რიჩარდ კორნუოლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ კორნუოლელი
გერმანიის მეფე
კორონაცია: 27 მაისი, 1257
მმართ. დასაწყისი: 13 იანვარი, 1257
მმართ. დასასრული: 2 აპრილი, 1272
წინამორბედი: ვილჰელმ II
მემკვიდრე: რუდოლფ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 იანვარი, 1209
გარდ. თარიღი: 2 აპრილი, 1272, (63 წლის)
მეუღლე: იზაბელ მარშალი
(ქ. 1231 - გარდ. 1240)
სანჩია პროვანსელი
(ქ. 1243 - გარდ. 1261)
ბეატრიქს ფონ ფალკენბურგი
(ქ. 1269)
შვილები: ჰენრი
ედმუნდი, კორნუოლის ჰერცოგი
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ჯონი, ინგლისის მეფე
დედა: იზაბელა ანჟულიმელი
რელიგია: კათოლიციზმი

რიჩარდ კორნუოლელი (ინგლ. Richard of Cornwall, გერმ. Richard von Cornwall; დ. 5 იანვარი, 1209 — გ. 2 აპრილი, 1272) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და დედოფალ იზაბელა ანჟულიმელის უმცროსი ვაჟი. პუატუს გრაფი (1225-1243), კორნუოლის ერლი (1225-1272) და გერმანიის მეფე 1257-1272 წლებში. იგი აქტიურად მონაწილეობდა ბარონების ჯვაროსნულ ლაშქრობაში. ასევე მის სახელს მიეწერება ასკალონის ციტადელის აგება.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდი დაიბადა 1209 წლის 5 იანვარს ვინჩესტერის სასახლეში, ჰემპშირში. იგი იყო ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ანჟულიმელის მეორე ვაჟი. რვა წლის ასაკში იგი ბერკშირში გააგზავნეს განათლების მისაღებად, საიდანაც 1225 წელს, 16 წლის ასაკში დაბრუნდა უკან. იმ დროს მეფე უკვე მისი უფროსი ძმა, ჰენრი III იყო, რომელმაც რიჩარდს კორნუოლის ერლობა და პუატუს გრაფობა უბოძა. ჰენრიმ მას ეს წოდებები მეთექვსმეტე დაბადების დღის აღსანიშნავად საჩუქრად მიუძღვნა. მასა და რიჩარდს ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რის გამოც რიჩარდი ხშირად იღებდა მეფისაგან საჩუქარს. სულ მალე მის მფლობელობაში გადავიდა ბრეტანის საჰერცოგოც, რომლის ჰერცოგიც ოფიციალურად ჰენრი იყო, მაგრამ რეალურად რიჩარდი მართავდა.

პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელ მარშალის გარდაცვალება

1231 წლის მარტში რიჩარდი დაქორწინდა გლოსტერის ერლის ქვრივ იზაბელ მარშალზე. ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური ქორწინება, რომელიც მიზნად ისახავდა მარშალთა ძლევამოსილი ოჯახის კეთილგანწყობის მოპოვებას, რომელიც ჰენრი III-ს დიდად სჭირდებოდა საგარეო პოლიტიკის წარმატებით საწარმოებლად. ქორწინების შედეგად რიჩარდი იზაბელის ექვსი შვილის მამინაცვალი გახდა. იმავე წელს, ცოლის მზითვით შეიძინა თავისი რეზიდენცია — უალინგფორდის სასახლე (თანამედროვე ოქსფორდშირი), რომლის განვითარებაზეც დიდი თანხები დახარჯა. მან თავისი რეზიდენციები მოიწყო ასევე მარლოუსა და კიპენჰემში, თანამედროვე ბუკინგემშირში. იზაბელსა და რიჩარდს ერთად ოთხი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ერთი ვაჟი, ჰენრი გადაურჩა ჩვილობაში გარდაცვალებას. 1238 წელს რიჩარდსა და საიმონ დე მონფორს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, რადგანაც იგი აპროტესტებდა თავისი დის, ელეანორის დაქორწინებას საიმონზე. 1240 წელს იზაბელ მარშალი მოულოდნელად გარდაიცვალა, რა დროსაც, სიკვდილის წინ მან ითხოვა, რომ თავისი პირველი ქმრის გვერდით დაეკრძალათ ტევბურგში. იზაბელის, როგორც მეფის რძლის იქ დაკრძალვა შეუძლებელი იყო, ამიტომაც მისი სხეული უესტმინსტერის სააბატოში დაკრძალეს, ხოლო გული ტევბურგის სააბატოში.

ჯვაროსნული ლაშქრობა და მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანჩია პროვანსელი

1240 წელსვე რიჩარდი პალესტინაში ჩავიდა, რა დროსაც მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული „ბარონების“ ჯვაროსნული ლაშქრობა. მართალია რიჩარდს არცერთ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქრისტიანი ტყვეების გამოსყიდვის შესახებ. 1239 წლის ნოემბერში, რიჩარდმა უზრუნველყო ღაზაში დაღუპული ჯვაროსნების პატივით დაკრძალვა. ამავე წელს მან მუსულმანებისაგან გაანთავისუფლა ასკალონი, რომელიც სულთან სალადინის დროს გაანადგურეს. სწორედ მის სახელს მიეწერება ასკალონის ციტადელის აღდგენა. წმინდა მიწიდან სამშობლოსაკენ მიმავალი რიჩარდი, გზად ეწვია თავის დას, იზაბელა ინგლისელს, რომელის საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ზე იყო დაქორწინებული.

1239 წელს მისმა რძალმა, ინგლისის დედოფალმა ელეანორ პროვანსელმა ვაჟი, პრინცი ედუარდი გააჩინა, რასაც მისივე გავლენით მოჰყვა ახალი კანონის შემოღება, რის მიხედვითაც ჰენრი III-ის ნაადრევად დაღუპვის შემთხვევაში, რეგენტობა არა რიჩარდს, არამედ ელეანორასა და მის იტალიელ ნათესავებზე გადადიოდა. იმისათვის, რომ რიჩარდი უკმაყოფილო არ ყოფილიყო, მეფე ჰენრიმ და დედოფალმა ელეანორამ მას შესთავაზეს ელეანორას უმცროს დაზე, სანჩია პროვანსელზე დაქორწინება, რასაც იგი დასთანხმდა. 1242 წლის 28 იანვარს შედგა რიჩარდ კორნუოლელისა და სანჩია პროვანსელის ნიშნობა. ამ ქორწინებას გულწრფელად მიესალმა სანჩიას მამა, პროვანსის გრაფი რამონ ბერენგარ IV, რომელიც თავის ყველა ქალიშვილს მეტად სარფიანად ათხოვებდა. 1243 წლის ნოემბერში, უესტმინსტერის სააბატოში შედგა რიჩარდისა და სანჩიას ქორწინება, რომელსაც ინგლისელებმა სინტია შეარქვეს.

მათ ქორწინებას მოჰყვა დიდი სამეფო ზეიმი. სანჩიას სულ სამი და ჰყავდა: ელეანორ პროვანსელი დაქორწინებული იყო ინგლისის მეფეზე, მარგარიტა პროვანსელი საფრანგეთის მეფეზე, ხოლო ბეატრიჩე პროვანსელი ნეაპოლისა და სიცილიის მეფეზე. რიჩარდის სანჩიასთან ქორწინებამ კიდევ უფრო გააუმჯობესა ინგლის-საფრანგეთის ურთიერთობები, რადგანაც სანჩიას და საფრანგეთის დედოფალი იყო და გავლენაც ჰქონდა პოლიტიკაზე, რასაც საბოლოოდ პარიზის ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა.

პუატუ და სიცილია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1225 წლიდან მოყოლებული რიჩარდი პუატუს გრაფი იყო, თუმცა მისი პრეტენზია გასკონიაზეც ვრცელდებოდა. ვინაიდან პუატუ ფრანგული რეგიონი იყო, ფრანგ მეფეებს ყოველთვის სურდათ მისი დაბრუნება, რა მიზნითაც 1241 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ პუატუს გრაფად თავისი ძმა, ალფონსო გამოაცხადა. უფრო მეტიც, რიჩარდის დედა, დედოფალი იზაბელა ანჟულიმელი, რომელიც დაქვრივების შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობდა განაცხადა, რომ საფრანგეთის დედოფალმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან რიჩარდი მისმა მამინაცვალმა უგო X ლუზინიანელმა წააქეზა და პუატუში გავლენების განმტკიცებისაკენ მოუწოდა. 1243 წლის დეკემბერში რიჩარდმა მართლაც დაიწყო თავისი უფლებებისათვის ბრძოლა, მაგრამ უგომ მას უღალატა და ფრანგების მხარეს გადავიდა.

ამავე პერიოდში რომის პაპმა რიჩარდს სიცილიის ტახტი შესთავაზა, მაგრამ ეშინოდა, რომ ამით ფრანგებს განარისხებდა, რომელთაც ძლივს დაუზავდა, ამიტომაც უარი თქვა გვირგვინზე. მოგვიანებით სიცილიის გვირგვინზე პრეტენზია მისმა ძმამ, ჰენრიმ განაცხადა თავისი ვაჟის, ედმუნდისათვის, მაგრამ ამაოდ.

გერმანიაში გამეფება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპა 1250 წელს

1256 წელს რიჩარდი კიოლნის, მაინცის, პფალცისა და ბოჰემიის კურფიურსტემბა გერმანიის მეფედ აირჩიეს. მის პარალელურად საქსონიის, ტრირისა და ბრანდენბურგის კურფიურსტებმა გერმანიის მეფედ კასტილიის მეფე ალფონსო X დასვეს, რომლის დედაც, ელიზაბეთ შვაბიელი, იყო წარსულში გერმანიის მეფე ფილიპ შვაბიელის ასული, რომელიც თავის მხრივ საღვთო რომის იმპერატორ და გერმანიის მეფე ფრიდრიხ I-ის ვაჟი იყო. საფრანგეთის მეფე ლუი IX და რომის პაპი მხარს ალფონსოს კანდიდატურას უჭერდნენ, მაგრამ შემდეგ ელეანორა და მარგარიტა პროვანსელების გავლენით საფრანგეთი რიჩარდის მხარეს გადავიდა. ბოჰემიის მეფე პრჟემისლ II ოტოკარი თავიდან ხმას რიჩარდს აძლევდა, მაგრამ შემდეგ ვინაიდან უმრავლესობა ალფონსოს მხარეს იყო, იგიც მას შეუერთდა. საბოლოოდ, შვიდი კურფიურსტიდან რიჩარდს დარჩენილი ოთხის მოსყიდვა მოუხდა ხმათა მისაღებად, რაც საკმაოდ ძვირი, 28,000 მარკი დაუჯდა. 1257 წლის 27 მაისს, კიოლნის არქიეპისკოპოსმა აახენში რიჩარდი გერმანიის მეფედ აკურთხა. მსგავსად პუატუსი, რიჩარდს არ აინტერესებდა, რომ გერმანიის მეფე იყო. იგი საერთოდ არ მართავდა გერმანიას და მთელი თავისი მმართველობის მანძილზე მხოლოდ ოთხჯერ ესტუმრა მას.

დარჩენილი ცხოვრება, გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1263 წელს რიჩარდმა ბუკინგემშირში დააარსა ბურნჰეიმის სააბატო, ხოლო 1266 წელს აახენში გრაშჰაუსი.

რიჩარდი, როგორც უკვე გერმანიის მეფე, 1264-1267 წლებში აქტიურად ჩაება ბარონების მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში საიმონ დე მონფორის წინააღმდეგ. 1265 წელს, სასტიკი მარცხის შემდეგ რიჩარდი გაიქცა და აახენის ციხესიმაგრეში იმალებოდა, თუმცა ბარონებმა იგი იპოვნეს, დააპატიმრეს და საპატიო ტყვეობაში ამყოფებდნენ.

1271 წლის დეკემბერში რიჩარდს ინსულტმა დაარტყა, რის შემდეგაც მისი სხეულის მარჯვენა მხარე პარალიზებული დარჩა, რასთან ერთადაც დაკარგა მეტყველების უნარიც. 1272 წლის 2 აპრილს, ბერკჰემშირის სასახლეში, მშობლიურ ინგლისში რიჩარდი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს თავის მეორე ცოლთან, დედოფალ სანჩია პროვანსელის გვერდით, რომელიც ჯერ კიდევ 1261 წელს გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ გერმანიაში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა ატყდა, რომელიც 1273 წელს დასრულდა. ამის შემდეგ გერმანიის მეფე ავსტრიელი ჰერცოგი, რუდოლფ I ჰაბსბურგი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდს სანჩიასაგან ვაჟი დარჩა, იგი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც მისი მემკვიდრული ხაზი აღარ გაგრძელებულა.

ცოლები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდის მესამე ცოლი, ბეატრიქს ფონ ფალკენბურგი

თავის პირველ ცოლ, იზაბელ მარშალთან რიჩარდს სულ ოთხი შვილი შეეძინა. აღსანიშნავია, რომ იზაბელი 1240 წელს გადაჰყვა მშობიარობას. მათი საერთო შვილები იყვნენ:

  1. ჯონი (1232), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. იზაბელი (1233-1234), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ჰენრი (1235-1271), გერმანიის ტახტის მემკვიდრე, ცოლად შეირთო კონსტანცია ბეარნელი, მაგრამ მალევე მისმა ბიძაშვილებმა მოკლეს, ისე, რომ მემკვიდრე არ დარჩენია;
  4. ნიკოლასი (1240), გარდაიცვალა ჩვილი;

რიჩარდს თავის მეორე ცოლთან, დედოფალ სანჩია პროვანსელთან, რომელიც ასევე მისი რძლის დაც იყო, სულ ორი შვილი შეეძინა;

  1. მკვდარშობილი ვაჟი (1246);
  2. ედმუნდი (1249-1300), კორნუოლის ერლი, ცოლად შეირთო მარგარეტ დე კლარი, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;

მეორედ დაქვრივების შემდეგ, 1269 წელს რიჩარდი დაქორწინდა ნიდერლანდელ დიდგვაროვან ბეატრიქს ფონ ფალკენბურგზე, მაგრამ მასთან შვილები არ ჰყოლია. მას თავის ერთ-ერთ საყვარელ ჯოან დე ვოტორთან ჰყავდა ხუთი უკანონო შვილი:

  1. ფილიპი, მღვდელი;
  2. რიჩარდი, ცოლად შეირთო ჯოან ფიცალანი, რომელთა ასული, ჯოან კორნუოლელი ცოლად გაჰყვა სირ ჯონ ჰოვარდს, რითაც იგი ჰოვარდთა დიდგვაროვნული ოჯახის წინაპარია;
  3. უოლტერი, იგი გახდა ბრანელების წარჩინებული ოჯახის წინაპარი;
  4. იზაბელი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  5. ჯოანი, პირველად იქორწინა რიჩარდ ჩამპერნოვნზე, რომლის დაღუპვის შემდეგაც მისთხოვდა პიტერ დე ფიშაკრს, თუმცა მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა პირველი ქმრისგან;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Richardson, Douglas (2011). Everingham, Kimball G. (ed.). Plantagenet Ancestry: A Study in Colonial and Medieval Families. I (2nd ed.). Salt Lake City. ISBN 1449966314.
  • Richardson, Douglas (2011). Everingham, Kimball G. (ed.). Plantagenet Ancestry: A Study in Colonial and Medieval Families. II (2nd ed.). Salt Lake City. ISBN 1449966349.
  • Cox, Eugene L. (1974). The Eagles of Savoy. Princeton: Princeton University Press. ISBN 0691052166.
  • Weir, Alison (1999). Britain's Royal Families: The Complete Genealogy. London, U.K.: The Bodley Head.
  • Weis, Frederick Lewis (1992). Sheppard, Walter Lee; Faris, David (eds.). Ancestral Roots of Certain American Colonists who Came to America Before 1700: The Lineage of Alfred the Great, Charlemagne, Malcolm of Scotland, Robert the Strong, and Some of Their Descendants. London, U.K.: Genealogical Publishing Com. ISBN 9780806313672.
  • Denholm-Young, Noël. Richard of Cornwall. Oxford: Basil Blackwell, 1947.
  • Jackson, Peter. "The Crusades of 1239–41 and their Aftermath". Bulletin of the School of Oriental and African Studies 50, 1 (1987), pp. 32–60..
  • Lewis, Frank R. "Beatrice of Falkenburg, the Third Wife of Richard of Cornwall". English Historical Review 52, 106 (1937), pp. 279–82.
  • Lower, Michael. The Barons' Crusade: A Call to Arms and Its Consequences. Philadelphia: University of Pennsylvania Press, 2005.
  • Painter, Sidney. "The Crusade of Theobald of Champagne and Richard of Cornwall, 1239–1241". R. L. Wolff; H. W. Hazard, A History of the Crusades, Volume II: The Later Crusades, 1189–1311, pp. 463–86. Madison: University of Wisconsin Press, 1969.
  • Roche, T. W. E. The King of Almayne: A 13th-Century Englishman in Europe. London: John Murray, 1966.