შინაარსზე გადასვლა

ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერისთავი (ძველი ქართული „ერი“ — ხალხი, ჯარი და „თავი“ — უფროსი, გამგებელი) — სახელმწიფო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთულის გამგებელი ძველ საქართველოში. ერისთავობა გვაროვნული წყობილების წიაღში შექმნილი ინსტიტუტი ჩანს. თავდაპირველად "ერისთავი" ჯარის უფროსს, სარდალს აღნიშნავდა. კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის შემდეგ, როდესაც ერთმანეთს შეერწყა სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლება, ერისთავები ქართლის სამეფოში სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლები გახდნენ. ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის მეფემ ფარნავაზმა (ძვ. წ. III ს.) განაწესა 7 ერისთავი და 1 სპასპეტი:მარგჳს ანუ არგვეთის ერისთავი განაგებდა ტერიტორიას ლიხის მთიდან ეგრისის საზღვრამდე; 2. კახეთისა - კახეთსა და კუხეთს (მდ. არაგვიდან ჰერეთამდე); 3. ხუნანისა - გარდაბანს (მდ. ბურდუჯიდან თბილისამდე); 4. სამშვილდისა - ტაშირსა და აშოცს; 5. წუნდისა - ჯავახეთს, კოლასა და არტაანს (ფარავნის ტბიდან მტკვრის თავამდე); 6. ოძრახისა - სამცხესა და აჭარას (ტასისკარიდან არსიანის მთამდე, ნოსტის თავიდან ზღვამდე); 7. კლარჯეთისა - არსიანის მთიდან ზღვამდე. შიდა ქართლს განაგებდა სპასპეტი (ქართლის ერისთავი), რომელიც ამავე დროს აღნიშნული 7 ერისთავის უფროსიც იყო. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარები, ხოლო სპასალარებს - ათასისთავები. ამრიგად, ლეონტი მროველის წარმოდგენით, ქართლის სამეფოს გამგებლობა სამხედრო იერარქიას ემყარებოდა: სპასპეტი - ერისთავი - სპასალარი - ათასისთავი. ერისთავებთან აიგივებენ პიტიახშს, ზოგიერთი მკვლევარი კი პიტიახშს აიგივებს ლეონტი მროველთან მოხსენიებულ სპასპეტთან (შიდა ქართლის ერისთავთან). დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო სისტემაში ერისთავობის ინსტიტუტი, როგორც ჩანს, დამკვიდრდა X საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოს ანალოგიით. ამ დროიდან ვხვდებით აფხაზთს მეფის მოხელე-ერისთავებს, მის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში დაქვემდებარებულ სხვადასხვა კუთხის გამგებლებად. წყაროები X საუკუნეზე ადრეც იხსენიებენ ლიხთ-იმერეთში ერისთავებს: ლეონტი მროველი - ეგრისის ერისთავს , ხოლო ჯუანშერი, "მატიანე ქართლისაჲ" და ვახუშტი ბატონიშვილი - აფხაზთა ერისთავებს. წყაროების ეს ცნობები არ უნდა იყოს ზუსტი: როგორც ჩანს, მათ ხელოვნურად გადააქვთ ლიხთ-იმერეთში აღმოსავლურ-ქართული ინსტიტუტი და პირობითად უწოდებენ ერისთავს ეგრისის, ხოლო შემდეგ აფხაზთა გამგებლებს.

ქართლის ერისმთავრის - სტეფანოზ პირველის მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტა ქართული წარწერით და ჯვრის გამოსახულებით. მე-7 საუკუნე

თავდაპირველად ერისთავი ქართლის მეფის მოხელე იყო. თანდათანობით ერისთავებმა ეს მოხელეობა სამემკვიდრეოდ გაიხადეს, რაშიც მათ ხელი შეუწყო უცხო ძალამ. ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ცნობით, ეს მოხდა VI საუკუნეში, როდესაც ერისთავებმა მიიღეს მკვიდრობის სიგელები სპარსთა და ბერძენთა (ბიზანტიის) მეფეებისაგან.

ქართლში მეფობის გაუქმების (523) შემდეგ, VI საუკუნის II ნახევრიდან IX საუკუნის დასაწყისამდე, ქართლის სახელმწიფოს გამგებლად გვევლინება ქართლის ერისთავი, ანუ ერისმთავარი - მეთაური ახალი აღმოსავლურ-ქართული ფეოდალური სახელმწიფოსი.

IX-X საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არსებობდა ქართული სახელმწიფო „იბერთა საკურაპალატო“ (888-იდან — „ქართველთა სამეფო“), რომელსაც სათავეში ედგა კურაპალატი-მეფე. აქ ერისთავობას და ერისთავერისთავობას მემკვიდრეობით იღებდნენ ამ სახელმწიფოს გამგებელი დინასტიის — ბაგრატიონთა სახლის წევრები. საკურაპალატოს პოლიტიკური იერარქია ასეთი იყო: ქართველთა მეფე-კურაპალატი, ერისთავთერისთავი, მაგისტროსი, ერისთავი.

IX საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში, თრიალეთში, წარმოიქმნა კლდეკარის საფეოდალო, რომლის დამფუძნებული იყო არგვეთის დიდი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში. X საუკუნის 80-იანი წლებიდან ბაღვაშები ერისთავებად იწოდებოდნენ, ხოლო XI საუკუნეში - ერისთავთერისთავებად. კლდეკარის ერისთავები იბრძოდნენ მეფის ცენტრალისტური ხელისუფლების წინააღმდეგ და დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფოდნენ. დავით აღმაშენებელმა ჩამოართვა ბაღვაშებს თრიალეთი და სამეფო დომენად აქცია.

X საუკუნეში ქართლის ერისთავებად იწოდებიან აფხაზთა მეფის მოხელე-გამგებლები შიდა ქართლში. მათი რეზიდენციაა უფლისციხე. ქართლის ერისთავებად აფხაზთა მეფე ნიშნავს ჯერ ადგილობრივი დიდი ფეოდალის სახლის ტბელების წარმომადგენელს, ხოლო შემდეგ (როდესაც ტბელები გაძლიერდნენ და მოისურვეს ქართლის განცალკევება) - უფლისწულებს (X საუკუნეში ქართლის ერისთავებად იყვნენ აფხაზთა მეფის გიორგის ძენი: ჯერ კონსტანტინე, ხოლო შემდეგ - ლეონი). X საუკუნის 70-იან წლებში აფხაზთა მეფის ერისთავებად ქართლში ჩანს დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი ივანეს მარუშისძე. XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ქართლის ერისთავი არის ივანე აბაზისძე (აბაზისძეთა გვარი ტბელების განშტოება იყო). აბასძეთა დახლი დაუპირისპირდა ბაგრატ IV-ს და ამ ბრძოლაში დაკარგა ქართლის ერისთავობა. XII საუკუნეში ქართლის ერისთავობა მიიღეს ორბელებმა, ხოლო, ორბელთა აჯანყების შემდეგ (1177) გიორგი III-მ ქართლის ერისთავობა გადასცა სურამელთა საგვარეულოს, რომელიც ამ ხელის მფლობელად ჩანს XIV საუკუნის დასაწყისამდე. ქართლის ერისთავის სახელო წყაროებში ჩანს XV საუკუნემდე.

X საუკუნის II ნახევარში აფხაზთა მეფეს ერისთავი ჰყავდა არა მარტო შიდა ქართლში, არამედ - ჯავახეთშიც: კუმურდოს 964 წარწერაში იხსენიება აფხაზთა მეფის ლეონის ერისთავი ზვიადი (როგორც ჩანს, მარუშიან II მარუშისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი).

XI-XV საუკუნეებში (გაერთიანებულია საქართველოს სამეფოს არსებობის ხანაში) ერისთავები საქართველოს მეფის მოხელეები იყვნენ: განაგებდნენ სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ერთეულებს. საქართველოს სამეფოს მიწები დაყოფილი იყო სამ ნაწილად: სახელმწიფო, სასეფო საფეოდალო (საერო ფეოდალების და საეკლესიო-სამონასტრო). სახელმწიფო მიწებს განაგებდნენ ერისთავები, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული ხესიფლები (საერისთავოზე უფრო მცირე ადმინისტრაციული ერთეულების - ხევების გამგებლები) და ციხისთავები; სასეფო მიწეფს (სამეფო დომენს) განაგებდნენ მოურავები და მგეები. ყოფილი ქართველთა სამეფოს ტერიტორიაც (სამხრეთ-დასავლეთი საქართველო) ამ პერიოდში სამად გაიყო: ნაწილი დარჩა სამეფო დომენად, ნაწილი სამამულედ გადაეცა ფეოდალებს, ხოლო ნაწილზე შეიქმნა ახალი საერისთავოები. XI საუკუნეში წყაროების მიხედვით აქ ჩანან შავშეთის, არტანუჯის, ყველის, თუხარისა და კალმახის ერისთავები. საქართველოს ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის შემდეგ დიდმა ერისთავებმა, რომლებიც აქამდე ფაქტობრივად დამოუკიდებელი გამგებლები იყვნენ, მოისურვეს ძველი პრივილეგიების შენარჩუნება და გააჩაღეს ბრძოლა მეფის ცენტრალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა დავით აღმაშანებლის დროს მეფის სასარგებლოდ წარიმართა. დავითმა ძლიერ შეასუსტა ერისთავობის ინსტიტუტი, დაამარცხა და გაანადგურა დიდი ერისთავები (ბაღვაშები, აბულეთისძეები...), შექმნა ცენტრალური საუწყებო გამგებლობის სისტემა, რომელსაც სათავეში ჩაუყენა მეფის თანაშემწე - ვეზირი. ამიერიდან საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში ადგილობრივი გამგებლობის სისტემას დაუპირისპირდა ცენტრალური საუწყებო გამგებლობა, საერისთავოებს - სავეზირო-საუხეუცესოები.

დავით აღმაშენებლის შემდეგ ერისთავების როლი კვლავ გაიზარდა, მაგრამ პარალელურად ვითარდებოდა ცენტრალური გამგებლობის საუწყებო სისტემაც. ამიტომ გრძელდებოდა ბრძოლა მმართველობის ამ ორ სისტემას შორის. თამარის მეფობის ხანაში, XII საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოში ყოფილან შემდეგი ერისთავები: სვანთა, რაჭის, ოდიშის, ქართლის, კახეთის, ჰერეთის, სამცხის (ეს უკანასკნელი სპასალარად იწოდებოდა). აქ დიდ ერისთავებს ერისთავთერისთავის ტიტულიც ჰქონდათ. ერისთავთერისთავთა რიცხვი გაიზარდა XIII-XV საუკუნეებში.

ერისთავობის სისტემამ არსებობა ძირითადად XV საუკუნეში დაასრულა. ამ პერიოდიდან სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში ერისთავები გადაიქცნენ მთავრებად (ოდიშის, სვანთა, აფხაზეთის, სამცხის) ან თავადებად, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - თავადებად ან მეფის მოურავებად (კახეთში). ზოგ ფეოდალს ისევე ჰქონდა ერისთავის წოდება, რომელიც უკვე გვარად იყო გადაქცეული (ქსნის, არაგვის ერისთავები), მაგრამ ფაქტობრივად ისინი თავადები იყვნენ და არა ერისთავები.

საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში (XV-XVIII სს.) ზოგიერთმა მთავარმა თავის სამთავროში შექმნა ახალი საერისთავოები, რომელთა ერისთავები იყვნენ მოხელე-გამგებლები (მაგ., გურიის სამთავროში). ერისთავი სათავეში ედგა საერისთავოს პოლიტიკურ ორგანიზაციას. ის იყო, ერთი მხრით, საერისთავოს გამგებელი მოხელე, ხოლო მეორე მხრით, მემამულე-ფეოდალი. გარდა საგანმგელო სახელმწიფო ტერიტორიისა და საერისთავოსი, მას ჰქონდა თავისი საფეოდალოც. ერისთავი სათავეში ედგა საერისთავო ქვეყნის ფეოდალურ იერარქიას, ის იყო პატრონი-სიუზერენი, რომელსაც ექვემდებარებოდნენ ყმა-ვასალი აზნაურები, ერისთავი იყო უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფალი საერისთავოში, საერისთავო ჯარის სარდალი. მას ჰქონდა სასამართლო ხელისუფლება, კრებდა სახელმწიფო გამოსაღებებს და საერისთავო გადასახადს („ხარკი საერისთავოჲ“ ან „საერისთავოჲ გამოვალი“). მისი მოხელეები განაგებდნენ საერისთავო ქვეყნის სხვადასხვა მხარეებს, მას ჰქონდა საკუთარი კარი, ხელისუფლების ინსიგნიები (დროშა, ბეჭედი, საყურე, განსაკუთრებული სამოსელი). ისევე, როგორც ყველა დიდ ფეოდალს, ერისთავებსაც ჰქონდათ საგვარეულო მონასტერი და თავისი ციხე-დარბაზი.

ერისთავად საგანგებო ცერემონიალით აკურთხებდნენ ხოლმე. ჩვენამდე მოღწეულია ერისთავების კურთხევის წესი (XIII საუკუნისა).

  • ბახტაძე მ., შოშიაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ. 1928.
  • ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003.