არხოტის ხეობა
არხოტი არხვატი | |
---|---|
არხოტის ხეობა, ახიელი | |
ქვეყანა | საქართველო |
ფართობი | 241 |
არხოტი, ხევსურეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ დაყოფაში | |
არხოტის ხეობა[1], არხოტი, არხვატი — ხეობა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირიქითა ხევსურეთში.
მხარის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არხოტის თემში მთლიანად არხოტის ხეობა მოისაზრება, რომლის ორი სოფელი ახიელი და ამღა კიდევ არსებობს, ხოლო სოფ. ჭიმღა გაუკაცრიელდა.
არხოტის ხეობაში შემორჩენილია ნასახლარები: კალოთანა, ღორღუ, წყალშუა, კვირიწმინდა.
ასევე არსებობს შემდეგი სახელწოდების ადგილები: ბისნა (ბისნას ხეობაში) და კოვგრა (ტანიესწყლის ხეობაში).
არხოტის ხეობა საზღვრისპირა რეგიონია და მას ჩრდილოეთით რუსეთი ესაზღვრება.
გზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეზობელ ქისტებთან მიმავალი ძირითადი და უმოკლესი გზა მდ. ასსას მიუყვება. მანძილი თემის განაპირა სოფლიდან — ამღა-ინგუშეთის უახლოეს დასახლებულ პუნქტებამდე, — პუი, რომელსაც არხოტელები გოშტიკაურს ეძახიან, 18-20 კმ-ს შეადგენს.
ეს გზა ადვილი გასასვლელია გვიან გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა თოვლის დნობა დამთავრებულია და წყლის დებოტი ძალზე შემცირებულია, მაგრამ საკმაოდ რთულია გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა წყალდიდობისაგან ხიდების უმრავლესობა განადგურებულია. ამ დროს ადიდებულ მდინარეზე ცხენით გასვლაც კი შეუძლებელია და ხშირად საჭირო ხდება მდინარის ფერდზე აღმა-დაღმა სიარული ფერდს მომდგარი წყლიანი ინტერვალის გადასალახავად. ზაფხულის წყალდიდობის დროს ხშირად მთის ბილიკებით სიარულს აღჩევდნენ, რომელიც გაცილებით შორი და ფიზიკურად დამღლელი, მაგრამ სიცოცხლისათვის პრაქტიკულად უსაფრთხო იყო.
ასეთი გზა რომლის სიგრძე 40 კმ-ს აღწევდა, ხოლო მის გავლას თითქმის ორი დღე სჭირდებოდა, იწყებოდა სოფელ ამღიდან და ზეთუქის მთის (2668 მ), შუა ცხვირის ღელის (3112 მ) და ტერღის მთის (3209 მ) მიდამოების გავლით ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა.
ამ გზაზე პირველი ინგუშური სოფელია ქიახკი, რომელიც მდინარე ასას მარცხენა შენაკადის სარტუს ხეობაში მდებარეობს. ამ გზაზე ბილიკი გაკვალული არაა, და ამიტომ ნისლიან ამინდში მისი გავლა გამოცდილ ადამიანსაც უჭირს. ინგუშეთის დასავლეთ ნაწილს — შონი (შავანი), გულის (ღულის) თემს შიბუ-ღელის გადასავლით უკავშირდებოდნენ. ეს გზა სოფელ ჭიმღიდან იწყება და შიბუ-ღელის გადასასვლელამდე დასავლეთით მიემართება. შემდეგ ეს გზა ეშვება მდინარე არმხის (შონდონის) ხეობაში, საიდანაც საკმაოდ კარგი გზა მიდის სოფელ შონში და მის მიმდებარე სოფლებში. ამ გზაზე ბილიკი საკმაოდ კარგადაა გაკვალული და მისი გავლა საპალნიანი ცხენითაც შეიძლებოდა, თუმცა გადასასვლელი საკმაოდ მაღალია და თითქმის 3500 მ-ს აღწევს. მანძილი სოფლე ჭიმღიდან შონამდე 35-40 კმ-ია.
არხოტის ერთ-ეერთი სოფლის, ჭიმღის მოსახლეობასა და შავანელთ (ინგუშეთის დასავლეთ ნაწილის თემი) კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ზოგიერთებს ძმადნაფიცობაც აკავშირებდათ ერთმანეთთან. ახალ წელს შავანელი ქისტები საჩუქრით გადმოდიოდნენ ჭიმღას. საჩუქრად მოჰქონდათ ჯიხვის ტყავები, თავ-რქანი.
არხოტის თემი მოსაზღვრე თემებთან დაკავშირებულია საცხენოსნო და საცალფეხო ბილიკებით.
ერთი საცალფეხო ბილიკი არხოტის ჭალაში შემოდის ღილღოდან (შავანი).
მეორე, ზეთუკის გადასასვლელით შემოდის ამღაში.
ღილღოდან გადმომავალი ეს გზები მხოლოდ საცალფეხო იყო, აქ ცხენით არავინ შემოდიოდა, რადგან ამ გზებით მხოლოდ სასისხლო საქმეების მოგვარების და დაზვერვის მიზნით შემოდიოდნენ. ეს იყო საიდუმლო გზები, რომლებიც ბევრმა არ იცოდა.
ერთი გზა ამ მხრიდან ჭიმღის ჴორჴშიც გადმოდიოდა.
წინჴადუდან წამსვლელი ღილღოდან შემომავალ გზას ორწყალთან უერთდებოდა.
წითელათანას აივლის ამღისკუდი, აქედან იწყება ამღის სახნავ-სათესი და შევდივართ ამღაში.
ქისტების მხრიდან შემომავალი ახიელში კიდევ ერთი გზა არის, რომლებიც სანადიროთაც გამოიყენება.
ბუდე-ხევსურეთის თემთან არხოტს სამი გზა-ბილიკი აკავშირებდა. სოფელ როშკაში გადასასვლელად ყველაზე უფრო ცნობილი იყო ცირცვლოვანის წყლის ხეობა და ბოგოვაჩოს ღელე გადასასვლელი (2968 მ). ეს გზა ყველაზე კარგად იყო გაკვალული. ამ გზით საპალნიანი ცხენები ბარიდან ეზიდებოდნენ პირველადი მოხმარების საგნებს.
გზის სიგრძე სოფელ ახიელიდან სოფელ როშკამდე დაახლოებით 20 კმ-ია. ეს გზა ზამთარში ზვავსაშიშია, ამიტომ ამ პერიოდში, თუ მგზავრობა აუცილებელი იყო, ცირცვლოვანის წყლის სათავეებთან როშკისაკენ მიმავალი ბილიკიდან მარცხნივ გაუხვევდნენ, აუყვებოდნენ მოტიტვლებულ გორას ავიდოდნენ ბოგოვაჩოს ღელის დასავლეთის მთავარ წყალგამყოფ ქედზე და ასევე გორდაგორ სოფელ ბლოსაკენ დაეშვებოდნენ. ეს გზა „საჴევსურეთოს გზის“ სახელითაა ცნობილი და მისი უპირატესობა ისაა, რომ ბილიკი, ძირითადად მოშიშვლებულ გორაკებს მიუყვება, აქ ქარი თოვლს ნაკლებად აჩერებდა, რის გამოც ზვავსაშიშროება ნაკლები იყო. ამ გზის სიგრძე სოფელ ახიელიდან სოფელ ბლომდე 15-30 კმ-ია.
ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არხოტის ხეობის საკულტო ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება: სვეტისანგელოზისჯვარი, წყალშუისჯვარი, ჭიშველისჯვარი, არხოტისჯვარი, ლაღი იახსარი, საბეკური, რკენისჯვარი, სანება წყალსშუას მებურთვალი, სანებაკარის მეზობელი, მარიამწმინდა, პეტრე ზეთუკის წვერისა, საბალახის წვერი, ორბეულთის ეკლესია.
ციხედარბაზები: გაგათ ციხე-სახლი, თეთრაულების კოშკი, ქავისკარის კოშკი, ბათაკათ ციხე-სახლი, ციხიებნი, ხარათ ციხე.
რელიგიური დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არხოტში არის დღესასწაულები რომლებსაზც განსაკუთრებულად ზეიმობენ. ესენია: ჯვრის მამულების ხვნა, გიორგობა, ქრისტე (შობა), საწულუობა, წელწადი, კუმეტი, წინაშუადღე, უკანაშუადღე, წყალკურთხევა, აღება, დიდმარხვა (ურწყის ორშაბათი, თაგვ-ჩიტთ უქმი), სულთაკრეფა, მგელთუქმი, მარხოშუობა, კუდიან წუხრა, აჴვსება, ჭირნახულის სამხვეწრო, ამაღლება, ათენგენა, თიბისთავი, თიბის სამშაბათი, მარიანობა, ენკენია, ქარისუქმი.
მხარის გეოგრაფიული რუკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 619.
- მ. წიკლაური, „გზა-გადასასვლელები არხოტის თემიდან“, თბ., 2002, გვ. 445-455
- ა. ოჩიაური, „ქართული ხალხური დღეობების კალენდარი“, ხევსურეთი (არხოტის თემი), 1988
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
რუსეთი | ||||
რუსეთი და ხევი | არდოტიონი | |||
არხოტი | ||||
არაგვის ხევსურეთი |
|
ხევსურეთის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ხევსურეთის შესახებ. |