ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდორნასთან, მთაზე. განეკუთვნება კუპელჰალეს სტილს.

ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერის მიხედვით, ადრე ამ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესია, 1717 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს განუახლებიათ. მოგვიანებით, XVIII საუკუნის შუა ხანებში, ქაიყუბათის შვილმა ეკლესიისთვის სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენა, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. 1912 წელს ეკლესია ძირეულად შეუკეთებიათ.

ეკლესია გუმბათით აღჭურვილი დარბაზული ეკლესიაა (10,4X7,1 მ), ნაშენია რიყის ქვითა და აგურით. წყობა ძირითადად შერეულია, მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა ქვისა და აგურის რიგების წესიერი მონაცვლეობა. გუმბათის ყელი მთლიანად აგურისაა. გუმბათის დასაყრდნობად გრძივი კელდების შეკიდებულ პილასტრებზე გადაყვანილია ორი შეისრული საბჯენი თაღი. ამ თაღებზე დაყრდნობილია მათი პერპენდიკულარული, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მიმდებარე, ორ-ორსაფეხურიანი საბჯენი თაღები, რომლებიც გუმბათქვეშა კვადრატს ქმნიან. კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასასვლელად გამოყენებულია აფრები. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 442.
  • გენგიური ნ, კუპელჰალე, თბ., 2005
  • გვასალია ჯ. არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, V, თბ., 1975
  • ხარაძე კ., ბოდორნა, თბ., 2010