შინაარსზე გადასვლა

დეივიდ გილმორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დევიდ გილმორი)
დეივიდ გილმორი

დეივიდ გილმორი ტურნეს Rattle That Lock დროს, არგენტინა, 2015
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დეივიდ ჯონ გილმორი
დაბ. თარიღი 6 მარტი, 1946 (1946-03-06) (78 წლის)
დაბ. ადგილი კემბრიჯი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
არტ-როკი
ბლუზ-როკი
ფსიქოდელიური როკი
ემბიენტი
საქმიანობა გიტარისტი
ვოკალისტი
სიმღერების ავტორი
პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
ვოკალი
ბას გიტარა
ლეპ-სტილ
გიტარა

საქსოფონი
კლავიშებიანი საკრავები
ჰარმონიკა
დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1963 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI Columbia, Harvest, Capitol, Columbia, Sony, EMI
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
საიტი davidgilmour.com
დეივიდ გილმორი ვიკისაწყობში

დეივიდ ჯონ გილმორი (ინგლ. David Jon Gilmour; დ. 6 მარტი, 1946) — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი, აქტიური მონაწილე სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში. უფრო მეტად ცნობილია[1], როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი. 2012 წლისთვის ჯგუფმა დეივიდის მონაწილეობით მსოფლიოში 250 მილიონი დისკი გაყიდა, მათ შორის - 75 მილიონი აშშ-ში.[2]

გარდა პინკ ფლოიდთან შემოქმედებისა, გილმორი იყო მრავალი შემსრულებლის პროდიუსერი, მათ შორის - The Dream Academy. მას აგრეთვე სოლო კარიერა ჰქონდა. 2005 წელს მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერის წოდება, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის.[3] 2008 წლიდან იგი აგრეთვე ფლობს Q-ს ჯილდოს მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.[4] 2011 წელს „Rolling Stone“-მა იგი ყველა დროის უდიდესი გიტარისტების სიაში #14 ადგილზე დაასახელა.[5] გარდა ამისა, Planet Rock-ის მსმენელების 2009 წლის გამოკითხვის საფუძველზე დეივიდი იკავებს 36-ე ადგილს როკ-მუსიკის უდიდესი ვოკალისტების სიაში.[6]

დეივიდ ჯონ გილმორი დაიბადა 1946 წლის 6 მარტს, კემბრიჯში (ინგლისი).[7] მამა, დაგლას გილმორი გახდა ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, ხოლო დედა, სილვია (ქორწინებამდე - უილსონი) იყო მასწავლებელი და კინორედაქტორი, რომელიც BBC-ში მუშაობდა. დეივიდის დაბადების მომენტისთვის ორივე ცხოვრობდა ტრამპინგტონში (კემბრიჯშირი), მაგრამ 1956 წელს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ წყვილი საცხოვრება გრანჩესტერ-მედოუზზე გადასახლდა.[8][n 1]

მშობლებმა დიდი გავლენა იქონიეს ბიჭის მხრიდან მუსიკით დაინტერესებაზე და 1954 წელს მან შეიძინა პირველი სინგლი, ბილ ჰეილის "Rock Around the Clock".[10] მისი ენთუზიაზმი მუსიკით გაღვივდა შემდეგ წელს ელვის პრესლის "Heartbreak Hotel"-ით და მოგვიანებით - The Everly Brothers-ის "Bye Bye Love", რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დეივიდის გიტარით დაინტერესებაზე. მოგვიანებით ერთი გიტარა მეზობლისგან ითხოვა, მაგრამ არასოდეს დაუბრუნებია. დაკვრის სწავლა თავად დაიწყო, წიგნით და პიტ სიგერის მოსმენით.[11] 11 წლის ასაკში იგი ჩაირიცხვა ჰილზ-როუდზე მდებარე პერსის სკოლაში, რომელიც არ მოსწონდა.[12] იქ მან პინკ ფლოიდის მომავალი გიტარისტი სიდ ბარეტი და ბასისტი როჯერ უოტერსი გაიცნო, რომლებიც იმავე ქუჩაზე მდებარე კემბრიჯის უმაღლეს სკოლაშიც დადიოდნენ.[13]

1962 წელს გილმორმა კემბრიჯის ტექნიკურ კოლეჯში A-დონის თანამედროვე ენების შესწავლა დაიწყო.[12] მიუხედავად იმისა, რომ კურსი ვერ დაასრულა, საბოლოოდ ფრანგული ენა კარგად ჰქონდა ათვისებული.[12] ბარეტიც იმავე კოლეჯში დადიოდა და ლანჩის დროს გილმორთან ერთად გიტარაზე უკრავდა.[12] 1962 წელს დეივიდი შეუერთდა ბლუზ-როკ ჯგუფ Joker's Wild-ს. egent Sound Studio-ში (ლონდონი) მათ ჩაწერეს ერთი ერთმხრიანი ალბომი და სინგლი, თუმცა ყოველი მხოლოდ 50 ასლის ოდენობით დაიბეჭდა.[12] 1965 წელს გილმორი ესპანეთისა და საფრანგეთის ქუჩებში ბარეტთან და სხვა მეგობრებთან ერთად The Beatles-ის სიმღერებს უკრავდა. მათ არც თუ დიდი წარმატება ჰქონდათ და ერთხელ პოლიციის მიერ დაპატიმრებულებიც იყვნენ. მწირი შემოსავლის გამო გილმორი აღმოჩნდა საავადმყოფოში - საკვების უკმარობის გამო.[14] მოგვიანებით ბარეტთან ერთად დეივიდი პარიზში გაემგზავრა და ქალაქთან კარავში ცხოვრობდა, რასაც დაერთო ლუვრის მონახულებაც. [15] ამ დროს იგი სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული - იყო როგორც მძღოლი, ასევე მოდის დიზაინერ ოსი კლარკის თანაშემწე.[16]

1967 წლის შუა პერიოდში დეივიდი საფრანგეთში რიკი უილსის და უილი უილსონის თანხლებით ჩავიდა (ორივე მანამდე Jokers Wild-ში უკრავდა). ტრიო გამოდიოდა სახელით Flowers, შემდეგ კი - Bullitt, მაგრამ წარმატება არ ჰქონია. კლუბების მფლობელებს მოსმენილი ჰქონდა მათ მიერ შესრულებული ჩარტების ჰიტების ქავერ ვერსიები და არ სურდათ ჯგუფის კონცერტების ორგანიზება. პარიზში ჩასვლის შემდეგ მათ ტექნიკაც მოპარეს.[17] მაისში გილმორი დაბრუნდა ლონდონში, რათა ახალი ტექნიკა შეეძინა. ამ დროს მან მოისმინა პინკ ფლოიდის "See Emily Play", მოგვიანებით კი ბარეტს შეხვდა, რომელმაც მეგობარი ვერ იცნო.[18] Bullitt ინგლისში წლის ბოლოს დაბრუნდა. ტურნეთი უკმაყოფილო ტრიო დაიშალა.[17]

1967 წლის დეკემბრის ბოლოს დრამერმა ნიკ მეისონმა გილმორს ჰკითხა, აინტერესებდა თუ არა პინკ ფლოიდში გაწევრიანება. დეივიდი დათანხმდა და ჯგუფის მეხუთე წევრად იქცა. თავდაპირველად პინკ ფლოიდი აპირებდა სიდ ბარეტთან, როგორც სიმღერების ავტორთან თანამშრომლობის გაგრძელებას.[19] ჯგუფის მენეჯერი, პიტერ ჯენერი ამბობდა: „ჩანაფიქრი ასეთი იყო - დეივი დაფარავდა ბარეტის ექსცენტრულობას, ხოლო სიდი იქნებოდა მხოლოდ სიმღერების ავტორი. ანუ კვლავ მონაწილეობა უნდა მიეღო.“. [20] 1968 წლის მარტისთვის ბარეტთან მუშაობა მეტად რთული გახდა, ამიტომ მდგომარეობის განსახილველად პინკ ფლოიდი შეხვდა ბიზნეს პარტნიორებს, ჯენერსა და ენდრიუ კინგს.[21] შეხვედრის შედეგად ბარეტი დათანხმდა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა, ხოლო სხვა მუსიკოსები მის გარეშე განაგრძობდნენ.[22] უოტერსი: „იგი ჩვენი მეგობარი იყო, მაგრამ თითქმის მუდმივად მისი დახრჩობა გვსურდა“.[23] ჯენერმა და კინგმა, რომლებიც ბარეტს ჯგუფის შემოქმედებით გენიოსად თვლიდნენ, გადაწვიტეს მისი ინტერესების დაცვა და ჯგუფთან ბიზნეს-ურთიერთობა დაასრულეს.[24]

ბარეტის წასვლის შემდეგ გილმორი იყო პინკ ფლოიდში წამყვანი ვოკალების დიდი ნაწილის შემსრულებელი. როგორც როჯერ უოტერსი, ასევე კლავიშისტი რიჩარდ რაიტი ხშირად ასრულებდნენ წამყვან ვოკალებს. ალბომების The Dark Side of the Moon და Wish You Were Here უოტერსმა ჯგუფის მართვა საკუთარ თავზე აიღო, როგორც ალბომების Animals და The Wall ძირითადმა ავტორმა. უკანასკნელის ჩაწერისას რაიტი ჯგუფიდან იქნა გაგდებული, ხოლო გილმორთან უოტერსის ურთიერთობა დაიძაბა ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ შექმნისას, ისევე, როგორც ალბომის The Final Cut ჩაწერისას. ჯგუფის მიერ The Wall უკანასკნელად შესრულდა 1981 წლის 16 ივნისს, ერლს კორტში (ლონდონი) და იყო ოთხკაციანი შემადგენლობის უკანასკნელი კონცერტი 2005 წლის 2 ივლისამდე, როდესაც ისინი Live 8-ის ფარგლებში ლონდონის ჰაიდ-პარკში გაერთიანდნენ.[25]

გილმორის გამოსვლა პინკ ფლოიდში 1970-იანებში

1970-იანების ბოლოსთვის გილმორი თვლიდა, რომ მისი მუსიკალური შესაძლებლობები პინკ ფლოიდში საკმარისად არ იყო გამოვლენილი, ამიტომ 1978 წელს გამოსცა სოლო ალბომი David Gilmour, რომელშიც აქცენტი იყო გიტარაზე და ასახული იყო დეივიდის, როგორც სიმღერების ავტორის შესაძლებლობები. ალბომისთვის აგრეთვე იწერებოდა სიმღერა, რომელიც პინკ ფლიიდმა "Comfortably Numb"-ის სახით ჩაწერა.[26] იმ რთული ატმოსფეროს გავლენით, რომელიც ახლდა ალბომის The Wall და შემდგომი მხატვრული ფილმის, ისევე, როგორც The Final Cut-ის შექმნას (რომელიც ფაქტობრივად როჯერ უოტერსის სოლო ალბომი იყო), დეივიდმა 1984 წელს გამოსცა მეორე სოლო ალბომი About Face.[27] ალბომში იგი შეეხო როგორც პოლიტიკურ თემების, ასევე ჯონ ლენონის მკვლელობას[27] და ურთიერთობებს უოტერსთან. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ალბომი გამოსცა პინკ ფლოიდისგან დასაშორებლად. ევროპასა და აშშ-ში მან ამ ალბომით ტურნე გამართა, მხარდამჭერი ჯგუფის სახით The Television Personalities-თან ერთად. თუმცა, როდესაც უკანასკნელმა სცენიდან წაიკითხა სიდ ბარეტის სახლის ნამდვილი მისამართი, კოლექტივი ტურნედან მოიხსნა.[28] ბრიტანული ტურნეს დროს ლონდონის კონცერტზე მიწვეული მუსიკოსის სახით გამოჩნდა ნიკ მეისონიც.[29] ტურნეს დასურლების შემდეგ გილმორმა იმუშავა მრავალ მუსიკოსთან, რომელთა შორის იყო ჯგუფი The Dream Academy - ჰიტის "Life in a Northern Town" შემქმნელი.[30]

1985 წელს უოტერსმა განაცხადა, რომ პინკ ფლოიდმა საკუთარი თავი ამოწურა.[31] გილმორმა და მეისონმა მას უპასუხეს პრეს-რელიზით, რომელშიც აცხადებდნენ, რომ განაგრძობდნენ ჯგუფის სახით მუშაობას.[32] გილმორმა საკუთარ თავზე აიღო პინკ ფლოიდის მართვა და ჩაწერა მეისონის და რიჩარდ რაიტის მცირე წვლილით ჩაწერა ალბომი A Momentary Lapse of Reason.[27] რაიტი ჯგუფში იურიდიულად მხოლოდ ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ დაბრუნდა.[27] გილმორი ამბობდა: „ჯგუფის მიმართულებასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა გვქონდა, სანამ როჯერი წავიდოდა. ჩემი აზრით, სიმღერებში ძალიან დიდი რაოდენობის ტექსტები იყო და მათი მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ მუსიკა იქცა ტექსტის ფონად, და არც თუ შთამბეჭდავად. Dark Side of the Moon და Wish You Were Here ასეთი წარმატებული იყო არა მხოლოდ როჯერის წვლილის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათში იყო მუსიკასა და ტექსტებს შორის უკეთესი წონასწორობა. სწორედ ამას ვცდილობ A Momentary Lapse of Reason-ით - მეტი ყურადღება მუსიკაზე და წონასწორობის დაბრუნება“. 1986 წელს გილმორმა შეიძინა ბორანი Astoria, რომელიც ადაპტირებული იქნა ხმისჩამწერ სტუდიად.[33] პინკ ფლოიდის უკანასკნელი ალბომები, ისევე, როგორც დეივიდის On an Island[34] და Rattle That Lock ამ სტუდიაში ჩაიწერეს.

2005 წლის 2 ივლისს გილმორი შეუერთდა პინკ ფლოიდს როჯერ უოტერსთან ერთად, Live 8-ის ფარგლებში. ამ ფონზე იმატა პინკ ფლოიდის ჩანაწერებით დაინტერესებამ და ყველაზე დიდი წარმატება იქონია Echoes: The Best of Pink Floyd-მა.[35] საკუთარი შემოსავალი ამ გამოსვლიდან დეივიდმა შესწირა სხვადასხვა დაკავშირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას.[35] იგი გამოვიდა ინიციატივით, რომ Live 8-ზე გამოსულ სხვა მუსიკოსებსაც მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ. პინკ ფლოიდს აშშ-ში ტურნეს სანაცვლოდ 150 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს, რაზეც მისმა წევრებმა უარი განაცხადეს.[36]

2006 წლის 3 თებერვალს იტალიურ გაზეთ La Repubblica-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ დეივიდთან, რომელშიც იგი ხაზს უსვამდა იმას, რომ პინკ ფლოიდი სავარაუდოდ აღარასოდეს ჩაატარებდა ტურნეს ან დაწერდა ახალ მასალას. „ვფიქრობ, რაც საკმარისია, საკმარისია. 60 წლის ვარ, მეტი მუშაობის სურვილი არ მაქვს. პინკ ფლოიდი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, კარგი დრო გავატარე, მაგრამ დასრულდა. ჩემთვის ნაკლებად რთულია მარტო მუშაობა.“[37]

Live 8-ზე საუბრისას იგი ამობდა: „ამ ღონისძიების მხარდაჭერის მიზეზი ერთზე მეტი იყო. მეორე იყო დამღლელი და არასასიამოვნო ურთიერთობა როჯერთან, რომელიც გულზე მაწვებოდა. ამიტომ გვსურდა დაკვრა და ამ სიბინძურის უკან დატოვება. მესამე ის არის, რომ ვინანებდი, თუ უარს ვიტყოდი.“ 2006 წლის 20 თებერვლის ინტერვიუში დეივიდმა Billboard-თან პინკ ფლოიდის მომავალზე საუბრისას აღნიშნა: „ვინ იცის? ამის გეგმები არ მაქვს. მე მსურს საკუთარი კონცერტები და საკუთარი სოლო ალბომის გამოცემა.“

2006 წლის დეკემბერში გამოვიდა დეივიდის მიერ ჩაწერილი "Arnold Layne", როგორც მიძღვნა სიდ ბარეტისადმი, რომელიც იმავე წლის 7 ივლისს გარდაიცვალა. [38] მასში შეტანილია სიმღერის როგორც რიჩარდ რაიტის მონაწილეობით, ასევე დეივიდ ბოუისთან ერთად ჩაწერილი ვერსია. [38] სინგლი ბრიტანეთის ჩარტის #19 პოზიციაზე მოხვდა.[39]

2005 წლის Live 8-ზე გამოჩენის შემდეგ გილმორი კვლავ ამბობდა, რომ პინკ ფლოიდი აღარ გაერთიანდებოდა. მას შემდეგ, რაც რიჩარდ რაიტი 2008 წლის სექტემბერში გარდაიცვალა, გაერთიანების შესაძლებლობა საერთოდ გამოირიცხა.[40] ჯგუფის სამივე დარჩენილი წევრი აღნიშნავდა რაიტის როლს პინკ ფლოიდის ჟღერადობაში[41]. 2015 წლის აგვისტოში, ალბომის Rattle That Lock გამოცემამდე ჩაწერილ ინტერვიუებში დეივიდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ პინკ ფლოიდი დასრულებული იყო და აღარ არსებობდა. The Endless River, რომელიც ეფუძნება 1993-1994 წლებში რაიტის მონაწილეობით ჩაწერილ მასალას, 2014 წლის ნოემბერში გამოიცა, როგორც ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი.

გილმორი ძირითადად ითვლება წამყვან გიტარისტად. მის სოლოს ახასიათებს ბლუზის გავლენის მქონე ჟღერადობა, ნოტების ექსპრესიული მოხრა და მათი დროში შენარჩუნება. 2011 წელს გილმორი ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის უდიდესი გიტარისტების სიაში #14 ადგილზე დაასახელა. 2014 წლის იანვარში Guitar World-მა მისი სოლოები სიმღერებში "Comfortably Numb", "Time" და "Money" დაასახელეს ყველა დროის 100 უდიდეს სოლოს შორის (#4, #21 და #62 პოზიციებზე)[42]

პინკ ფლოიდთან მოღვაწეობისას ადრეულ პერიოდში გილმორი უკრავდა Fender Stratocaster-ის რამდენიმე მოდელზე. მისი ცნობილი სოლო სიმღერაში "Another Brick in the Wall, Part 2" ერთი დუბლით არის ჩაწერილი, მონტაჟის და რედაქტირების გარეშე, 1955 წლის Gibson Les Paul Gold Top ტიპის გიტარით, P-90-ის ბგერათამრთმევებით.[43] 1966 წელს გილმორი, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მისი სოლო "Comfortably Numb"-ში კრიტიკოსებმა და მსმენელებმა დაასახელეს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ.[44]

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ცნობილია, როგორც გიტარისტი, იგი მულტი ინსტრუმენტალისტია. დეივიდს დაუკრავს ბას-გიტარაზე პინკ ფლოიდის რამდენიმე სიმღერაში. იგი აგრეთვე იყენებდა კლავიშებიანებს, სინთეზატორებს, ბანჯოს, ლეპ-სტილ გიტარას, მანდოლინას, ჰარმონიკას და დასარტყმელ საკრავებს (სიდ ბარეტის "Dominoes"). ის აგრეთვე საქსოფონზეც უკრავს.

მრავალი კრიტიკოსი გილმორის სტილის მიმართ კეთილგანწყობილია. ლანა დი პერნას აღნიშნული აქვს იგი, როგორც პინკ ფლოიდის ჟღერადობის მნიშვნელოვანი ელემენტი.[45] მისი აზრით, დეივიდი აგრეთვე არის 1970-იანების ყველაზე მნიშვნელოვანი გიტარისტი. პერნას თქმით, დეივიდი არის "კავშირი ჰენდრიქსსა და ვან ჰალენს შორის". 2006 წლის ინტერვიუში გილმორი აღნიშნავს: "[ჩემს] თითებს გამორჩეული ჟღერადობა აქვს...სწრაფად არ უკრავენ, მაგრამ მაინც მცნობენ...ჩემ მიერ მელოდიების შესრულების ტექნიკა უკავშირდება ჰენკ მარვინს და The Shadows-ს".

2006 წელს ჯიმი ბრაუნი, Guitar World-იდან, გილმორის შესრულების სტილს აღწერდა, როგორც „მარტივ, მძლავრ რიფებს, გაბედული სოლოებით და მდიდარი, ემბიენტური აკორდული ტექსტურებით.“ ბრაუნის თანახმად, გილმორის სოლოები სიმღერებში "Money", "Time" და "Comfortably Numb" „იჭრებს მიქსში, როგორც ლაზერის სხივი ნისლში“. ბრაუნი "Time"-ის სოლოს აღწერს, როგორც „გამომეტყველების და მოტივიანი განვითარების შედევრს...გილმორი მოძრაობს და პირვანდელი იდეის განვითარებისას ახორციელებს ნახტომს მაღალ რეგისტრში...გულიანი სამმაგი არპეჯიოებით...“ ბრაუნი წერს, რომ გილმორის სტილი ინტუიციაზე აგებული და მისი, როგორც წამყვანი გიტარისტის, საუკეთესო თვისებაა. გილმორი აღნიშნავდა, რომ თავისი ცნობილი ჟღერადობის მისაღწევად იყენებს ფაზ-ბოქსს, შეყოვნებას და ეკვალაიზერის მარტივ პარამეტრებს.

ადრეული სოლო ჩანაწერები, David Gilmour და About Face

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრიუსელი, 1984. დეივიდის ტურნე About Face

პინკ ფლოიდში მოსვლამდე დეივიდმა, გარდა Jokers Wild-ისა, აგრეთვე ჩაწერა ორი სიმღერა ფრანგული ფილმისთვის „ორი კვირა სექტემბერში“ (1967), ბრიჯიტ ბარდოს მონაწილეობით - „Do You Want To Marry Me“ და „I Must Tell You Why“.

1978 წელს, როდესაც როჯერ უოტერსი ამზადებდა მასალას მომავალი ალბომებისთვის The Wall და The Pros and Cons of Hitch Hiking, დეივიდმა ჯგუფების Joker’s Wild/Flowers/Bullit წევრებთან – უილი უილსონთან (დასარტყმელი საკრავები) და რიჩარდ უილისთან (ბას-გიტარა) ერთად ჩაწერა და გამოსცა სადებიუტო სტუდიური სოლო ალბომი David Gilmour. ჩაწერა მიმდინარეობდა 1977 წლის დეკემბრისა და 1978 წლის იანვრის სესიების დროს, სტუდიაში Super Bear (მირაველი, საფრანგეთის სამხრეთი). მოგვიანებით აქ ჩაიწერა The Wall-ის მასალაც. ალბომიდან გამოიცა „There’s No Way Out Of Here“, რომელზეც შეტანილია მისი შემოკლებული ვერსია და „It's Deafinitely“ (სათაურით Deafinitely). David Gilmour კომერციულად წარმატებული არ იყო, ამიტომ მას არც ტურნე მოჰყოლია. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც დემოს სახით მასზე მუშაობისას მომზადდა, იყო „Comfortably Numb“.

მეორე ალბომი, About Face, დეივიდმა 1984 წელს გამოსცა. იგი ჩაიწერა ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის (მაიკლ კემენისა და ბობ ეზრინის დახმარებით), აგრეთვე ჯეფ პორკაროს (დასარტყმელი საკრავები), სემ ბრაუნის (ვოკალი), სტივ უინვუდის (კლავიშებიანები), ჯონ ლორდის (კლავიშებიანები), როი ჰარპერის და სხვების მონაწილეობით. სიმღერების „Love On The Air“ და „All Lovers Are Deranged“ ტექსტების ავტორი პიტ ტაუნზენდია. ალბომიდან სინგლების სახით ოფიციალურად გამოიცა „Blue Light“ და „Love On The Air“. „All Lovers Are Deranged“ გამოიცა შეზღუდულ პრომო-დისკად. „Blue Light“ და „All Lovers Are Deranged“ გამოვიდა პრომო-ვიდეოების სახითაც, MTV-სთვის.

1984 წლის 31 მარტს დეივიდმა დუბლინში (ირლანდია) დაიწყო დეივიდის პირველი საკონცერტო ტურნე, რომელიც როჯერის ტურნეს The Pros and Cons of Hitch Hiking კონკურენციას უწევდა, თუმცა ორივე შემთხვევაში, დამსწრე საზოგადოების რაოდენობა მცირე იყო. მოგვიანებით გამოვიდა ვიდეო David Gilmour, რომელსაც აგრეთვე ეწოდება David Gilmour Live 1984 ან Pink Floyd’s David Gilmour. მასში შეტანილია კონცერტი ლონდონის Hammersmith Odeon-იდან. ამ კონცერტზე „There’s no Way out of Here“ დეივიდთან როი ჰარპერმა შეასრულა, ხოლო „Comfortably Numb“-ში დასარტყმელი საკრავებზე ნიკ მეისონმა დაუკრა.

2001-2002 წლებში გილმორმა ლონდონსა და პარიზში გამართა ექვსი ნახევრად აკუსტიკური კონცერტი. მისი საკონცერტო ბენდის შემადგენლობაში შედიოდა რამდენიმე მუსიკოსი და გუნდი. ვიდეო ჩანაწერი გამოვიდა In Concert-ის სახით. [46] 2004 წლის 24 სექტემბერს იგი გამოვიდა უემბლიზე, კონცერტ The Strat Pack-ზე, რომელიც Fender Stratocaster-ის 50 წლიან იუბილეს ეძღვნებოდა.[47]

გილმორის გამოსვლა ფრანკფურტში, 2006

2006 წლის 6 მარტის, გილმორის 60 წლის იუბილეზე გამოვიდა მესამე სოლო ალბომი On an Island.[48] იგი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 პოზიციაზე[49], ხოლო გერმანიასა და შვედეთში ხუთეულში იმყოფებოდა.[50] როგორც სოლო შემსრულებელი, დეივიდი Billboard 200-ში პირველად მოხვდა, #6 პოზიციაზე.[51] ალბომი ჩაიწერა პროდიუსერების, ფილ მანზანერასა და კრის თომასის მონაწილეობით, ზბიგნევ პრაისნერის ორკესტრირებით[52] და პოლი სემსონის ტექსტებით. მოწვეული მუსიკოსების სახით მის შექმნაში მონაწილეობდნენ დეივიდ კროსბი და გრემ ნეში, რობერტ უაიეტი (კორნეტი, პერკუსია), რიჩარდ რაიტი (ორგანი, ვოკალი), [53] ჯულს ჰოლანდი, ჯორჯი ფეიმი, ენდი ნიუმარკი, ბი ჯეი კოული, კრის სტენტონი, უილი უილსონი, ბობ კლოუზი და ლეშეკ მოსძერი.[52] თავად გილმორი, გარდა სხვა ინსტრუმენტებისა, ალბომზე საქსოფონზეც უკრავს.[53] იმავე წლის 10 მარტიდან 31 მაისამდე გაიმართა დეივიდის საკონცერტო ტურნე, რასაც მოჰყვა აშშ-ის და კანადის კონცერტებიც. ტურნეს ბენდის შემადგენლობაში შედიოდნენ რიჩარდ რაიტი, დიკ პერი, გაი პრეტი და ჯონ კერინი. ევროპაში ივლისში და აგვისტოში კიდევ რამდენიმე კონცერტი გაიმართა.[54]

2006 წლის 10 აპრილს On an Island-ს კანადაში 100.000 გაყიდული ასლისთვის პლატინის სტატუსი მიენიჭა. 2007 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა როიალ ალბერტ ჰოლის კონცერტების ამსახველი ვიდეო Remember That Night[55], გადაღებული დეივიდ მალეტის მიერ.[55] 2006 წლის 26 აგვისტოს გდანსკში გამართული კონცერტის ჩანაწერი აგრეთვე გამოვიდა ალბომის და ვიდეოს Live in Gdańsk სახით, უკვე რიჩარდ რაიტის გარდაცვალების შემდეგ. ეს იყო ტურნეს ყველაზე გაფართოებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ პრაისნერი და პოლონეთის ფილარმონიული ორკესტრი.[56] ღონისძიება მიეძღვნა მოძრაობა „სოლიდარობის“ იუბილეს.

2009 წლის 25 მაისს დეივიდი ისლინგტონში, Crisis-ის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე გამოვიდა, დუეტ Amadou & Mariam-თან ერთად.[57] 2009 წლის 4 ივლისს იგი გამოვიდა ჯეფ ბეკის კონცერტზე როიალ ალბერტ ჰოლში და შეასრულა „Jerusalem“ და „Hi Ho Silver Lining“. 2009 წლის აგვისტოში მან სინგლზე გამოსცა გრემ ნეშის „Chicago – Change the World“-ის ვერსია, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდნენ კრისი ჰაინდი, ბობ გელდოფი და გერი მაკ-კინონი (სინგლი მიზნად ისახავდა უკანასკნელის მხარდაჭერას).[58] აგრეთვე გამოვიდა სიმღერის ოფიციალური ვიდეო.[59]

დეივიდ გილმორი, ბუენოს-აირესი, არგენტინა, ტურნე Rattle That Lock, 19 დეკემბერი 2015.

2010 წლის 11 ივლისს გილმორი ოქსფორდშირში ფონდის Hoping მიერ ორგანიზებულ დახურულ საქველმოქმედო საღამოზე გამოვიდა, როჯერ უოტერსთან ერთად.[60] უოტერსმა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ დეივიდი მისი ტურნეს The Wall Live ერთ-ერთ კონცერტზე გამოვიდოდა. 2011 წლის 12 მაისს დეივიდი გამოვიდა ლონდონის O2-ში, სიმღერაში „Comfortably Numb“ და გამოჩნდა ფინალში, „Outside the Wall“-ის შესრულებით. სცენაზე მასთან ერთად აგრეთვე ავიდა ნიკ მეისონი. [61]

2010 წელს The Orb-მა გილმორთან ერთად გამოსცა ალბომიMetallic Spheres,[62] რომელზეც დეივიდი ყველა ემბიენტური კომპოზიციის თანაავტორი და გიტარის შემსრულებელია. 2011 წელს Rolling Stone-მა დეივიდი დაასახელა ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში #14 ადგილზე.[63]

გრემ ნეში და ფილ ტეილორი (დეივიდის გიტარის ტექნიკოსი) ადასტურებდნენ, რომ გილმორი ახალ ალბომზე მუშაობდა[64][65][66]. ცნობილი იყო, რომ მასზე მუშაობდა დასრულდებოდა 2014 წელს. გილმორის მეუღლე, პოლი სემსონი, ამ ინფორმაციას ადასტურებდა და ამბობდა, რომ ახალი ტექსტები დაწერა.

2014 წლის 29 ოქტომბერს გილმორმა Rolling Stone-ს უამბო, რომ ახალი ალბომის ჩაწერა კარგად მიმდინარეობდა და რჩებოდა რამდენიმე თვე. მისივე თქმით, იგი იმედოვნებდა ალბომის შემდეგ წელს გამოცემას. გარდა ამისა, მან ახსენა ტურნე, თუმცა ეს, მისი თქმით, იქნებოდა, „მოხუცისთვის შესაფერისი ტურნე“. აგრეთვე ითქვა, რომ პინკ ფლოიდის ალბომის The Endless River მხარდამჭერი ტურნე არ გაიმართებოდა, ვინაიდან ეს რიჩარდ რაიტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.[67][68]

2015 წლის 14 მარტს გილმორმა გამოაცხადა მომავალი, ბრიტანული და ევროპული კონცერტების შესახებ, რომლებიც გაიმართებოდა 2015 წლის სექტემბერში-ოქტომბერში.[69] აგრეთვე ცნობილი გახდა ჩრდილოეთ ამერიკის კონცერტების თარიღებიც, 2016 წლისთვის.[70]

6 ივნისს მესამე სოლო ალბომის სამმა სიმღერამ ირლანდიაში გამართულ ლიტერატურულ ფესტივალზე გაიჟღერა, დეივიდის iPhone-ის მეშვეობით. ცნობილი გახდა მომავალი ალბომის სახელწოდებაც - Rattle That Lock.[71][72] ალბომი გამოვიდა 18 სექტემბერს. გარდა სტანდარტული ვერსიისა, აგრეთვე გამოვიდა ვერსია დამატებითი DVD-ის/Blu-ray-ს თანხლებით, რომელშიც შეტანილია საარქივო, 2007 წლის კადრები სტუდიიდან Barn, რომელშიც დეივიდი, რაიტი, პრეტი და დრამერი სტივ დისტანისლაო იწერდნენ იმპროვიზაციულ მონაკვეთებს.

საკონცერტო ტურნე Rattle That Lock Tour დაიწყო 2015 წლის 12 სექტემბერს, ბრაიტონში (სადაც დეივიდი ამჟამად ცხოვრობს). შემდეგი კონცერტები გაიმართა პულაში, ვერონაში, ფლორენციაში, ორანჟში, ობერჰაუზენში და ლონდონში. დეკემბერში კონცერტები სამხრეთ ამერიკაში გაიმართა.

2015 წლის 14 ნოემბერს გილმორს BBC Two-მ მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი David Gilmour: Wider Horizons[73].

2017 წლის 13 სექტემბერს მსოფლიო კინოთეატრებში მხოლოდ ერთი დღით გამოვიდა დეივიდის მიერ 2016 წელს, ტურნეს Rattle That Lock ფარგლებში პომპეიში გამართული კონცერტის ამსახველი ფილმი, Live at Pompeii[74].

Live at Pompeii-ის ელექტრონულ პრეს-რელიზში გილმორმა ახსენა, რომ უკვე დასრულებული აქვს მუშაობა რამდენიმე ახალ სიმღერაზე, რომლებიც არ შესულა ალბომში Rattle That Lock და შემდეგი ალბომის გამოშვების შემდეგ კვლავ იმოგზაურებდა კონცერტებით.[75]

2008 წლის 22 მაისს გილმორმა მიიღო აივორ ნოველოს ჯილდო, ცხოვრებისეული წვლილისთვის.[76] 2008 წლის შემოდგომაზე მას Q-ს ჯილდო გადაეცა, მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჯილდო მან მიუძღვნა გარდაცვლილ რიჩარდ რაიტს.[4] 2009 წლის 11 ნოემბერს ანგლია რასკინის უნივერსიტეტმა გილმორს გადასცა დოქტორის საპატიო წოდება.[77]

  • Dallas Arbiter Fuzz Face (BC109)
  • Electro Harmonix Big Muff (“Ram’s Head”)
  • Electro Harmonix Electric Mistress
  • MXR Dynacomp
  • MXR Phase 90
  • Pete Cornish (ST-2)
  • Pete Cornish - სპეციალური პედალი ვიბრატოს ეფექტით
  • Pete Cornish - ხმის სპეციალური პედალი[79]
  • Effectrode Fire Bottle
  • Effectrode PC-2A კომპრესორი
  • Origin Effects Cali 76 კომპრესორი
  • Demeter Compulator
  • Origin Effects Slide Rig კომპაქტური დელუქს კომპრესორი
  • Effectrode Helios Fuzz
  • Peterson Stomp Classic ტიუნერი
  • BK Butler Tube Driver (“Tube 1”)
  • Lehle parallel L
  • Blackstar HT-Dist
  • Effectrode Tube Drive
  • Seymour Duncan Twin Tube Blue
  • BK Butler Tube Driver (“Tube 2”)
  • Boss GE-7 equalizer
  • MXR Phase 90 (“script logo”)
  • Electro Harmonix (1976-77) Electric Mistress
  • Boss Fet Amplifier FA-1 (Electric Mistress)
  • Effectrode Tube-Vibe
  • Seymour Duncan Shape Shifter Tap Tremolo
  • Coloursound Powerboost (ორიგინალური არაძირითადი ხმის კონტროლი)
  • სპეციალური ძირითადი ხმის კონტროლი Powerboost-ისთვის
  • TRex Replica
  • Providence Chrono Delay
  • Boss DD-2 - ციფრული დაყოვნების ეფექტი[80]
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: დეივიდ გილმორი

  1. გილმორს ჰყავს სამი და-ძმა: პიტერი, მარკი და კეთრინი.[9]
  1. გილმორი, დეივიდ. Encyclopedia of Popular Music. Oxford Music Online. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2014.
  2. 250 მილიონი ალბომის შესახებ: Pink Floyd Reunion Tops Fans' Wish List in Music Choice Survey. Bloomberg Television (26 სექტემბერი 2007). ციტირების თარიღი: 2 აგვისტო 2012.; 74.5 მილიონი ალბომის შესახებ: Top Selling Artists. RIAA. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო 2012.
  3. ბლეიკი 2008, p. 378.
  4. 4.0 4.1 Q Awards 2008 Outstanding Contribution. .qawards.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2011.
  5. David Gilmour – 100 Greatest Guitarists – Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-08. ციტირების თარიღი: 2017-10-04.
  6. Robert Plant voted rock's greatest voice. MusicRadar (4 იანვარი 2009). ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2015.
  7. ფიტჩი 2005, p. 115.
  8. ბლეიკი 2008, p. 14: the house in Trumpington; მენინგი 2006, p. 10–11.
  9. ბლეიკი 2008, p. 14.
  10. მენინგი 2006, pp. 10–11.
  11. ბლეიკი 2008, pp. 18–19.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 მენინგი 2006, p. 11.
  13. ბლეიკი 2008, pp. 15–17.
  14. მენინგი 2006, p. 18: arrested for busking; PINK FLOYD – David Gilmour Photos, Biography, Apparel. Megapinkfloyd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-14. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2010.: malnutrition.
  15. მენინგი 2006, p. 18.
  16. Pattie Boyd: Wonderful Tonight, 2007.
  17. 17.0 17.1 მენინგი 2006, p. 44.
  18. მენინგი 2006, p. 38.
  19. მეისონი 2005, p. 109–111: (primary source); პოვი 2008, p. 47: (secondary source).
  20. შეფნერი 1991, p. 107.
  21. ბლეიკი 2008, p. 90–113: (secondary source); მეისონი 2005, p. 78–105: (primary source).
  22. ბლეიკი 2008, pp. 112.
  23. ბლეიკი 2008, pp. 90–113, 112.
  24. პოვი 2008, pp. 78–80.
  25. პოვი & რასელი 1997, p. 185.
  26. შეფნერი 1991, pp. 221–222.
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 Miles, Barry (1994). Pink Floyd the visual documentary, Updated, London: Omnibus. ISBN 0-7119-4109-2. 
  28. შეფნერი 1991, p. 123.
  29. ბლეიკი 2008, p. 304.
  30. ბლეიკი 2008, p. 312.
  31. პოვი 2008, pp. 240–241, 246.
  32. პოვი 2008, p. 240.
  33. ბლეიკი 2008, p. 318.
  34. Mabbett, Andy (2010). Pink Floyd – The Music and the Mystery. London: Omnibus,. ISBN 978-1-84938-370-7. 
  35. 35.0 35.1 Pink Floyd gives back. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი 2007.
  36. Pink Floyd offered millions to tour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი 2007.
  37. Il requiem di David Gilmour "I Pink Floyd? Sono finiti". la Repubblica (3 თებერვალი 2006). ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2011.
  38. 38.0 38.1 Mabbett 2010, pp. 140–141.
  39. Arnold Layne chart position. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2007.
  40. ბუთი, რობერტ. (16 სექტემბერი 2008) Pink Floyd's Richard Wright dies. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი 2013.
  41. afp.google.com, Pink Floyd's Gilmour mourns bandmate Wright. Google (16 სექტემბერი 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-19. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2011.
  42. 100 Greatest Guitar Solos: 51–100. Guitar World. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2010.
  43. ფიტჩი & მეიონი 2006, pp. 75–76.
  44. David Gilmour's Guitar Solo is Number 1. Musicjot.com (9 სექტემბერი 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-11. ციტირების თარიღი: 2015-12-22.
  45. 100 Greatest Guitarists: David Gilmour. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2014.
  46. პოვი 2008, pp. 306, 314–315.
  47. პოვი 2008, p. 315.
  48. ბლეიკი 2008, p. 387.
  49. David Gilmour Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-03. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2007.
  50. On an Island music charts. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2007.
  51. Top 200 Albums (მარტი 26, 2006). Billboard (25 მარტი 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-08. ციტირების თარიღი: 2015-10-04
  52. 52.0 52.1 პოვი 2008, p. 298.
  53. 53.0 53.1 Mabbett 2010, pp. 139–140.
  54. პოვი 2008, pp. 306–310.
  55. 55.0 55.1 Mabbett 2010, pp. 141–142.
  56. პოვი 2008, p. 310.
  57. Pink Floyd news resource. Brain Damage (27 მაისი 2009). ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2011.[მკვდარი ბმული]
  58. Chicago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2009.
  59. McKinnon Campaign. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2009.
  60. Kreps, Daniel. (12 ივლისი 2010) Pink Floyd's Gilmour and Waters Stun Crowd With Surprise Reunion. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-07. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2011.
  61. Pink Floyd bandmates reunite at Roger Waters concert. viagogo (16 მაისი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი 2013.
  62. The Orb on Gilmour's website. Davidgilmour.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2011.
  63. ვენერი 2011, p. 59.
  64. David Gilmour Recording New Album With David Crosby and Graham Nash. Ultimateclassicrock.com. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2014.
  65. Kaye, Ben. (20 ნოემბერი 2013) David Gilmour is recording a new solo album. Consequence of Sound. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2014.
  66. David Crosby and Graham Nash to guest on new David Gilmour album. Uncut (22 ივნისი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2014.
  67. David Gilmour: There's No Room in My Life for Pink Floyd (29 ოქტომბერი 2014). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი 2014.
  68. David Gilmour’s New Album "Coming Along Very Well..." in 2015 (29 ოქტომბერი 2014). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი 2014.
  69. 2015 UK and European Live Dates and New Solo Album (4 მარტი 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 4 მარტი 2015.
  70. Brandle, Lars (16 ივლისი 2015). „David Gilmour Shares New Album Details, North America Tour Dates“. Billboard. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2015.
  71. David Gilmour’s New Album Title Revealed… (7 ივნისი 2015). ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2015.
  72. David Gilmour previews new solo album Rattle That Lock: Pink Floyd member's first record in 10 years will surface this სექტემბერი (by Alex Young) (7 ივნისი 2015). ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2015.
  73. [1]
  74. David Gilmour Plots Rare 'Live at Pompeii' Film Screening (31 მაისი 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 31 მაისი 2017.
  75. David Gilmour - EPK (Live at Pompeii 2016 Part 3) (6 სექტემბერი 2017). ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2017.
  76. Nominees. The Ivor Novello Awards (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-24. ციტირების თარიღი: 2015-12-30.
  77. ARU honours Floyd's Gilmour with degree. Cambridge-news.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-23. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2010.
  78. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-30.
  79. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-30.
  80. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 2015-12-30.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.