელებული სიუჟეტი გახდა ქართულ იკონოგრაფიაში (დავითის ლავრა, ბერთუბნის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი და სხვ.). რუსთავის წარჩინებული მკვიდრის ბუბაქარის დახმარებით ააგო ეკლესია, რომელიც შემდგომში ფერისცვალების ეკლესიად იწოდებოდა და სადაც დასაფლავებულია დავით გარეჯელი. ზეპირი გადმოცემით დავითის სახელი უკავშირდება თბილისის მამადავითისა და ქაშვეთის ეკლესიათა ადგილებს, სადაც დავითს უცხოვრია გარეჯაში წასვლამდე. დავით გარეჯელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. დავითის ინიციატივით მისმა მოწაფეებმა დოდომ და ლუკიანემ გარეჯის სანახებში დააარსეს ახალი მონასტრები.

დავით გარეჯელის ცხოვრება და მოღვაწეობა აღუწერიათ მისი გარდაცვალებიდან ახლო პერიოდში, მაგრამ ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ხელახლა შედგენილ „ცხოვრებათაგან“ ცნობილია ორი რედაქცია: პირველი დაწერილია X საუკუნეში და ითვლება მოკლე რედაქციად, მეორე — XII საუკუნეში და ითვლება ვრცელ მეტაფრასტულ რედაქციად.

ხსენების დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით გარეჯელობის დღესასწაული გარდამავალია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს აღნიშნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 285, თბ., 2012 წელი.
  • ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 3, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1971;
  • რაქვიაშვილი ხ., „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 15-32.