დიანა დე პუატიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიანა დე პუატიე
Diane de Poitiers.jpg
მშობ. სახელი Diane de Poitiers
დაბ. თარიღი 3 სექტემბერი 1499
გარდ. თარიღი 25 აპრილი 1566 (66 წლის)
ეროვნება ფრანგი
წოდება ნორმანდიის ჰერცოგინია, სენტ-ვილერის ბარონესა, ეტამპის გრაფინია, "საფრანგეთის სამეფო საყვარელი"
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლუი დე ბრიზი
შვილ(ებ)ი ფრანსუაზა ბრიზი, ლუიზა ბრიზი
მშობლები მამა: ჟან დე პუატიე
დედა: ჟანა ბრეტონელი

დიანა დე პუატიე (დ. 3 სექტემბერი 1499 — გ. 25 აპრილი 1566) — ანრი II ვალუას საყვარელი.

დიანა 15 წლის ასაკში დააქორწინეს ჰერცოგ ლუი დე ბრიზზე. 31 წლის ასაკში დიანა დაქვრივდა. მან რუანში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში ბრწყინვალე განსასვენებელი აუგო გარდაცვლილ მეუღლეს და როგორც ამბობენ, დიანა მთელი ცხოვრების მანძილზე გლოვობდა მას (იგი მხოლოდ თეთრი და შავი ფერის ტანისამოსს ატარებდა - გლოვის ნიშნად).

მალე დიანა საფრანგეთის მეფე - ანრი II ვალუას შეუყვარდა და მისი საყვარელიც გახდა. მას ანრიმ "სამეფო საყვარლის" ტიტული უბოძა და დიანა თითქმის დედოფლის უფლებებით სარგებლობდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დიანა ანრიზე 20 წლით უფროსი იყო, თუმცა როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, რაც უფრო ასაკში შედიოდა იგი, მით უფრო მეტ ბრწყინვალებას იძენდა მისი გარეგნობა.

დიანა დე პუატიემ, მას შემდეგ რაც ოფიციალურად გახდა მეფის ფავორიტი, უდიდესი გავლენა მოიპოვა მთელს საფრანგეთში. სწორედ ის განკარგავდა თუ ვის უნდა დაეკავებინა ესა, თუ ის, მაღალი თანამდებობა. ამიტომაცაა რომ დიანას ხშირად უწოდებენ "უგვირგვინო დედოფალს'' და '' ნამდვილ დედოფალს''. დიანას მმართველობა მაშინვე დასრულდა როგორც კი ანრი გარდაიცვალა. მთელი ძალაუფლება ანრის მეუღლემ, ახლა უკვე დედა დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ აიღო ხელში და დიანა პარიზიდან სამუდამოდ გააძევა. ამის შემდეგ დიანა ანეტში დაბინავდა სადაც 1566 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიანა დაიბადა 1499 წლის 3 სექტემბერს, ჰერცოგ ჟან დე პუატიეს არისტოკრატიულ ოჯახში. დიანა პატარაობიდანვე სწავლობდა რენესანსულ ჰუმანიზმს, მუსიკას, სამეფო კარზე მოქცევის წესებს, ნადირობას, რამდენიმე უცხო ენას, ცეკვას და დახვეწილად საუბრის მანერას. მან თითქმის ფრანგულზე უკეთ შეისწავლა ლათინური და ბერძნული, რომ აღარაფერი ვთქვათ ესპანურსა და იტალიურზე. იგი ასევე იყო ბრწყინვალე მონადირე და შესანიშნავი სპორტსმენი, რაც ხელს უწყობდა იმაში, რომ საუცხოო ფიზიკურ ფორმაში ჩამდგარიყო, ეს კი საკმაოდ დიდი იშვიათობა იყო იმ დროის მაღალი ფენის ქალებში.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიანას გერბი

1514 წელს 15 წლის დიანა დააქორწინეს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჰერცოგ ლუი დე ბრიზზე. ლუი დიანაზე 24 წლით უფროსი იყო, ანუ ამ პერიოდისათვის 39 წლის. ლუი თვით საფრანგეთის მეფე - შარლ VII-ის შთამომავალი იყო დედის ხაზით, ამიტომაც მას საფრანგეთის ტახტზე პრეტენზია ჰქონდა. სწორედ ამიტომ ლუის საკმაოდ დაძაბული ჰქონდა საფრანგეთის იმდროინდელ მეფე - ფრანსუა I-თან.

დიანა ყოველთვის დიდ პატივს სცემდა მეუღლეს, უყვარდა და ყოველთვის მხარში ედგა მას. მალე დიანამ ორი ქალიშვილი გააჩინა - ფრანსუაზა და ლუიზა დე ბრიზები.

1531 წელს ქალაქ ანეტში ლუი დე ბრიზი გარდაიცვალა. დიანა ამის გამო საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. მან მეუღლეს ქალაქ რუანში შესანიშნავი აკლდამა აუგო და მისი გლოვის ნიშნად მთელი ცხოვრება ატარებდა თეთრ და შავ სამოსს.

სამეფო საყვარელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის მეფე ანრი II ვალუა, დიანას საყვარელი

1531 წელს გამართულ სამეფო ბანკეტზე საფრანგეთის პრინცმა ანრიმ პირველად შენიშნა დიანა. ეს ბანკეტი ეძღვნებოდა დედოფალ ელეონორ ავსტრიელისა და მეფე ფრანსუა I-ის ქორწინების წლისთავს, სადაც დიანა მიიწვიეს როგორც მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. თუმცა მათ ამ შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია.

1533 წელს ანრი დააქორწინეს ფლორენციის პრინცესა - ეკატერინე მედიჩიზე. ეს იყო წმინდაწყლის პოლიტიკური ქორწინება, რის მიხედვითაც საფრანგეთი ფლორენციის მოკავშირედ გამოცხადდა, ამასთან საფრანგეთს უნდა გადასცემოდა ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ურბინოს საჰერცოგო, თუმცა ასე არ მოხდა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიანა და ეკატერინე ნათესავები იყვნენ. ვინაიდან მათი დედები ოვერნის დინასტიის წარმომადგენელნი იყვნენ, და ერთმანეთს ბიძაშვილებად ერგებოდნენ (იგულისხმება ეკატერინესა და დიანას დედები). მას შემდეგ რაც აღმოჩნდა , რომ ეკატერინე ბავშვს ვერ აჩენდა, გულაცრუებულმა ანრიმ მთელი ყურადღება ულამაზეს დიანას მიაპყრო. დიანასა და ანრის მიმოწერებიდან ირკვევა, რომ 1534 წლიდან ანრის დიანა უკვე უყვარდა. ამ დროს დიანა 35 წლის იყო, ანრი კი სულ 15-ის.

დიანამ მალე მონუსხა ანრი და სიცოცხლის ბოლომდე შეაყვარა თავი. სულ მალე დიანამ ანრის კანონიერი მეუღლე - ეკატერინე მედიჩი დაჩრდილა. ანრიმ დიანას სილამაზის უკვდავსაყოფად გამოჩენილ ფრანგ მხატვარს - ფრანსუა კოლუეტს დიანას ორი პორტრეტი დაახატვინა. თუმცა დიანას ერთი ტილო ეროტიკული ჟანრისაა. ერთ ნახატზე იგი წელს ზემოთ შიშველი ზის და სამკაულებს ათვალიერებს, ხოლო მეორე ნახატზე იგი ტრადიციულად, ჩაცმულია და როგორც რენესანსული ხელოვნებისათვისაა დამახასიათებელი, ერთ ადგილზეა გაშეშებული, თუმცა ორივე ტილოში ჩანს მისი საოცარი მომხიბლავობა.

ფრანსუა კოლუეტის მიერ შესრულებული დიანა დე პუატიეს პორტრეტი

1549 წელს ფრანგმა მოქანდაკემ - ჟან გუჟონმა შექმნა დიანას ქანდაკება სადაც იგი შიშველია, ორ ძაღლთან ერთად და ირემს იჭერს. დღეს ეს ქანდაკება ლუვრის მუზეუმში ინახება.

ჯერ კიდევ ფრანსუა I-ის სიცოცხლეში, საშინლად დაიძაბა ურთიერთობა დიანასა და ანა დე პისლიო ეტამპს ( ანა ფრანსუა I-ის სამეფო საყვარელი იყო) შორის. თუმცა 1547 წელს ფრანსუა I გარდაიცვალა, მეფე ანრი ხდება და დიანას ბრძანებით ანას სასახლიდან აძევებენ.

დიანა ძალზედ განათლებული და ამასთან სასტიკი ქალი იყო. მეფე ანრი II აბსოლუტურად ენდობოდა მას და ბევრ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებს სწორედ დიანა წყვეტდა. მეტიც იგი განუწყვეტლივ ეჯიბრებოდა და ამცირებდა დედოფალ ეკატერინეს. ერთხელ, როდესაც ეკატერინეს რომის პაპმა პავლე III-მ ოქროსგან დამზადებული ვარდების თაიგული გამოუგზავნა, დიანა გაცხარდა და დაუყოვნებლივ შეაქმნევინა თავისთვის საუცხოო მარგალიტის მძივი.

იგი მთელს საფრანგეთში წარმოუდგენელი ძალაუფლებით სარგებლობდა. 1548 წელს ანრიმ მას მიანიჭა ვალენტინოს პრესტიჟული წოდება. 1553 წელს კი ასევე ანრიმ მიანიჭა ეტამპის ჰერცოგინიის ტიტული. რაც უფრო მეტ თაყვანს სცემდა მეფე დიანას, მით უფრო მეტ სიძულვილს იდებდა ეკატერინე გულში, რაც შემდგომში დიანას ძვირად დაუჯდა. ეკატერინე განსაკუთრებით მაშინ გააფთრდა როცა მეფემ დიანას უძვირფასესი სამეფო გვირგვინი აჩუქა. ამას ისიც მოჰყვა, რომ ანრიმ დიანას აჩუქა ულამაზესი შატო ქალაქ ანეტში, რომელიც ეკატერინეს ოცნება იყო, ამან კი ერთი ორად გააღრმავა დაძაბულობა ამ ორ ქალბატონს შორის. ფაქტიურად დედოფალი დიანა იყო, ეკატერინე კი მხოლოდ ოფიციალურად ატარებდა ამ სტატუსს.

ანრის გარდაცვალება და დიანას დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიანა დე პუატიეს ემბლემა
დიანას სასახლე ანეტში, რომელიც მას ანრიმ აჩუქა

მიუხედავად დიანას ასეთი დიდი ძალაუფლებისა, მისი კეთილდღეობა დამოკიდებული იყო მეფეზე. 1559 წლის 30 ივნისს ანრის ქალიშვილის ელიზაბეტა ვალუას და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ქორწილში გამართულ ტურნირზე ანრი დაიღუპა. ტახტზე ეკატერინეს მცირეწლოვანი ვაჟი - ფრანსუა II ადის, რომელიც ძლიერ ავადმყოფობდა და სამეფო მართვის სადავეები მთლიანად ეკატერინემ აიღო ხელში. ანრი დაკრძალეს თუ არა ეკატერინემ დიანას სასწრაფოდ ჩამოართვა მთელი მისი ქონება (რომელიც ანრიმ აჩუქა) გარდა ანეტში მდებარე სასახლისა და იგი პარიზიდან სამუდამოდ გააძევა. დიანამ ანეტში დაიდო ბინა სადაც იგი ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ დევნილობაში.

1566 წლის 25 აპრილს 66 წლის დიანა დე პუატიე გარდაიცვალა. იგი მისივე ანდერძის მიხედვით დაკრძალეს მისი მეუღლის - ლუი დე ბრიზის გვერდით. თუმცა საფრანგეთის რევოლუციის დროს მისი აკლდამა გახსნეს, ცხედარი დაამცირეს და მასობრივი საფლავის ქვა გაუკეთეს აკლდამაზე.

1866 წელს გამოაქვეყნეს მისი და ანრის პირადი მინაწერები.

2009 წელს ფრანგმა მკვლევარებმა გახსნეს მისი საფლავი სადაც აღმოჩნდა, რომ მის თმაში ოქროს დიდი შემცველობა იყო. აქედან გამომდინარე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი სილამაზის უკვდავსაყოფად დიანა ოქროსგან დამზადებულ ელექსირს სვამდა, რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

დიანას სილამაზის საიდუმლოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა კოლუეტის მიერ შესრულებული დიანას პორტრეტი

დიანა მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე ახალგაზრდულ გარეგნობასა და სინორჩეს ინარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი 66 წლის გარდაიცვალა. დიანა დე პუატიე თვლიდა, რომ სილამაზეს ნიღბისა და ლოსიონის გამოყენებით ვერ შეინარჩუნებ, ამიტომ დილაუთენია ცივ აბაზანას იღებდა, სუფთა ჰაერზე სეირნობდა და მსუბუქი საუზმით კმაყოფილდებოდა, ამასთან იგი არასოდეს ფიქრობდა სიბერეზე. თუმცა მისი სიმშვენიერის საიდუმლო სულ სხვა რამეში იმალებოდა.

დიანა ყოველდღიურად ისვამდა ოქროზე დამზადებულ სპეციალურ ნაყენს. იმ დროის ექიმებს ღრმად სწამდათ რომ ამ ნაყენის გამოყენების შემთხვევაში სამუდამო სილამაზე გარანტირებული იყო. ეს ნაყენი მზადდებოდა სპეციალურად დიანასათვის. ისინი წყალში ხსნიდნენ ოქროს ქლორიდსა და დიეთილს(რომელსაც ანესთეზიისას იყენებენ). რეალურად მართლად არ ბერდებოდა დიანა მაგრამ, უნდა აღინიშნოს რომ ნაყენი ნელ-ნელა კლავდა დიანას. საბოლოოდ მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ნაყენის გამოყენებამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.

დიანას სახე ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიანას ქანდაკება, დაცულია ლუვრის მუზეუმში

დიანა დე პუატიეს ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში დიდი ადგილი უკავია, მასზე უამრავი ფილმია გადაღებული და ასევე უამრავი წიგნია დაწერილი.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსანდრე დიუმას - ორი დიანა
  • დიანა ჰაეგერის - კურტიზანი
  • მადამ დე ლაფაიეტის - კლევის პრინცესა
  • ჟანა კალოგრიდის - ეშმაკი დედოფლები : ნოველა ეკატერინე მედიჩის შესახებ
  • დოროთ დანეტის - დედოფლის თამაში და ჩემოდანი
  • ჯუდით მერკლ რილეის - ყველა სულის მბრძანებელი
  • კეტრინ ლასკის - მერი, შოტლანდიის დედოფალი : შოტლანდიის დედოფლის დღიური, 1553 წლის საფრანგეთი
  • კეროლეინ მეიერის - ველური დედოფალი: შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტის დღეები და ღამეები
  • ჯეინ ფლეიდის - სამეფო გზა ფოტერინგეიდან

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დიანა“ (1956), დიანა დე პუატიეს როლი მოირგო ლანა თურნერმა
  • „ნოსტრადამუსი“ (1994), დიანა დე პუატიეს როლი მოირგო დიანა კიკმა

სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სამეფო“ (2013), დიანა დე პუატიეს როლი მოირგო ანა უოლტონმა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Katharina M. Wilson, (1991). An Encyclopedia of Continental Women Writers, p. 994. Garland Publishing, Inc.
  • Wellman, Kathleen (2013). Queens and Mistresses of Renaissance France. Yale University Press.
  • Baumgartner, Frederic J. (1988). Henry II: King of France 1547-1559. Duke University Press.
  • It is interesting to note that Princess Michael is a remote descendant of Diane de Poitiers; Diane is Princess Michael's great14-grandmother.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: