შინაარსზე გადასვლა

მესხები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მესხი ფეოდალი ჯაყელებისაფარის მონასტრის ფრესკა

მესხები — ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომი, ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, მესხეთის მოსახლენი. თანამედროვე მესხებში დღევანდელი სამცხის ანუ ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას გულისხმობენ, ზოგიერთ შემთხვევაში აგრეთვე ჯავახებსაც. ოსმალეთს იმპერიის გავლენის ქვეშ მესხთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისლამი მიიღო და ისინი მუსლიმი „თურქი“ მესხების სახელით არიან ცნობილი.

მესხების წინაპრები ისტორიულ დოკუმენტებში პირველად ძვ. წ. XII საუკუნეში არიან მოხსენიებულნი, მუშქების სახელწოდებით. მათი განსახლების არეალი იმ პერიოდში აღმოსავლეთი ანატოლია, ევფრატის სათავეები იყო. მუშქების მესხებთან კავშირზე, სწორედ ტომის სახელწოდების მსგავსება მიუთითებს. მიჩნეულია რომ მუშქების სამეფოს დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 676) ამ ტომმა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდა. ძვ. წ. VI საუკუნიდან ძველი ბერძნები, ანტიკური ავტორები, მათ მოსხების სახელწოდებით მოიხსენიებენ. ჰეკატეოს მილეტელის ცნობით ისინი კოლხები არიან. უფრო გვიან, ძვ. წ. V საუკუნეში, ისინი უკვე აქემენიანთა იმპერიის შემადგენლობაში, XIX სატრაპიაში შედიან. მოსხები მონაწილეობდნენ აქემენიანთა ლაშქრობებში საბერძნეთში. ჰეროდოტეს სიტყვებით, მათ, ტიბარენებთან ერთად, ამ ლაშქრობებში სარდლობდა სპარსი მხედართმთავარი არიომადოსი.

ისტორიული მესხეთის მხარეები VIII-X საუკუნეებში.

ძვ. წ. IV საუკუნეში მესხებმა სპარსელთა გავლენისაგან თავი დაიხსნეს და დაიწყეს ბრძოლა გაერთიანებისათვის. ამ ბრძოლების მეოხებით მცხეთის გარშემო შეიქმნა იბერიის სამეფო. მის შექმნაში მთავარი როლი შეასრულეს მესხურმა ტომებმა, რაც აირეკლა დედაქალაქის – მცხეთის სახელწოდებაში: მსხ→მცხ. ახ. წ. 337 წელს მეფე მირიანის დროს იბერია რომელშიც შედიოდა მესხეთიც ოფიციალურად გაქრისტიანდა. ქრისტიანობა იქადაგა წმინდა ნინომ, რომელიც კაბადოკიიდან მესხეთის გზით შემოვიდა ქართლში. ცნობილია, რომ მანამდეც მესხთა შორის უკვე იყვნენ ქრისტიანობის მიმდევრები. V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა თითქმის მთელი საქართველო გააერთიანა და ქართლში მთავარეპისკოპოსის ნაცვლად კათალიკოსი დასვა. ამასთან, საქართველოს ყოველ მხარეში იქნა დაარსებული საეპისკოპოსოები. მესხეთში ასეთი საეპისკოპოსოები დადგინდა არტანუჯსა, ოძრხესა და წუნდაში, რაც ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტოკეტონული ფალობის მომასწავებელი იყო. ეკლესიის თავისუფალებამ ხელი შეუწყო ორიგინალური ქართული მწერლობის განვითარებას. VII საუკუნის 50-იან წლებში არაბებმა ჯერ სომხეთი დაიპყრეს, მერე კი – საქართველო. ქართლში ერისმთავრობა გააუქმეს და დაპყრობილი ქვეყნები დახარკეს. მოსახლეობა მტერს არ მორჩილდებოდა და აჯანყებებს აწყობდა. აჯანყებულებს არაბები სასტიკად სჯიდნენ. მურვან ყრუს ურდოები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ მესხებს. ამას დაერთო 746-747 წლებში საბერძნეთიდან შემოჭრილი ეპიდემია – „შავი ჭირი“.

VIII საუკუნეში მესხეთი ხელახლა დაასახლეს ქართლიდან გადმოსულმა მოახალშენეებმა. ამავე ხანებში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა სამეფო. ტაო-კლარჯეთი ეწოდა მესხეთს მისი ორი უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის პროვინციების ტაოსა და კლარჯეთის სახელწოდების მიხედვით. მისი დამაარსებელი იყო აშოტ I დიდი, რომელიც ვერ შეეგუა თბილისში არაბებს და ოჯახით გადასახლდა კლარჯეთს, ჭოროხის ხეობაში, რომელიც მაშინ ბიზანტიის მფლობელობაში იყო. მესხეთში გადასულმა აშოტმა ბიზანტიის კეისრის ტიტული „კურაპალატობა“ მიიღო, ძველ ციხე-ქალაქ არტანუჯში დაჯდა და სამთავროს ორგანიზაციას შეუდგა. ტაო-კლარჯეთის სამთავრო თანდათან გაიზარდა და გაძლიერდა. მის ქონებრივ შეძლებასა და კულტურულ დაწინაურებაზე მეტყველებს იმ დროს იქ გაშენებული არქიტექტურის ისეთი ბრწყინვალე ქმნილებანი, როგორიცაა: ოშკის, იშხანის, ხახულის, ბანას დიდებული ტაძრები. მესხეთის მთავარი დავით III იმდენად გაძლიერდა, რომ 979 წელს მას დახმარება სთხოვა ბიზანტიის იმპერატორმა ბასილმა, რომელსაც თავისი სარდალი ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა; დავითმა კეისრის დასახმარებლად 12.000 მესხი ცხენოსანი გაგზავნა, რომელსაც სათავეში ედგა უკვე მოხუცი, მაგრამ ბრძოლებში გამოცდილი სარდალი თორნიკე ერისთავი. საქართველოს გაერთიანების შემდეგ მესხეთი საქართველოს კულტურულ ცენტრად იქცა. მესხეთის მონასტრებმა უდიდესი როლი ითამაშეს ქართული მწერლობის ისტორიაში. აქ ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენდა მძლავრი ლიტერატურული სკოლა, რომელმაც საკუთარი მიმართულება შეიმუშავა და იმდენად გაიზარდა, რომ გადალახა ეროვნული საზღვრები და მცირე აზიის სხვადასხვა ადგილზე შექმნა საქართველოს კულტურული ცენტრები (სირია, პალესტინა, ათონი და სხვა).

XV-XVI საუკუნეებში სამოქალაქო ომების შედეგად წარმოიშვა: ქართულის, იმერეთის, კახეთის სამეფოები და მესხეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის, გურიის სამთავროები. მესხეთის სამთავრო, რომელიც თავისი ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოს ერთ მესამედზე მეტს უდრიდა, ისტორიაში მოიხსენიება როგორც სამცხე-საათაბაგო. სამცხე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესხეთის ერთი პროვინციაა და უდრის დღევანდელ ადიგენის, ახალციხისა და ნაწილობრივ ასპინძის რაიონებს. სამცხის გამგებლებს საქართველოს სამეფოს კარზე ადრევე ჰქონდათ მოპოვებული ათაბაგის პატივი (ხელი). ათაბაგი აღმოსავლური მმართველობიდან აღებული სამოხელეო ტერმინია, რომელიც ისევე როგორც ვეზირი, ჩვენში თამარ მეფის დროს იქნა შემოღებული. სამცხის გამგებლობასთან ამ „პატივის“ შეერთებამ და მათი ძალაუფლების გავრცელებამ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიაზე წარმოშვა ახალი პოლიტიკური ტერმინი სამცხე-საათაბაგო, რომლის ქვეშ იგულისხმებოდა მთელი მესხეთი. XV საუკუნეში საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის მოშლა დაემთხვა სამხრეთ-დასავლეთით ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფოს გაძლიერებას, ხოლო აღმოსავლეთით სეფიანთა ირანის სახელმწიფოს წარმოქმნას. სამცხე-საათაბაგო, როგორც ოსმალეთს მომიჯნავე განაპირა მხარე, XV საუკუნიდან კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ოსმალებმა რამდენჯერმე ილაშქრეს მესხეთში — 1542, 1543, 1544, 1545, 1549, 1550 და 1578 წლებში და დახარკეს. საბოლოოდ, 1625 წელს სამცხე-საათაბაგო გააუქმეს და ახალციხის საფაშოდ აქციეს.

ცნობილმა თურქმა ისტორიკოსმა ევლია ჩელებიმ, რომელმაც იმოგზაურა ახალციხის საფაშოში და აღწერა მესხეთის ციხეები, დატოვა მნიშვნელოვანი ცნობები. იგი აღნიშნავდა, რომ „აწყური ბეგლარ-ბეგის მამულია და ახალციხის საზღვრებში მას მართავს აღა. აქ მშვენიერი ვენახები და ბაღებია. იგი ეკუთვნის შავშეთის ხალხს (ასე უწოდებს ავტორი ყველა მესხს). აქ ყველა მცხოვრები ლაპარაკობს ქართულად“. ევლია ჩელები შენიშნავს აგრეთვე, რომ მესხების ქართული გამოირჩევა თავისი სრულყოფილებით და სიწმინდით დანარჩენი ქართველების მეტყველებისაგან, რომ „იგი მაღალკეთილშობილურია, ძლიერია, გამბედავი და სასიამოვნო“. XVI საუკუნის 50-იანი წლებიდან თურქების მიერ მესხეთის დაპყრობამ თანდათან დაასუსტა ის დიდი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო შემოქმედება, რომელიც წარმოებდა აქაურ მონასტრებში. ბევრი შევიწროებული მესხი მოღვაწე იძულებული იყო გაქცევით ეშველა თავს.

XVI საუკუნის 50-იანი წლებიდან თურქების მიერ მესხეთის დაპყრობამ თანდათან დაასუსტა ის დიდი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო შემოქმედება, რომელიც წარმოებდა აქაურ მონასტრებში. ბევრი შევიწროებული მესხი მოღვაწე იძულებული იყო გაქცევით ეშველა თავისთვის და გადასულიყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მესხეთის მატერიალური და სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები დამპყრობელთა ხელში აღმოჩნდა. ქართული უნიკალური ძეგლები დამპყრობელთა მიერ დაუზოგავად ნადგურდებოდა. როგორც ცნობილია ასე განადგურდა X საუკუნის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლი გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ერთადერთმა ეგზემპლარმა, რომელიც შემთხვევით გადარჩა სინაის ნახევარკუნძულზე.

XVII საუკუნის 20-40-იან წლებში მესხი ფეოდალები ქართულ ეკლესიაში ლოცულობდნენ და თავს ქართველებად თვლიდნენ. 60-იანი წლებისათვის კი სიტუაცია შეიცვალა და გამაჰმადიანება ყველასათვის აუცილებელი გახდა. ოჯახისა და მამულის გადარჩენის მიზნით ახალციხის ფაშამ და მასთან ერთად სხვა ადგილობრივმა ფეოდალებმა აღიარეს ისლამი. ვინც ამ წესს არ ემორჩილებოდა, მას სჯიდნენ თავის მოკვეთით. ასე მაგალითად, ასლან ჯაყელის ოჯახის წევრები 1679 წელს კიდევ აღიარებდნენ ქრისტიანობას. ამას არ შეურიგდნენ თურქები, ასლან ჯაყელი დაადანაშაულეს იმერეთის მეფესთან ურთიერთობაში და შეთქმულებაში. მას თავი მოკვეთეს. გათურქებას მესხეთი დაღუპვამდე მიყავდა. XVII საუკუნის ბოლოს მესხეთის ფეოდალური კლასი მთლიანად მოიცვა სუნიტური ისლამის რელიგიამ, მაგრამ მესხი გლეხობა ჯიუტად იცავდა თავის რწმენას. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში მოგზაურობდა XVII საუკუნის 70-იან წლებში, გონიოდან გოდერძის გადასასვლელის გავლით, ქვაბლიანის და ფოცხოვის სოფლებში გზად მრავლად ხვდებოდა ქრისტიან მოსახლეობას. მისი დაკვირვებით დაბლობში უფრო ჭრელი მოსახლეობა, ხოლო მთაში თითქმის ყველა ქრისტიანი სახლობდა. მათ შორის, დასძენს შარდენი, „მე ვნახე ძალიან ლამაზი გარეგნობის ქალები“. როგორც ჩანს, მესხი გლეხების გამაჰმადიანება დაიწყო XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში და გაგრძელდა XIX საუკუნის 20-იან წლებამდე. მესხთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადარჩა გამაჰმადიანებას.

  • ლომსაძე შ., მესხეთი და მესხები, თბ.: კავკასიური სახლი, 2000.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]