ლიმასოლი
| ქალაქი | |
|---|---|
|
ლიმასოლი Λεμεσός | |
|
ქალაქ ლიმასოლის პანორამა | |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 34°40′29″ ჩ. გ. 33°02′39″ ა. გ. / 34.67472° ჩ. გ. 33.04417° ა. გ. |
| მმართველი | იანის არმეფტისი |
| ფართობი | 44.87 კმ² |
| ოფიციალური ენა | ბერძნული ენა და თურქული ენა |
| მოსახლეობა | 107 970 (2021)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+2[2] და UTC+3[2] |
| სატელეფონო კოდი | 357 25 |
| საფოსტო ინდექსი | 3010–3150 |
| ოფიციალური საიტი | https://www.limassol.org.cy/ |
ლიმასოლი, ლემესოსი — ქალაქი კვიპროსის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ლიმასოლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 107 ათასი კაცი (2021). ღვინისა და კონიაკის წარმოების მთავარი ცენტრი.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება „ლიმასოლი“ ძველი ბერძნული სიტყვიდან „ნემესოს“ (ბერძნულად „Νέμεσος“) მომდინარეობს, რაც „შუაში მყოფს“ ნიშნავს. სავარაუდოდ, იგულისხმება ქალაქის მდებარეობა ანტიკური ქალაქების, ამათუსსა და კურიონს შორის. დროთა განმავლობაში სახელწოდება „ლემესოსად“ განვითარდა.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიმასოლი მდებარეობს ამათუსისა და კურიონის უძველეს ქალაქ-სამეფოებს შორის. ორივე მათგანი დაახლოებით ძვ. წ. 1100 წელს ბერძენი მოსახლეების მიერ დაარსდა. ლიმასოლის თანამედროვე ტერიტორიაზე დასახლებები, სავარაუდოდ, ამათუსის დაცემისა და განადგურების შემდეგ, დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში შეიქმნა. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის კვალი ნეოლითის პერიოდიდან (ძვ. წ. 7000 წელი) ფიქსირდება. ხიროკიტია, რომელიც უშუალოდ ლიმასოლში არ მდებარეობს, ადრეული სასოფლო-სამეურნეო თემების არსებობაზე მიუთითებს. ბრინჯაოს ხანაში უფრო განვითარებული საზოგადოება შეინიშნება, დასტურდება მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობა და კულტურული ურთიერთობები. ამ ადრეულმა დასახლებებმა და ქალაქ-სამეფოებმა საფუძველი ჩაუყარა ლიმასოლის განვითარებას, ჩამოაყალიბა რა მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. ძველი მწერლებისა და გეოგრაფების ნაშრომებში ქალაქის დაარსების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.[5][6][7]
451 წელს ჩატარებული ქალკედონის კრების თანახმად, ქალაქის დაარსებაში, რომელიც მოგვიანებით თეოდოსიანად და ნეაპოლისად მოიხსენიებოდა, ადგილობრივი და ასევე, ამათუსისა და არსინოეს ეპისკოპოსები მონაწილეობდნენ.[8] ნეაპოლისელი ეპისკოპოსი ლეონტიოსი VII საუკუნის მნიშვნელოვანი საეკლესიო მწერალი იყო. VII სინოდის (757 წელი) ჩანაწერებში ქალაქი საეპისკოპოსო ეპარქიად არის მოხსენიებული. X საუკუნისთვის ქალაქი ლემესოსის სახელით იყო ცნობილი.[9]
შუა საუკუნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიმასოლის ისტორიაში მნიშვნელოვანია მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის მოვლენები. ინგლისის მეფე, რიჩარდ ლომგული, 1190 წელს წმინდა მიწაზე მიემგზავრებოდა.[10] მისი საცოლე, ბერენგარია ნავარელი, და მისი და, ჟანა, ასევე იქ მიემგზავრებოდნენ, მაგრამ სხვა გემით.[10] ქარიშხლის გამო, ქალბატონების გემი ლიმასოლში შევიდა. კვიპროსის ბიზანტიელმა გუბერნატორმა, ისააკ კომნენოსმა, დიდგვაროვნები ნაპირზე მიიწვია გამოსასყიდის სანაცვლოდ მათი შეპყრობის განზრახვით, მაგრამ მათ უარი თქვეს. პასუხად, იმპერატორმაც უარი თქვა ლიმასოლის მისადგომებთან მათ გაჩერებაზე და ქალბატონებსაც, ტყვედ ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად, კვლავ ზღვაში გასვლა მოუხდათ. როდესაც რიჩარდი ლიმასოლში ჩავიდა და ისააკ კომნენოსს შეხვდა, წმინდა მიწის განთავისუფლების ლაშქრობაში დახმარება სთხოვა.[10] თავდაპირველად ისააკი დათანხმდა, მოგვიანებით კი გადაიფიქრა. რიჩარდმა ის შეიპყრო და მთელი კუნძული ანგლო-ნორმანებმა დაიკავეს, რითაც კვიპროსზე ბიზანტიის ხანგრძლივი ბატონობა დასრულდა. ინგლისის მეფემ ბერენგარიასთან თავისი ქორწინება კვიპროსზე აღნიშნა, რომელმაც ინგლისის დედოფლის გვირგვინი მიიღო. რიჩარდმა გაანადგურა ქალაქი ამათუსი, მისი მაცხოვრებელი კი ლიმასოლში გადმოასახლეს.[10]
ერთი წლის შემდეგ, 1191 წელს, კვიპროსი 100 000 ბეზანტად იყიდეს ტამპლიერებმა, მდიდარი ბერებისა და ჯარისკაცების ორდენმა, რომელთა მიზანი იერუსალიმში წმინდა საფლავის დაცვა იყო.[10]

გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად ორდენის რაინდებმა მაღალი გადასახადები დააწესეს. ამან კვიპროსელთა აჯანყება გამოიწვია. რიჩარდმა მათი თხოვნა შეისმინა და ახალი მყიდველი იპოვეს: კათოლიკე გი დე ლუზინიანი პუატუდან, რომელმაც კვიპროსი ლუზინიანების საგვარეულოს გადასცა, რითაც საფუძველი ჩაეყარა შუა საუკუნეების კვიპროსის სამეფოს.[11][12]
მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში (1192–1489) ლიმასოლისთვის კეთილდღეობის ხანა იდგა. კვიპროსში მოღვაწეობდნენ დიდი რაოდენობით ლათინელი ეპისკოპოსები, რომლებიც 1570 წელს ოსმალეთის მიერ კვიპროსის დაპყრობამდე შემორჩნენ. ლათინელებმა დააარსეს მონასტრები და იქ დასახლდნენ. XIII საუკუნეში კვიპროსში, განსაკუთრებით კი ლიმასოლში, ვაჭრების დასახლების შემდეგ გაიზარდა მოსახლეობის კეთილდღეობა. ქალაქის ნავსადგური იქცა ტრანსპორტისა და ვაჭრობის ცენტრად, რამაც ხელი შეუწყო მის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.[5]
ვენეციური მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1489 წელს, კვიპროსის დედოფალმა კატერინა კორნარომ კუნძული ვენეციას მიჰყიდა.[13] ვენეციელები კვიპროსით არ იყვნენ დაინტერესებულნი და მხოლოდ გადასახადების და კუნძულის რესურსების მიღება სურდათ. მათ ყველა მაცხოვრებელს შემოსავლის მესამედის გადახდა დააკისრეს, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტების. მოგზაურები, რომლებიც XVI საუკუნეში კვიპროსს სტუმრობდნენ, წერდნენ კუნძულის ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბეზე.[5]
1538 წელს ქალაქი და მისი ციხე ოსმალებმა აიღეს. კვიპროსის ვენეციელმა მმართველმა, შეძლო ციხის დაბრუნება, თუმცა გარდაუვალი დაპყრობის მოლოდინით, მისი დანგრევა გადაწყვიტა. 1567-1568 წლებში ციხე განადგურდა. ორი წლის შემდეგ ოსმალებმა ქალაქი საბოლოოდ აიღეს.[14]
ოსმალური მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოსმალეთის იმპერიამ კვიპროსი 1570–1577 წლებში დაიპყრო.[15][16] ლიმასოლი 1570 წლის ივლისში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა. 1576 წელს ოსმალეთის მიერ კვიპროსის ანექსიის შემდეგ, ლიმასოლის ძველი ციხის ნაშთები ახალ ოსმალურ ციხესიმაგრეს შეუერთეს, რომლის მშენებლობა 1590 წელს დასრულდა და რომელიც მნიშვნელოვნად გამაგრდა. მიწისქვეშა ტერიტორია და პირველი სართული ციხის საკნებად გადაკეთდა და 1950 წლამდე გამოიყენებოდა.[14]
ზოგიერთი უბანი, ძირითადად ქალაქის აღმოსავლეთით, უპირატესად ბერძნული იყო, ხოლო დასავლეთით — თურქული, ციხის გარშემო შერეული დასახლებით. ქრისტიანები პატარა, დაბალ სახლებში ცხოვრობდნენ, სადაც შესასვლელად მოხრა იყო საჭირო. ეს განზრახ იყო გაკეთებული, რათა თურქებს სახლებში ცხენებით შეღწევა ვერ შეძლებოდათ. ოსმალური მმართველობის პერიოდში კვიპროსი დაკნინდა. დამპყრობლებს განვითარებაში არანაირი წვლილი არ შეჰქონდათ და ბერძნები და თურქები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობდნენ. ოსმალების მხრიდან ინტერესის ნაკლებობის, ჩაგვრისა და მაღალი გადასახადების გამო, კვიპროსელთა ინტელექტუალური განვითარების დონე დაეცა.[5]
ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბერძნების განათლებაში 1754–1821 წლებში. ამ წლებში კუნძულზე დაარსდა მრავალი ახალი სკოლა, რომელთაგან აღსანიშნავია ლიმასოლის ბერძნული სკოლა (ახლანდელი ლანიტიოს ლიცეუმი). სკოლებში ისწავლებოდა საბერძნეთის ისტორია, თურქული და ფრანგული ენები.[5]
ბრიტანეთის კოლონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1878 წელს, კვიპროსის საიდუმლო კონვენციის შემდეგ, ბრიტანელებმა კვიპროსზე ადმინისტრაციული კონტროლი დაამყარეს. ლიმასოლის პირველი ბრიტანელი გუბერნატორი პოლკოვნიკი უორენი იყო.[17] მას განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა ლიმასოლის მიმართ და მისი მმართველობის პირველივე დღეებიდანვე, ქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გაიწმინდა გზები, ქალაქის ცენტრი გასუფთავდა ცხოველებისგან, შეკეთდა გზები, დაირგო ხეები და აშენდა ნავმისადგომები. 1880-იან წლებში ცენტრალური ტერიტორიების განათებისთვის დამონტაჟდა ფარნები. 1912 წელს ძველი ფარნები ელექტროენერგიამ ჩაანაცვლა.[17]
ბრიტანული ოკუპაციის პირველივე წლებიდან, მუშაობა დაიწყო ფოსტამ, ტელეგრაფმა და საავადმყოფომ.[17] 1880 წელს გაიხსნა პირველი სტამბა. სწორედ ამ სტამბაში გამოიცა გაზეთები „ალითია“ და „ანაგენნისისი“ 1897 წელს.

XIX საუკუნის ბოლოს, ამოქმედდა პირველი სასტუმროები. მათ შორის იყო „ევროპა“ და „ამათუსი“. ბრიტანელების მიერ განხორციელებულმა ამ ცვლილებებმა ხელი შეუწყო ინტელექტუალური და შემოქმედებითი ცხოვრების განვითარებას. დაარსდა სკოლები, თეატრები, კლუბები, სამხატვრო გალერეები, მუსიკალური დარბაზები, სპორტული საზოგადოებები, საფეხბურთო კლუბები და ა.შ., რაც დიდ როლს თამაშობდა ლიმასოლის კულტურულ ცხოვრებაში.[5]
თანამედროვეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1974 წელს კვიპროსზე თურქეთის შეჭრის გამო, ლიმასოლის თურქი კვიპროსელი მაცხოვრებლები ქვეყნის ჩრდილოეთით გადაასახლეს. სანაცვლოდ, ქალაქში დასახლდა ბევრი კვიპროსელი ბერძენი ლტოლვილი ჩრდილოეთიდან. როდესაც ფამაგუსტა თურქულმა ჯარებმა დაიკავეს, ლიმასოლი სწრაფად გაიზარდა, რაც მოსახლეობის დიდი ზრდითა და საცხოვრებლის საჭიროებით იყო განპირობებული. აშენდა მრავალი მდიდრული სასტუმრო, რესტორანი და გასართობი სივრცე, რამაც ქალაქი კვიპროსის ახალ სავაჭრო ცენტრად აქცია. ამ როლს მანამდე ფამაგუსტა ასრულებდა.[5]
ლიმასოლი გახდა კვიპროსის მეორე უდიდესი ქალაქი, მასპინძლობს ქვეყნის მთავარ პორტს. ცნობილია ყოველწლიური ექსტრავაგანტული ღონისძიებებით. იზიდავს მრავალ სტუმარს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან.[18]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიმასოლში ტურიზმი 1974 წლის შემდეგ აყვავდა, კვიპროსის მთავარი ტურისტული კურორტების, ფამაგუსტასა და კირენიის თურქეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ. ლიმასოლს აქვს მრავალი პლაჟი, რომელიც შესაფერისია მზის აბაზანების მისაღებად და ცურვისთვის.
1974 წლიდან ლიმასოლის პორტი კვიპროსის რესპუბლიკის მთავარი საზღვაო პორტიცაა.[19] მანამდე ამ როლს ფამაგუსტას პორტი ასრულებდა.
ლიმასოლში კვიპროსის მრავალი ღვინის კომპანია მდებარეობს, რომლებიც ტროოდოსის მთების სამხრეთ კალთებზე მდებარე მეღვინეობის რეგიონებს ემსახურებიან. ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა „KEO“, „LOEL“, „SODAP“ და „ETKO“, საერთაშორისო გამოფენებზე ჯილდოს მფლობელ ღვინოებსა და ბრენდებს (კონიაკებს) აწარმოებენ.[20][21][22][23] ამ პროდუქტებს დიდი რაოდენობით მოიხმარენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები, ხოლო მნიშვნელოვანი რაოდენობით გადის ექსპორტზე ევროპაში.
ლიმასოლი კვიპროსის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია, რაც ნაწილობრივ ეპისკოპსა და აკროტირიში დიდი ბრიტანეთის სუვერენული ბაზის არსებობითა და 1974 წლის შემდეგ მოსახლეობის ზრდითაა განპირობებული. ძირითადი სავაჭრო წერტილები მდებარეობს ქალაქის ცენტრში და სანაპირო ტურისტულ ზონაში, რომელიც ძველი პორტიდან ამათუსის ტერიტორიამდეა გადაჭიმული. ამ ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმროების, რესტორნების, საკონდიტრო მაღაზიების, ღამის კლუბებისა და გასართობი ადგილების უმეტესობა. მსხვილი გლობალური საცალო მაღაზიები მდებარეობს ანექსარტისიასის ქუჩასა და მაკარიუს გამზირზე, ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩებზე,[24] ასევე „MYMALL“-ში, რაიონის უდიდეს სავაჭრო ცენტრში.
ლიმასოლს ორი პორტი აქვს, - ძველი პორტი და ახალი პორტი. ახალი პორტი კომერციული და სამგზავრო ნაკადების უმეტეს ნაწილს ემსახურება და ხმელთაშუა ზღვის სატრანზიტო ვაჭრობის მარშრუტის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პორტია.[19] 11 მეტრის სიღრმისა და 1300 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი ნაგებობით, საშუალოდ, დაახლოებით ათი გემის მიღება შეუძლია. ძველი პორტი, 250 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი ნაგებობით, ერთდროულად მხოლოდ სამ პატარა გემს იტევს და ძირითადად სათევზაო ნავებისთვის გამოიყენება. ეს პორტები გამოიყენება ყურძნის, ღვინის, კერატისა და ციტრუსების ექსპორტზე გასატანად, ასევე მარცვლეულის, სატრანსპორტო საშუალებების, დანადგარების, ტექსტილის, სასოფლო-სამეურნეო მედიკამენტების, სასუქებისა და რკინის შემოსატანად.
2014 წელს, ძველი პორტის ტერიტორიაზე, ლიმასოლის ციხიდან 500 მეტრით დასავლეთით, აშენდა ნავმისადგომი „ლიმასოლის მარინა“.[25] ეს ნავმისადგომი იღებს საოკეანო იახტებს.

2014 წლიდან ლიმასოლში მშენებლობის ბუმია, რაც ტურიზმის სექტორისა და უცხოური ინვესტიციების ზრდამ განაპირობა.[26] საზოგადოებრივმა პროექტებმა, როგორიცაა კილომეტრიანი მოლოსის ზღვისპირა პარკის განვითარებამ, გააუმჯობესა ცხოვრების ხარისხი და გაამყარა ლიმასოლის, როგორც კოსმოპოლიტური ქალაქის იმიჯი. ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რომლებიც ნაწილობრივ ევროპული პროგრამებით დაფინანსდა, გადაჭრა საგზაო მოძრაობის პრობლემები ახალი ესტაკადებითა და წრიული გზაჯვარედინებით.
ლიმასოლი ტურიზმის, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ქალაქი სტუმრებს სთავაზობს მრავალ მუზეუმსა და არქეოლოგიურ ძეგლს. ქალაქი თავის მრავალფეროვან სასტუმროებსა და აპარტამენტებში იზიდავს ტურისტების სხვადასხვა სპექტრს, განსაკუთრებით ზაფხულის გახანგრძლივებულ სეზონზე.
ლიმასოლის სანაპირო ზოლი, ცნობილი როგორც „ლიმასოლის რივიერა“, მნიშვნელოვან სამშენებლო ბუმს განიცდის 2013 წლის ბოლოსდან; ის ევროპის უახლეს რივიერად იქცა.[27][28][29] მას შემდეგ, ყოველწლიურად, ქალაქში ასობით ახალი საცხოვრებელი ერთეული და ბიზნესი ჩნდება.[30] ამჟამად, 50 მეტრზე მაღალი 70-ზე მეტი შენობა შენდება ან მათი მშენებლობაა დაგეგმილი, აქედან - 32 ცათამბჯენის. მათ შორისაა 170-მეტრიანი და 38-სართულიანი „ONE“, კვიპროსის ყველაზე მაღალი შენობა და ევროპის ყველაზე მაღალი სანაპირო საცხოვრებელი.[31][32][33] კიდევ ერთი აღსანიშნავი პროექტია „City of Dreams Mediterranean“ (CoDM), პირველი და უდიდესი ინტეგრირებული კაზინო-კურორტი ევროპაში.[34][35]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქეოლოგიური ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ამათუსი უძველესი ქალაქ-სამეფოა, რომელიც ლიმასოლის აღმოსავლეთით დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს და ძვ. წ. 1100 წლით თარიღდება. გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, რომელზეც მრავალმა ცივილიზაციამ მოახდინა გავლენა. ყველაზე აღსანიშნავი აფროდიტეს ტაძრის ნანგრევებია, რომელიც ამათუსის აკროპოლისის თავზე მდებარეობდა და თაყვანისცემის, ცერემონიებისა და შესაწირის წმინდა ადგილს წარმოადგენდა. გვხვდება რკინის ხანის მრავალი სამარხი, ასევე საზოგადოებრივი აბანოებისა და სხვა შენობების ნაშთები უძველეს აგორაზე. ამათუსის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი აღმოჩენა დიდი კირქვის ამფორაა, რომელიც ამჟამად პარიზში, ლუვრის მუზეუმში ინახება. ეს ვაზა ძვ.წ. VI საუკუნით თარიღდება და 14 ტონას (14,000 კგ) იწონის.[36][37]

კურიონი კიდევ ერთი უძველესი ქალაქ-სამეფოა, რომელიც ლიმასოლის დასავლეთით დაახლოებით 19 კილომეტრში მდებარეობს. გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, რომელიც ნეოლითის პერიოდიდან იწყება, მნიშვნელოვანი განვითარებით ელინისტურ, რომაულ და ადრექრისტიანულ პერიოდებში. კურიონის მთავარ ღირსშესანიშნაობას ბერძნულ-რომაული თეატრი წარმოადგენს, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში აშენდა და ახ. წ. II საუკუნეში გაფართოვდა. თეატრი, რომელიც ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს, აღდგენილია და დღემდე გამოიყენება ღია წარმოდგენებისთვის. კურიონშია ჰილატესის (ტყის ღმერთი) ტაძარი, რომელიც ასევე მოიცავს აბანოების კომპლექსსა და პალესტრას (ჭიდაობის სკოლა) ნანგრევებს.[38][39]
მუზეუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა საუკუნეების ლიმასოლის ციხე კვიპროსის ათი ციხესიმაგრიდან ერთ-ერთია. ის ბიზანტიელებმა ააშენეს დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 1000 წელს. იმავე პერიოდში ამ ადგილას სამლოცველოც აშენდა. ითვლება, რომ რიჩარდ ლომგული თავის საცოლეზე, ნავარის პრინცესა ბერენგარიაზე, ამ ადგილას დაქორწინდა 1191 წელს, როდესაც ის მას მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში ახლდა. 1790-1940 წლებში ციხე საპყრობილედ გამოიყენებოდა, ამჟამად მასში მუზეუმია განთავსებული. მუზეუმის კოლექცია მოიცავს მრავალფეროვან ექსპონატებს ჩვენი წელთაღრიცხვით 400 წლიდან 1870 წლამდე, მათ შორის ქვემეხებს, XVII და XVIII საუკუნეების ხის ნაკეთობებს, ნახატებს, საფლავის ქვებს, ქანდაკებებს, ჯავშანჟილეტებს, მონეტებს, ტერაკოტას, ლითონის ნაკეთობებს, კერამიკას, მინისა და მარმარილოს არტეფაქტებს.[40][41]

კოლოსის ციხე, რომელიც ლიმასოლის დასავლეთით დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა, რომელიც თავდაპირველად XIII საუკუნეში აშენდა ჰოსპიტალიერების სახელით ცნობილი იერუსალიმის წმინდა იოანეს ორდენის რაინდების მიერ. ამჟამინდელი ნაგებობა, რომელიც 1454 წელს აღადგინეს, გამოირჩევა კარგად შემონახული სამსართულიანი ციხესიმაგრითა და მართკუთხა გალავნით. ციხე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადგილობრივი შაქრის ლერწმისგან შაქრის წარმოებაში. ასევე ასოცირდება ცნობილ კომანდარიას ღვინოსთან.[42]
ხალხური ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს ისტორიულ შენობაში და წარმოადგენს ბოლო ორი საუკუნის კვიპროსის ხალხური ხელოვნების კოლექციას. კოლექციაში შედის ეროვნული კოსტიუმები, გობელენები, ნაქარგები, ხის ზარდახშები, ყელსაბამები, სოფლის იარაღები, ჟილეტები, მამაკაცის ქურთუკები და სხვადასხვა ტანსაცმელი. 1985 წელს დაარსებული მუზეუმი ექვს ოთახში 500-ზე მეტ ექსპონატს იტევს. 1989 წელს მას მიენიჭა „ევროპა ნოსტრას“ პრემია. აქ განთავსებული ხელნაკეთი ექსპონატების საშუალებით ვიზიტორებს კვიპროსის კულტურის შესწავლა შეუძლიათ.[43][44]

არქეოლოგიური მუზეუმი სტუმრებს რაიონში აღმოჩენილ სიძველეთა კოლექციას სთავაზობს, ნეოლითის ხანიდან რომაულ პერიოდამდე. აღსანიშნავ არტეფაქტებს შორისაა ნეოლითის და ენეოლითის ხანის ქვის ცულები, კერამიკა და ნივთები კურიონისა და ამათუსის უძველესი ქალაქებიდან, ასევე რომაული ტერაკოტები, ოქროს სამკაულები, მონეტები, სვეტები, ვაზები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები და მარმარილოს ქანდაკებები. მუზეუმი თავდაპირველად ლიმასოლის ციხესიმაგრეში იყო განთავსებული, მოგვიანებით კი საზოგადოებრივი ბაღის მახლობლად მდებარე ადგილას გადაიტანეს.[45][46][47]
2024 წლიდან ლიმასოლის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ძველი კერატის საწყობში დაფუძნებული არაკომერციული ფონდი „PSI“ მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების, ასევე კვიპროსის ისტორიის გამოფენებს. პირველი გამოფენა კვიპროსში შეჭრის 50 წლისთავს მიეძღვნა.[48][49]
პარკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სანაპირო გზის გასწვრივ მდებარე ლიმასოლის საზოგადოებრივი ბაღი მრავალფეროვანი მცენარეულობით გამოირჩევა, მათ შორის ევკალიპტის ხეებით, ფიჭვებითა და კვიპაროზებით. ბაღში სტუმრებს შეუძლიათ ლიმასოლის ზოოპარკის დათვალიერება, სადაც ბინადრობენ ირმები, მუფლონები, სირაქლემები, ხოხბები, ვეფხვები, ლომები, მაიმუნები, სვავები, პელიკანები, ფლამინგოები და სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები.[50] ბაღში ასევე განთავსებულია მუნიციპალური მუზეუმი და ღია თეატრი, რომელიც აღადგინეს საერთაშორისო წარმოდგენების ჩასატარებლად.
ლიმასოლის ზღვისპირა პარკი, იგივე „მოლოსი“, მრავალფუნქციური სანაპირო პარკია, რომელიც ერთ კილომეტრზეა გადაჭიმული. „მოლოსი“ კუნძულის ერთ-ერთი უდიდესი პარკია. მის ნავმისადგომებთან შესაძლებელია თევზაობა, კაიაკითა და სხვა მრავალი წყლის სპორტით დაკავება.[51][52] აქ მდებარეობს ლიმასოლის ქანდაკებების პარკი.[53] ქანდაკებები შექმნეს კოსტას დიკეფალოსმა, თოდოროს პაპაიანისმა, ვასილის ვასილიმ და კირიაკოს როკოსმა საბერძნეთიდან, ჰელენ ბლეკმა კვიპროსიდან და სხვებმა.[54]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფესტივალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიმასოლი ცნობილია თავისი ცოცხალი ფესტივალებით, განსაკუთრებით კარნავალისა და ღვინის ფესტივალებით. ლიმასოლის პოპულარულ კარნავალს, ათდღიან ღონისძიებას, რომელიც სავსეა სახალისო მასკარადებით, უძველესი ფესვები აქვს წარმართული რიტუალებიდან. მაკარიუს გამზირზე გამართული გრანდიოზული კარნავალი იზიდავს უამრავ ადამიანს მთელი კუნძულიდან, რომლებიც მოდიან ეტლების, სერენადებისა და სხვადასხვა მასკარადების სანახავად. სასტუმროები მასპინძლობენ კოსტიუმირებულ ბალებისა და წვეულებებს.[55]
ოქტომბრის დასაწყისში, ლიმასოლის საზოგადოებრივ ბაღში, იმართება კვიპროსის გრანდიოზული ღვინის ფესტივალი. ამ ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს უფასოდ შეუძლიათ დააგემოვნონ კვიპროსის საუკეთესო ღვინოები. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილია კვიპროსელი და უცხოელი ჯგუფების მიერ დადგმული ხალხური ცეკვები, გუნდური წარმოდგენები და სხვა გასართობები.[55]
ქალაქის სხვა აღსანიშნავი ფესტივალებია ლიმასოლის ქუჩის ცხოვრების ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი მაისში, წყლის ფესტივალი, შექსპირის ფესტივალი ივნისში, ძველი ბერძნული დრამის ფესტივალი.[56]
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალფამეგას სტადიონი, ასევე ცნობილი როგორც ლიმასოლის სტადიონი, 11 ათას მაყურებელს იტევს. ის ქალაქის სამი ძირითადი საფეხბურთო კლუბის — „აელ-ის“, „აპოლონისა“ და „არისის“ - საშინაო მოედანია. პირველი ორი ლიმასოლის უდიდესი სპორტული კლუბია, რომლებსაც აქვთ ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის სექციები, ასევე გუნდები სპორტის სხვა სახეობებში. „აელ-ი“ და „არისი“ კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის რვა დამფუძნებელ წევრებს შორის შედიან. არსებობს მრავალი სხვა გუნდი მძლეოსნობაში, ბოულინგში, ველოსპორტსა და სხვა სპორტულ სახეობებში.
ცირიოს სტადიონი, 13,331-იანი ტევადობით, წარსულში ლიმასოლის სამი ზემოხსენებული საფეხბურთო გუნდისა და კვიპროსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო ბაზა იყო. ასევე გამოიყენება მძლეოსნობისთვის. ზემოთ ხსენებული ორი სტადიონის გარდა, ქალაქში სხვა მრავალიც არსებობს.
ქალაქში მდებარეობს სპიროს კიპრიანუს სპორტული ცენტრი, დახურული არენა, რომელსაც მრავალი სპორტული ღონისძიებისთვის უმასპინძლია, მათ შორის ევრობასკეტი 2025-ის ერთ-ერთ ქვეჯგუფს.
ლიმასოლის მარათონი ყოველწლიურად იმართება 2006 წლიდან. 2024 წელი მარათონისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან მოიხსნა მონაწილეობის რეკორდი; მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან 17 000-ზე მეტი მორბენალი მონაწილეობდა.[18] ღონისძიების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა რბოლა, მათ შორის მარათონი, ნახევარმარათონი, 10-კილომეტრიანი, 5-კილომეტრიანი და 1-კილომეტრიანი რბოლები.
ქალაქში არის რაგბისა და ხელბურთის კლუბები. ბოლო წლებში პოპულარობა მოიპოვა ნიჩბოსნობამ და კანოემ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://cystatdb.cystat.gov.cy/pxweb/en/8.CYSTAT-DB/8.CYSTAT-DB__Population__Census%20of%20Population%20and%20Housing%202021__Population__Population%20-%20Place%20of%20Residence/1891113E.px/table/tableViewLayout2/
- 1 2 Lemesos — Postcode Query.
- ↑ Limassol: Explore Cyprus' most vibrant Coastal Town - My Cyprus Travel | Imagine. Explore. Discover..
- ↑ Limestone sarcophagus: the Amathus sarcophagus | Cypriot | Archaic en. ციტირების თარიღი: 2024-10-04
- 1 2 3 4 5 6 7 History of Limassol en.
- ↑ allaboutlimassol.com. Allaboutlimassol.com - Ancient Times en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-30.
- ↑ cyprustravellerguide.com. (2024-06-30) A BRIEF HISTORY OF LIMASSOL en-GB.
- ↑ The acts of the Council of Chalcedon by Council of Chalcedon, Richard Price, Michael Gaddis 2006 ISBN 0-85323-039-0
- ↑ History of Limassol en.
- 1 2 3 4 5 Cypnet.co.uk. (2011)Cyprus History: Cyprus under Richard I – cypnet.co.uk. cypnet.co.uk.
- ↑ Bozkurtoğlu, Özge (2018-01-01). „A Multi-lingual Island in the Middle Ages: Cyprus of the Lusignan Dynasty“. A Multi-lingual Island in the Middle Ages: Cyprus of the Lusignan Dynasty.
- ↑ Nicholson, Helen (2018-01-18), Parsons, Simon Thomas; Paterson, Linda M., რედრედ., Remembering the crusaders in Cyprus: the Lusignans, the Hospitallers and the 1191 conquest of Cyprus in Jean d'Arras' Mélusine, Woodbridge, Suffolk: D. S. Brewer, pp. 158–172, ISBN 978-1-84384-458-7, https://orca.cardiff.ac.uk/id/eprint/108535/
- ↑ Churchill, Lady Randolph Spencer; Davenport, Cyril James Humphries (1900) The Anglo-Saxon Review. John Lane, გვ. 215–22.
- 1 2 Τμήμα Αρχαιοτήτων - Αρχική Σελίδα.
- ↑ Turnbull (2000), p. 57
- ↑ Abulafia (2012), p. 447
- 1 2 3 Daedalus Informatics. (2006)The History of Cyprus – The British occupation. daedalus.gr. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2011
- 1 2 More than 17,000 participants at Limassol marathon en-US (2024-06-24).
- 1 2 History en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-05.
- ↑ wncy. (2012-04-29) Cyprus Wine Awards distinguishes it's wines with Gold en-US. ციტირების თარიღი: 2024-03-12
- ↑ "Gastronomos Quality Awards-Cyprus" for the year 2021 en-US.
- ↑ Cyprus wines shine bright at major World Wine Awards en-US (2024-03-12).
- ↑ Awards en-US.
- ↑ Anexartisias: The main shopping street of the city en.
- ↑ Limassol Marina open to the public. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 December 2022. ციტირების თარიღი: 8 May 2016
- ↑ admin. (2024-01-19) Construction boom driven by demand for apartments | Cyprus News ru.
- ↑ Cyprus' Limassol ascends as Europe's new riviera en (2024-01-08).
- ↑ office, blumarine. (2022-05-03) Limassol is shaping up to become Europe's new Riviera en-US.
- ↑ Zawya: Cyprus' Limassol ascends as Europe's new riviera, offering GCC investors among the highest returns in Europe | Leptos Estates en-US.
- ↑ Limassol Upcoming Skyline Fears | Cyprus Property Valuers en-US. Cyprus Property Valuers (2017-07-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-25.
- ↑ Pafilia launches ONE, the tallest residential seafront tower in Europe.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-30.
- ↑ ONE - The Skyscraper Center.
- ↑ Europe's Tallest Seafront Tower in Limassol Riviera en-GB.
- ↑ Solutions, BDigital Web. Europe's first multi-themed resort opens in Limassol.
- ↑ City of Dreams Mediterranean officially opens (12 July 2023).
- ↑ „Amathus Archaeological Site“. Cyprus Island (ინგლისური). 2017-03-15.
- ↑ Christos. (2015-11-04) Amathous Archaeological Site en-US.
- ↑ Christos. (2015-11-04) Kourion Archaeological Site en-US.
- ↑ Move, Brit on the. (2023-12-09) Ancient Kourion: Cyprus' House of Eustolios en-US.
- ↑ Medieval Museum of Cyprus (Limassol Castle) en (2017-06-28).
- ↑ Limassol Castle.
- ↑ Why This Castle Held Such a Strategic Position During the Crusades en-GB.
- ↑ The Municipal Museum of Folk Art en.
- ↑ Solutions, BDigital Web. Folk Art Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-11-10.
- ↑ Solutions, BDigital Web. Limassol District Archaeological Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-11-10.
- ↑ Department of Antiquities - Museums.
- ↑ Limassol Archaeological Museum en (2017-03-15).
- ↑ PSI FOUNDATION.
- ↑ Thoukis awards of the Year 2024: Ο υπουργός της χρονιάς, η Μητέρα Τερέζα και οι προσωπικότητες. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-01-09.
- ↑ Limassol zoo /Limassol/.
- ↑ Sea side Multi-fuctional Park en.
- ↑ allaboutlimassol.com. Limassol Molos en.
- ↑ Limassol Sculpture Park en.
- ↑ CyprusNet. Limassol Sculpture Park en.
- 1 2 CyprusEvents.net. (2011)Limassol events. cyprusevents.net.
- ↑ Limassol's Must-See Events and Festivals - Limassol Tourism Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-11-10.