ფრიდრიხ II შტაუფენი
ფრიდრიხ II (დ. 26 დეკემბერი 1194, ეზი, ანკონის პროვინცია — გ. 13 დეკემბერი 1250, ფიორენტინოს ციხესიმაგრე, იტალია) — შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი საღვთო რომის იმპერატორი და შტაუფენების დინასტიის მეთაური. მისი გავლენა ვრცელდებოდა იტალიიდან გერმანიამდე და თვით იერუსალიმამდეც კი, თუმცა მისმა მტრებმა, განსაკუთრებით პაპებმა, მაინც სძლიეს მას და გარდაცვალების შემდეგ მალევე შტაუფენების დინასტია დაიშალა.
ფრიდრიხ II 1220 წლიდან სიკვდილამდე (1250) იყო საღვთო რომის იმპერატორი. ამასთან, მან ჯერ კიდევ 1212 წელს მიიღო რომაელთა მეფის ტიტული, ხოლო 1215 წლიდან არაპირდაპირ განაგებდა იმპერიას. შესაბამისად, ის იყო გერმანიის, იტალიისა და ბურგუნდიის მეფე. სამი წლის ასაკში, ფრიდრიხი აკურთხეს სიცილიის მეფედ და იყო დედის, კონსტანცია სიცილიელის თანამმართველი, რომელიც თავის მხრივ როჯერ II-ის ქალიშვილი იყო. ფრიდრიხის კიდევ ერთი სამეფო ტიტული იყო იერუსალიმის მეფე, რომელიც ეფუძნებოდა ქორწინებას და მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობას.
ფრიდრიხს მმართველობის განმავლობაში გამუდმებული ომი ჰქონდა პაპებთან, ამის გამო ოთხჯერ იქნა ეკლესიიდან განკვეთილი. პაპი გრიგოლ IX იმდენად შორს წავიდა, რომ ფრიდრიხი ანტიქრისტედ გამოაცხადა.
ექვს ენაზე (ლათინური, სიცილიური, გერმანული, ფრანგული, ბერძნული და არაბული) მოსაუბრე ფრიდრიხი ცდილობდა ღრმად შეესწავლა მეცნიერებისა და ხელოვნების დარგები. მან ითამაშა მთავარი როლი სიცილიის სკოლებში ლიტერატურის განვითარებაში.
1250 წელს, ფრიდრიხის სიკვდილის შემდეგ, შტაუფენთა (ჰოჰენშტაუფენთა) დინასტია დასასრულისკენ წავიდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|