მაღაროსკარის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღაროსკარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროსკარში. თარიღდება XIX საუკუნის I ნახევრით. 1984 წელს სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ ძეგლზე ჩაატარა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები.

ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა, ნაგებია რიყის ქვით. გარეთა კუთხეებისა და გუმბათქვეშა თაღების წყობაში შედარებით მოზრდილი და უხეშად დამუშავებული რიყის ქვაა გამოყენებული. ფართო და თაღოვანი შესასვლელი დასავლეთის მკლავის ღერძზეა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია შიგნით ნახევარწრიული, ხოლო გარედან ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდით, რომლის ღერძზე ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში ორი სწორკუთხა ნიშია, სამხრეთისაში — ერთი. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკის მიმართ ერთი საფეხურითაა შემაღლებული და ნახევარწრიული ამბიონი ეკვრის. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში თითო, საკმაოდ განიერი თაღოვანი სარკმელია. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე გუმბათია დაყრდნობილი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. ყელს ფუძის დონეზე შემოუყვება მკვეთრად შვერილი თარო. გუმბათის ყელში ასიმეტრიულადაა განლაგებული ხუთი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელი, დანარჩენ ოთხ წახნაგში თითო ყრუ სარკმელია.

ეკლესიის გარეთა ფორმები სავსებით შეესაბამება მის შიდა სტრუქტურას. გრძივი ფასადები ერთმანეთის მსგავსია. აღმოსავლეთით წახნაგოვან შვერილ აფსიდს დამოუკიდებელი გადახურვა აქვს. დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავების წინ გეგმით კვადრატული და სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი კარიბჭეა. თაღები დაყრდნობილია ორ კვადრატულ ბოძზე და ეკლესიის შესაბამისი კედლის პილასტრებზე. ეკლესიის კედლები და გუმბათის ყელი თაროსებრი ლავგარდნითაა დასრულებული. ცხრაწახნაგა გუმბათს პირამიდული სახურავი აქვს. გადახურულია თუნუქით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]