ნორვეგიული ჯვაროსნული ლაშქრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორვეგიული ჯვაროსნული ლაშქრობ
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 1107-1110
მდებარეობა იბერია, ბალეარის კუნძულები, პალესტინა
შედეგი ჯვაროსნების გადამწყვეტი გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
შეიქმნა სიდონის სენიორია
მხარეები
ჯვაროსნები სარკინოზები
მეთაურები
სიგურდ I ჯვაროსანი
ბალდუინ I
ოლდერაფო ფალერო
ძალები
ნორვეგიელები
  • 5 000 კაცი
  • 60 გემი[1]
უცნობია
დანაკარგები
უცნობია მძიმე

ნორვეგიული ჯვაროსნული ლაშქრობა — ერთ-ერთი ჯვაროსანთა დაპყრობითი ხასიათის სამხედრო ექსპედიცია. მიმდინარეობდა 1107-1110 წლებში, სიგურდ I ჯვაროსანის მეთაურობით.[2] იგი იყო პირველი სკანდინავიელი მეფე, რომელმაც წმინდა მიწაზე დადგა ფეხი. ამ ლაშქრობის დროს, ნორვეგიელებმა ყველა ბრძოლაში გაიმარჯვეს.

მოგზაურობა იერუსალიმისკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორვეგიიდან ინგლისამდე (1107-8)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1107 წლის შემოდგომაზე სიგურდი და მისი არმია სამოცი გემით გავიდა ზღვაში. ჯარისკაცების რიცხვი დაახლოებით 5 000-ს შეადგენდა.[1] ამავე შემოდგომაზე ისინი ინგლისს მიადგნენ, სადაც მეფობდა ჰენრი I. ნორვეგიელებმა ინგლისში გამოიზამთრეს და 1108 წლის გაზაფხულზე გზა გააგრძელეს.

იბერიის ნახევარკუნძულზე (1108-9)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე თვის შემდეგ ნორვეგიელებმა მიაღწიეს სანტიაგო-დე-კომპოსტელას,[3] სადაც ადგილობრივმა ლორდმა მათ მისცა უფლება გამოეზამთრათ. ზამთრის დადგომისთანავე შეიქმნა საკვების დეფიციტი და ლორდმა უარი განაცხადა საკვების მიყიდვაზე. სიგურდი თავს დაესხა მის სასახლეს და გაძარცვა იგი.

მოგზაურობის დროს სიგურდი შეეყარა მეკობრეთა დიდ ფლოტს, რომლებიც სავაჭრო გემებს ძარცვავდნენ. მან სწრაფი შტურით მალევე გაანადგურა ისინი და მათი რვა გემი თავის არმიას შემატა.

ამის შემდეგ ჯვაროსნები მიადგნენ ალ-ანდალუსიის ერთ-ერთ ციხეს, სახელად მავრების ციხესიმაგრეს (დღევანდელი სინტრა). მათ აიღეს ციხე და ყველა დახოცეს, რადგან გაქრისტიანებაზე უარი მიიღეს. შემდგომ ისინი გაემართნენ ლისაბონისკენ — „ნახევრად ქრისტიანული და ნახევრად წარმართული ქალაქი“-სკენ, რომელიც წარმოადგენდა გამყოფ ხაზს ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის. ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი და მოიპოვეს დიდი განძი.

ლისაბონიდან ისინი გაეშურნენ ალკასერისკენ (დღევანდელი ალკასერ-დუ-სალი) და აიღეს იგი.[3] აქ იმდენად დიდი რაოდენობით ხალხი გაწყვიტეს, რომ შესაძლოა ითქვას ქალაქი დაცარიელდა. ჯვაროსნებმა ქალაქში უამრავი ძვირფასეულობაც მოიპოვეს.

ბალეარის კუნძულებზე (1109)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიგურდის მოგზაურობის მარშრუტი

გიბრალტარის სრუტეში ნორვეგიელებმა რამდენიმეჯერ დაამარცხეს მეკობრეები და შორს აღმოჩნდნენ არაბული მიწებიდან[3] ხმელთაშუა ზღვაში და მიადგნენ ბალეარის კუნძულებს. ეს კუნძულები წარმოადგენდა მეკობრეთა მთავარ თავშესაფარს და მონებით ვაჭრობის მთავარ ცენტრს. ნორვეგიელთა თარეში იყო ქრისტიანების პირველი თავდასხმა მუსლიმურ ბალეარის კუნძულებზე.[3]

პირველ რიგში ისინი მიადგნენ ფორმენტერას, სადაც მათ მოუვიდათ შეტაკება მრავალრიცხვოვან სარაცინებთან. ბრძოლაში ჯვაროსნებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ამ კუნძულის ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე თალსაჩინო მოვლენა.[3] ამ გამარჯვების შემდეგ სავარაუდოდ მათ მოიპოვეს უდიდესი ძვირფასეულობა და შეუტიეს ივისასა და მენორკას. როგორც ჩანს ნორვეგიელებმა თავი შეიკავეს მალიორკაზე შეტევისგან, რომელიც საკმაოდ ძლიერ ქალაქს წარმოადგენდა.[3] ნორვეგიელთა გამარჯვებებმა განაპირობა 1114-1115 წლების ქრისტიანთა ლაშქრობის წარმატება.[3]

სიცილიაზე (1109-1110)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1109 წლის გაზაფხულზე ნორვეგიელებმა მიაღწიეს სიცილიას, სადაც მათ კეთილგანწყობით შეხვდა 12-13 წლის გრაფი როჯერ II.

იერუსალიმის სამეფოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1110 წლის ზაფხულში ჯვაროსნები მიადგნენ აკრას[3] (შესაძლოა იაფას).[1] შემდეგ სიგურდი ჩავიდა იერუსალიმში და შეხვდა ბალდუინ I-ს. ისინი თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, გაემართნენ იორდანესკენ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. ნორვეგიელებმა მათ უამრავი სიწმინდე და ძვირფასეულობა გადასცეს.

სიდონის ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიგურდი ბალდუინთან ერთად გაეშურა სირიაში და ალყა შემოარტა სიდონს. 47 დღის შემდეგ ქალაქი დაეცა. ამ გამარჯვების შემდეგ ჩამოყალიბდა სიდონის სენიორია.

მოგზაურობა ნორვეგიისკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინოპოლისკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიგურდის არმია

სიგურდი არმიითურთ გაემგზავრა კვიპროსში, სადაც ცოტა ხანი დაჰყო, დაუცადა ზურგის ქარს და გასცურა საბერძნეთისკენ. ისინი მიადგნენ კონსტანტინოპოლს, მათ აქ იხილეს „მიწა სადაც არსებობდა უამრავი დაბა, სოფელი დაქალაქი. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეოდა, ინტერვალის გარეშე“. მთელი ქალაქის მოსახლეობა გამოვიდა გარეთ, რათა სიგურდს შეხვედროდა. იმპერატორმა ალექსი I-მა გახსნა ქალაქის ნავსადგური.

ნორვეგიისკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც სიგურდმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა, ბიზანტიის იმპერატორს ცხენების სანაცვლოდ მთელი თავისი ფლოტი და ძვირფასეულობა გადასცა. უამრავი მისი ჯარისკაცი დარჩა კონსტანტინოპოლში და ბიზანტიელთა სამსახურში ჩადგა.

სიგურდის მოგზაურობა სავარაუდოდ სამი წელი გაგრძელდა.[3] მან გაიარა ბულგარეთი, უნგრეთი, პანონია, შვაბია, ბავარია, სადაც ლოთარ II-ს შეხვდა. აქედან იგი გაემართა დანიისკენ, სადაც მეფე ნილსმა მას გემი აჩუქა, რის საშუალებითაც სახლში დაბრუნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Krag, Klaus. Sigurd 1 Magnusson Jorsalfare. Norsk biografisk leksikon.
  2. Riley-Smith, 1982, გვ. 103
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Gary B. Doxey (1996), "Norwegian Crusaders and the Balearic Islands" დაარქივებული 2016-06-30 საიტზე Wayback Machine. , Scandinavian Studies, 10–1.