სოლიდარობა (პოლონური პროფკავშირი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „სოლიდარობა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სოლიდარობა.
სოლიდარობა

სოლიდარობა (პოლ. Solidarność) – პოლონური პროფკავშირული ორგანიზაცია, დაარსებული 1980 წლის სექტემბერში გდანსკში. მისი ლიდერი იყო ლეხ ვალენსა.

სოლიდარობა 1980-იან წლებში[რედაქტირება]

1970–1980–იან წლებში სოციალისტურ ბანაკში გააქტიურდნენ დისიდენტური ორგანიზაციები. ამას ხელი შეუწყო საბჭოური სტილის საზოგადოებებში მორალის თანდათანობითმა დაცემამ, გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ცივი ომით გამოწვეულმა მზარდმა სტრესმა. გამონაკლისი არც პოლონეთი იყო. 1979 წელს თავის სამშობლოს ეწვია რომის პაპი იოანე-პავლე II, მას უამრავი თანამემამულე დახვდა. პაპმა მათ მოუწოდა პატივი ეცათ ეროვნული და რელიგიური ტრადიციებისთვის და გამოვიდა თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნით. ის გახდა მოახლოებულ ცვლილებათა სიმბოლო და წინამძღოლი.

1980 წელს პოლონეთში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა საქონელზე ფასების გაზრდა, ამავე დროს შრომის ანაზღაურება უნდა შემცირებულიყო. ამ ნაბიჯს მოჰყვა სხვადასხვა ქარხნის მუშათა გაფიცვები . 14 აგვისტოს გდანსკის გემთმშენებელი ქარხნის მუშების გაფიცვას სათავეში ჩაუდგა ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა. რამდენიმე დღეში გაფიცვას დაახლოებით 200 ქარხანა შეუერთდა. მათმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა 21 მოთხოვნა, მათ შორის დამოუკიდებელი პროფკავშირის ქონისა და გაფიცვის უფლება. მთავრობა იძულებული გახდა მუშათა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 1980 წლის 31 აგვისტოს მათ მუშებთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომელთაც გდანსკის შეთანხმებები ეწოდა. ამ წარმატებით ფრთაშესხმულმა ლეხ ვალენსამ მალე ჩამოაყალიბა პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელსაც „სოლიდარობა“ უწოდა. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირული ორგანიზაცია საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში. ორგანიზაციამ ქვეყანაში მალე მოიპოვა პოპულარობა. გდანსკის შეთანხმებიდან დაახლოებით 500 დღეში ამ ორგანიზაციაში 10 მილიონი მუშა, ინტელექტუალი თუ სტუდენტი გაწევრიანდა ეს იყო აქამდე ცნობილი პირველი შემთხვევა, როცა მოსახლეობის მეოთხედი თავისი სურვილით ერთ ორგანიზაციას ნებაყოფლობით შეუერთდა.


„სოლიდარობამ“ ბიძგი მისცა ფართო ანტიკომუნისტურ არაძალადობრივ მოძრაობას, რომელმაც მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო კომუნიზმის დამარცხებას. სოლიდარობის პროგრამაში ნათქვამი იყო: „ჩვენი აზრი მიმართულია ... სამართლიანობის, დემოკრატიის, სიმართლის, კანონიერების, ადამიანის ღირსების, რწმენის თავისუფლებისა და რესპუბლიკის აღდგენისკენ“.

„სოლიდარობა“ აწყობდა გაფიცვებს და სხვა საპროტესტო ღონისძიებებს და ამით ის ცდილობდა ხელისუფლების იძულებას, ცვლილება შეეტანა სახელმწიფო პოლიტიკაში. ამავე დროს, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საკმარისად ფრთხილობდა, რომ არ დაეშვა ძალადობა ორგანიზაციის მხრიდან და ამით ხელისუფლებისთვის საბაბი არ მიეცა, რათა ამ უკანასკნელს ძალა გამოეყენებინა.

გდანსკის შეთანხმების შემდეგ პოლონეთის მთავრობა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან წნეხის ქვეშ მოექცა. ამ უკანასკნელის მოთხოვნა იყო მთავრობას გაემყარებინა თავისი პოზიცია. პრემიერ მინისტრად დაინიშნა გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი, რომელმაც დაიწყო გადამჭრელი ზომების მიღება „სოლიდარობის“ წინააღმდეგ. მან ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხა, უშიშროების სამსახურმა სოლიდარობის ლიდერები დააპატიმრა და იზოლაციაში მოაქცია. ამასთან ერთად, ერთ დღეში ორგანიზაციის 5000 მხარდაჭერი დააპატიმრეს. ყველაფერზე ცენზურა დაწესდა და სამხედრო ძალები ქუჩებში გამოჩნდნენ. რამდენიმე დემონსტრაციას მოჰყვა მსხვერპლი მოჰყვა. 1982 წლის ოქტომებრში სოლიდარობა აიკრძალა.

სოლიდარობა სოლიდარობას[რედაქტირება]

მიუხედავად აკრძალვისა, მსოფლიო ლიდერებმა ორგანიზაციას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს, მათ შორის რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა, დასავლელმა კომუნისტებმა. განსაკუთრებული როლი რომის პაპისა და რონალდ რეიგანის ე.წ. „წმინდა ალიანსმა“ ითამაშა. იოანე-პავლე II-ის თხოვნით, ამერიკის პრეზიდენტმა პოლონეთს ეკონომიკური სანქცია დაუწესა. საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ შედეგი გამოიღო – 1983 წლის ივლისში ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა ოფიციალურად გაუქმდა, თუმცა, გამკაცრებული კონტროლი სამოქალაქო თავისუფლებაზე და პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალაში რჩებოდა 1980–იანი წლების ბოლომდე.

მიუხედავად იმისა, რომ „სოლიდარობის“ ლიდერები დააპატიმრეს, ორგანიზაციის იატაკქვეშა სტრუქტურებმა მოქმედება დაიწყეს. 1982 წელს მაუწყებლობა დაიწყო რადიო „სოლიდარობამ“. მიუხედავად დევნისა, ორგანიზაცია აგრძელებდა გაფიცვების ორგანიზებას, რასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხშირად მსხვერპლი მოჰყვებოდა.

სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, სოლიდარობის მრავალ წევრს ამნისტია შეეხო, მათ შორის ლეხ ვალენსასაც. 1983 წელს ის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დარგში. პოლონეთის მთავრობამ უარი განაცხადა მისთვის საზღვარგარეთის პასპორტი მიეცა, რათა ის კუთვნილი ჯილდოს მისაღებად ოსლოში ჩასულიყო. ნობელის პრემია მისმა მეუღლემ ჩაიბარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლონეთის უშიშროების სამსახურმა ყალბი დოკუმენტები შეადგინა, რომლებიც ვალენსას ამორალურ და უკანონო ქმედებების ჩადენაში ადანაშაულებდა. ამ ნაბიჯით პოლონეთის ხელისუფლებას სურდა ვალენსას კანდიდატურა ჩავარდნილიყო.

ცვლილებათა ქარი[რედაქტირება]

1985 წელს საბჭოთა ხელისუფლების სათავეში მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი. მის სახელს საბჭოთა კავშირში გატარებული არაერთი ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეფორმა უკავშირდება, რასაც მოჰყვა ცვლილებები პოლონეთშიც. პირველი ნაბიჯი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იყო. 1988 წელს პოლონეთში გაფიცვები კვლავ დაიწყო. 1989 წელს ხელისუფლებამ „სოლიდარობა“ ლეგალიზებულად გამოაცხადა. ხოლო ივნისში შედგა საპარლამენტო არჩევნები. პოლონეთის სეიმში არსებობდა შეთანხმება, რომლის ძალითაც ადგილების 65 % კომუნისტებს უნდა მიეღოთ, სამაგიეროდ სენატში, სადაც ამგვარი შეზღუდვა არ არსებობდა, კომუნისტებმა მხოლოდ 100–დან 1 ადგილი მიიღეს. პრემიერ–მინისტრი ყოფილი ოპოზიციონერი თადეუშ მაზოვეცკი გახდა. ამ არჩევნებს მოჰყვა არაერთი მშვიდობიანი ანტიკომუნისტური რევოლუცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 1990 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც შედგა, სადაც გამარჯვება ლეხ ვალენსამ მოიპოვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Garton Ash, Timothy, The Polish Revolution: Solidarity. Yale University Press, 2002