პუატუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუატუ საფრანგეთის რუკაზე

პუატუ (ფრანგ. Poitou) — ისტორიული ოლქი დასავლეთ საფრანგეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. პუატუს ტერიტორიაზეა ვანდეის, ვიენის, ნაწილობრივ დე-სევრის დეპარტამენტები. ფართობი 19 ათ. კმ². მთავარი ქალაქი – პუატიე. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ბორცვიანი ვაკეა. ეკონომიკის მთავარი დარგია სოფლის მეურნეობა, უმთავრესად მესაქონლეობა, მეღორეობა და მეფრინველეობა. მოჰყავთ ხორბალი, ქერი, საკვები ბალახი, ბოსტნეული კულტურები. ამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს. ქალაქებში მორტანსა და პუატიეში მანქანათსაშენი საწარმოებია. მორგანის რაიონში იღებენ ურანის მადანს.

სახელწოდება „პუატუ“ დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე ძველად მცხოვრები პიქტონების ტომის სახელთან. პუატუ აკვიტანიის შემადგენლობაში შედიოდა. IX საუკუნიდან საგრაფოა, რომლის გრაფები აკვიტანიის ჰერცოგები გახდნენ. აკვიტანიასთან ერთად პუატუ 1154 წლიდან ინგლისის სამფლობელო იყო, ხოლო პარიზის 1259 წლის ხელშეკრულებით მთლიანად საფრანგეთს დაუბრუნდა. ბრეტინის ზავით (1360) კვლავ ინგლისის ხელში გადავიდა. 1369-1373 წლებში დაიბრუნა საფრანგეთმა. წარმოადგენდა ვანდეის ომის ერთ-ერთ მთავარ რაიონს. 1790 წელს შემოღებული ახალი ადმინისტრაციული დაყოფით პუატუს პროვინცია გაუქმდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]