The Trial (სიმღერა)
„The Trial“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი 1979 | |
ჟანრი | არტ-როკი, სიმფონიური როკი | |
ხანგრძლივობა | 5:13 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი, ბობ ეზრინი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
„The Trial“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall[1][2]. სიმღერის ავტორები არიან როჯერ უოტერსი და ბობ ეზრინი. სამუშაო სახელწოდება იყო „Trial by Puppets“.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის პერსონაჟი პინკი მიიღებს გადაწყვეტილებას, საკუთარი თავი სასამართლოს წინაშე წარადგინოს. საკუთარ წარმოსახვაში ის დაიპირისპირებს მოსამართლეს, ბრალმდებელს, ყოფილ ცოლს და მასწავლებელს (დედა, რომელსაც იგი წარმოიდგენს, ცდილობს შვილის დაცვას). საბოლოოდ იგი თავად მიხვდება გარე სამყაროს წინ აგებული წარმოსახვითი კედლის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ, ამიტომ მოსამართლის სახელით გამოიტანს მისი დანგრევის განაჩენს.
მოსამართლე და ბრალმდებელი მღერიან მაღალი კლასის ბრიტანული აქცენტით, მასწავლებელი - შოტლანდიურით, ხოლო დედა - ჩრდილოეთ ინგლისური აქცენტით. მათი, ისევე, როგორც ყოფილი ცოლის ვოკალურ პარტიებს ალბომში ასრულებს როჯერ უოტერსი. 2010-2013 წლების სოლო ტურნეს ფარგლებში როჯერი ცოლის ვოკალურ პარტიას ფრანგული აქცენტით ასრულებდა.
ისევე, როგორც ფინალური „Outside the Wall“, ეს სიმღერაც გარე პირის პერსპექტივიდან არის მოთხრობილი, თუმცა ყველაფერი პინკის გონებაში ხდება. სიმღერის დასასრულს ჟღერს მეტაფორული კედლის დანგრევის ხმა.
მოსამართლე მისი ისეთივე ნაწილია, როგორც დანარჩენები და ყოველივე, რაც ახსოვს. ყველაფერი ცოცხლობს მის ფიქრებში, ყველაფერი მისი მოგონებებია. საბოლოოდ, განაჩენია საკუთარი თავის იზოლირებიდან გამოყვანა, რაც სინამდვილეში კარგი რამ არის.
ფილმის ვერსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ კომპოზიციას ახლავს ანიმაციური ეპიზოდი, რომელიც თავდაპირველად მომზადდა 1980 წლის კონცერტებისთვის. ფილმში სიმღერის პერსონაჟები - მასწავლებელი, დედა და ცოლი, აგრეთვე პინკის მამა - ერთად ჩნდებიან მანამდეც, „Comfortably Numb“-ის თანმხლებ კადრებში (არაანიმაციური პერსონაჟების სახით).
კომპოზიციის ბოლოს კედელი ინგრევა, თუმცა ალბომსა და ფილმში ხმოვანი ეფექტები განსხვავდება. თუკი ალბომში ნგრევა იწყება სასამართლოს დასასრულს, ფილმში მაყურებელი თავდაპირველად ხედავს ცარიელ კედელს. სრულ სიჩუმეს არღვევს მისი აფეთქება. კონცერტებზეც გიგანტური კედელი, რომელსაც პირველ განყოფილებაში ტექნიკური პერსონალი აშენებდა, ინგრეოდა.
როჯერ უოტერსის კონცერტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანიმაციური კადრები აგრეთვე გამოიყენეს უოტერსის 2010-2013 წლების ტურნეში, გიგანტურ კედელზე პროექციის სახით. კონცერტზე The Wall Live in Berlin პერსონაჟებს განასახიერებდნენ:
- ტიმ კარი - ბრალმდებელი
- ტომას დოლბი - მასწავლებელი
- უტე ლემპერი - ცოლი
- მერიან ფეითფული - დედა
- ალბერტ ფინი - მოსამართლე
2010-2013 წლების სამოყვარულო აუდიოჩანაწერების მიხედვით შეიმჩნევა, რომ უოტერსი სიმღერის შესრულებისას იყენებდა ფონოგრამას. საგულისხმოა, რომ იმავე ტურნეში, გარდა ჯერალდ სკარფის ტრადიციული ანიმაციური პროექციებისა, გამოიყენეს ერთი დამატებითი კომპიუტერული მოდელიც, რომელიც ჩნდებოდა კედლის პროექციის შემობრუნებისას.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როჯერ უოტერსი — ვოკალი[3]
- ნიკ მეისონი - ბას-დოლი, თეფშები[3]
- დევიდ გილმორი - გიტარები, ბას-გიტარა[3]
- რიჩარდ რაიტი — ფორტეპიანო[3]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia (მესამე გამოცემა). ISBN 1-894959-24-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, გვ. 111.
|