ასკალონის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასკალონის ალყა — შვიდთვიანი ალყა, რომელიც შემორტყმული იყო ფატიმიანთა ასკალონის ციხესიმაგრეს. საბოლოოდ დასრულდა ჯვაროსანთა გამარჯვებით და ეს ტერიტორია იერუსალიმის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასკლონი იყო ფატიმიანთა ეგვიპტის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სასაზღვრო ციხე. ასკალონთან ახლოს ბრძოლა 1099 წელს გაიმართა მას შემდეგ, რაც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა და იერუსალიმი ჯვაროსანთა ხელში გადავიდა. მიუხედავად ევროპელთა გამარჯვებისა, ბანაკში არსებულმა შიდა დაპირისპირებამ გამოიწვია ის, რომ ციხესიმაგრე მუსლიმთა ხელში დარჩა. ამის შემდეგ, ფატიმიანი მმართველები აწყობდნენ ყოველწლიურ მარბიელ ლაშქრობებს იერუსალიმის სამეფოში, რისთვისაც ბლოკპოსტად ასკალონს იყენებდნენ. შესაბამისად სამეფოს სამხრეთი საზღვარი არასტაბილური აღმოჩნდა. ციხის აღებით ჯვაროსნებს ეგვიპტისაკენ გზა გაეხსნებოდათ. ამიტომაც ფატიმიანთა გარნიზონი დიდი და ძლიერი იყო.

1148 წელს მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში დამარცხების შემდეგ, კონრად III-მ ალყა შემოარტყა ასკალონს, მაგრამ იძულებული გახდა მოეხსნა ალყა, რადგან იერუსალიმიდან და სხვა ჯვაროსნებისაგან დახმარება არ მიუვიდა. ამავდროულად, იერუსალიმის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები გაერთიანდა ნურ ალ-დინ ზანჯის ხელში, რომელიც ალეპოსა და მოსულს მართავდა და მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ დამასკოც თავის კონტროლის ქვეშ მოაქცია. 1149 წელს ნურ ალ-დინმა ანტიოქიის მთავარი დაამარცხა ინაბის ბრძოლაში. მან ვერ შეძლო ანტიოქიასა და იერუსალიმში ღრმად შეჭრა, მაგრამ მცირე ზომის ჯვარსნული სახელმწიფო აღმოჩნდა მათ ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით გაერთიანებული მუსლიმი მტრების გარემოცვაში, ძლიერი მმართველით სათავეში. ჯვაროსნებს ეგვიპტისაკენ უნდა მიეპყრათ ყურადღება, რათა გაეფართოვებინათ ტერიტორიები.

დაახლოებით 1150 წელს ბალდუინ III-მ აღადგინა ქალაქი ღაზა, რომელიც ახლა ნანგრევებშია. ქალაქი გადაეცა ტამპლიერ რაინდებს, რომლებიც მუსლიმი მარბიელების წინააღმდეგ იყენებდნენ მას. მდებარეობდა ასკალონიდან 16 კმ-ით (10 მილით) ჩრდილო-აღმოსავლეთით. იერუსალიმის სამეფოს დაარსების დღიდან, სხვა ციხესიმაგრეების აშენებაც დაიწყო ასკალონისაგან დასაცავად. ასეთი ციხეები იყო: იბელინი (32 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ასკალონიდან, ზღვის სანაპიროზე), ბლანშეგარდი (24 კმ-ით აღმოსავლეთ–ჩრდილო-აღმოსავლეთით ასკალონიდან), ბეტ გიბელინი (31 კმ-ით აღმოსავლეთით ასკალონიდან)[1] და მონჟისარი (რამლის სიახლოვეს, 45 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ასკალონიდან).

თუმცა, იერუსალიმის სამეფო მალე გაეხვა სამოქალაქო ომში. ბალდუინ III სამეფოს სამართლებრივი მემკვიდრე იყო, მაგრამ დედამისი მელისენდა 1143 წლიდან რეგენტის სახით მართავდა იერუსალიმს. 1152 წელს ბალდუინმა საბოლოოდ მოითხოვა სრული კონტროლის ხელში აღება; ხანმოკლე ბრძოლების შემდეგ მან მიზანს მიაღწია. მოგვიანებით, ამავე წელს ბალდუინმა დაამარცხა დასაპყრობად წამოსული თურქ-სელჩუკები. ამ გამარჯვებით გახალისებულმა ბალდუინმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ასკალონს 1153 წელს. იგი მთელი არმიით გაემართა ასკალონისაკენ და იანვარში დაიწყო გარშემო მდებარე ხილის ბაღების განადგურება. ბანაკში იმყოფებოდნენ: პატრიარქი ფულკერ ანგულემელი, რაიმონ დე პიუი, ბერნარ დე ტრომელე და სხვა დიდი ბარონები, მათ შორის: ჰუგო დე იბელინი, ფილიპ დე მილი, ონფრუა II ტორონელი და რენო დე შატიიონი. ციხესიმაგრე ალყაში მოაქციეს როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან, რაშიც დაეხმარათ ფლოტი, ჟერარ სიდონელის მეთაურობით. ჯვაროსნულ ძალებს ასევე აძლიერებდა იმ მომლოცველთა დიდ ჯგუფი, რომლებიც იერუსალიმში მიდიოდნენ მოსალოცად.

ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის გარნიზონს შეადგენდა ადგილობრივი კანანიის ტომის მებრძოლები, აგრეთვე ქალაქს იცავდა კაიროდან გამოგზავნილი კავალერიის კონტიგენტი — 400–600 ჯარისკაცი, რომლებიც მონაცვლეობდნენ ყოველ 6 თვეში.[2] ჯვაროსანთა თავდასხმის საპასუხოდ, ვეზირმა იბნ ალ-სალარმა დაიწყო მზადება ქალაქის დასახმარებლად მარტში, ასევე საზღვაო ექსპედიცია.[3] მათი არმია დაიძრა და მიაღწია ბილბეისს, ხოლო იბნ ალ-სალარი ფლოტის საბოლოო მომზადებას ხელმძღვანელობდა, როგორიცაა საფლოტო შემოწმება და ეკიპაჟისათვის ფულის გადახდა. ბილბეისთან მყოფი არმიის მეთაური ალ-სალარის გერი — აბას იბნ აბი ალ-ფუტუჰი იყო, რომელმაც გადაწყვიტა შეთქმულების მოწყობა ალ-სალარის მოსაკლავად, რაც 3 აპრილს განხორციელდა. არმია კაიროში დაბრუნდა, აბასი ახალი ვეზირი გახდა, ხოლო ასკალონი ბედის ანაბარა დატოვეს.[4][5] ფატიმიანთა ფლოტი ასკალონისაკენ მიდიოდა და ადვილად შეეძლო ჯვაროსანთა 15 გემისაგან შემდგარი ესკადრონის დამარცხება, მაგრამ ქალაქის ნავსაყუდელს არ შეეძლო ამ ფლოტისათვის დიდი ხნით დახმარების გაწევა და ფლოტი ეგვიპტეში დაბრუნდა.[4]

აიგო საალყე კოშკები. ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები და ორივე მხარე განიცდიდა გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. ასკალონი იყო უზარმაზარი და პრაქტიკულად მიუწვდომელი; მისი მასიური კედლებისა და კარიბჭეების მიღმა იმყოფებოდა მოალყეებზე ორჯერ მეტი გარნიზონი, მათ ჰქონდათ ერთი წლის სამყოფი საკვების მარაგი. მაისში ეგვიპტური ფლოტი შევიდა ქალაქის ნავსადგურში, რათა ხელახლა შეევსო ასკალონის მარაგები; ჟერარ სიდონელის მცირე ფლოტს არ შეეძლო მათი შეჩერება. თუმცა, ასკალონის დაცემა განაპირობა თვით ალყაში მოქცეულთა დაუდევრობამ: მათ სცადეს ჯვაროსანთა ერთ-ერთი საალყო კოშკის დაწვა, მაგრამ ქარის გამო ცეცხლი ქალაქის კედლებს მოედო, რამაც მათი მასიური ნაწილის დაშლა გამოიწვია. ვილჰელმ ტვიროსელის მიხედვით, ორდენის რაინდები ბალდუინის უცოდინრად შეიჭრნენ ქალაქში, რის შედეგადაც ორმოცამდე რაინდი და ბერნარ დე ტრომელე დახოცილ იქნენ რაოდენობრივად უფრო მეტი გარნიზნის წევრების მიერ. მათი სხეულები ბურჯებზე გამოფინეს, ხოლო თავები ხალიფას გაუგზავნეს კაიროში. სხვა ჩანაწერების თანახმად, რომელიც შექმნილია დამასკელი მემატიანის მიერ, ქალაქის კედლების გარღვევა მისი დაცემის მომასწავებელი იყო; ის საერთოდ არ იხსენიებს ტამპლიერთა შეჭრას. იქიდან გამომდინარე, რომ ვილჰელმ ტვიროსელს არ უყვარდა ორდენი და ევროპაში ჯვაროსნული ომებისას საკმაოდ უზუსტო ახალი ამბები აღწევდა, მისი ნაშრომი სიფრთხილით უნდა განვიხილოთ; მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ ბერნარი ბრძოლის დროს დაიღუპა.

დაღლილობის გამო ჯვაროსნები ალყის მოხსნაზე ფიქრობდნენ. პატრიარქმა და ჰოსპიტალიერებმა მეფე დაარწმუნეს, რომ გამარჯვების ზღვარზე იყვნენ. სამი დღის შემდეგ კიდევ ერთი შეტევა მოხდა და სხვა შესასვლელიც გაიხსნა. 19 აგვისტოს ჯვაროსნები ქალაქში შეიჭრნენ, სამი დღის შემდეგ ციტადელში გამაგრებულებიც დანებდნენ. მოსახლეობას საშუალება მიეცა უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ასკალონი, მათი უმრავლესობა ეგვიპტეში წავიდა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასკალონი იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე იგი ბეთლემის ეპარქიაში შედიოდა. ქალაქის მეჩეთი ეკლესიად გადაკეთდა. ასკალონი შევიდა იაფის საგრაფოში, რომელსაც ამ დროს მეფის ძმა — ამალრიკი მეთაურობდა. იაფის და ასკალონის საგრაფო გახდა სამეფოს მთავარი სენიორია და გადაეცემოდა აპანაჟის სახით ან ყველაზე ძლიერ ბარონებს. ასკალონის დაცემამ ხელი შეუწყო ფატიმიანთა ეგვიპტის დაკნინებას. 1162 წელს ამალრიკი მისი ძმის მემკვიდრე გახდა და 1160-იანებში რამდენიმე ლაშქრობა მოაწყო ეგვიპტეში ასკალონიდან (იხ. ჯვაროსანთა ლაშქრობები ეგვიპტეში). ეს ლაშქრობები უშედეგოდ დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Damascus Chronicle of the Crusaders, extracted and translated from the Chronicle of Ibn al-Qalanisi. Edited and translated by H. A. R. Gibb. London, 1932.
  • William of Tyre. A History of Deeds Done Beyond the Sea. Edited and translated by E. A. Babcock and A. C. Krey. Columbia University Press, 1943.
  • Daftary, Farhad (1992). The Isma'ilis: Their History and Doctrines. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-42974-0. 
  • Lev, Yaacov (1991). State and Society in Fatimid Egypt. Leiden: Brill. ISBN 9789004093447. 
  • Steven Runciman, A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East, 1100-1187. Cambridge University Press, 1952.
  • Malcolm Barber, The New Knighthood (Great Britain; Cambridge University Press, 1994), p. 74-75
  • Smail, R. C. Crusading Warfare 1097-1193. New York: Barnes & Noble Books, (1956) 1995. ISBN 1-56619-769-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. Smail, p 211
  2. Lev 1991, pp. 103, 126–127.
  3. Lev 1991, pp. 103–104.
  4. 4.0 4.1 Lev 1991, p. 104.
  5. Daftary 1992, p. 250.