ღვთისმშობლის ეკლესია (ანანური)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ღვთისმშობლის ეკლესია — სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლი, დგას ანანური მონასტრის ანსამბლის აღმოსავლეთით, 80 მეტრზე. სამშენებლო წარწერის თანახმად აგებულია 1850 წელს იმ სომეხი მოსახლეობის დაკვეთით, რომელიც აქ ანანურის მონასტრის ანსამბლის ქვედა ციხის დანგრევის შემდეგ დამკვიდრებულა.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (13,9 X 9,3 მ), ნაგებია აგურით. ძეგლი დაზიანებულია: აცვენილია კრამიტი, ჩამონგრეულია კარ-სარკმლების ნაწილი. შესასვლელ ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა, კარიბჭეებიდან. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აბსიდში ერთი განიერი სარკმელი და ორი ბრტყელი, თაღოვანი ნიშია. აბსიდის აქეთ-იქით სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებსაც შესასვლელი დარბაზიდან აქვთ. ორივე სათავსში აღმოსავლეთით თითო სარკმელია. დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია, დასავლეთ კედელში, კარის თავზე — ერთი. ხუთივე სარკმელი სწორკუთხაა. ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებულია სამ-სამი პილასტრით, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები.

აღმოსავლეთის ფასადის შუა არეში ორსაფეხურიანი თაღი და ოთხკუთხა სარკმელია. თაღის ქუსლებთან კონქზედა სამალავის თითო პატარა სარკმელი გამოდის. სარკმლებს ზემოთ აგურის წყობით ჯვრებია გამოყვანილი. თითო მსგავსი ჯვარია დასავლეთის ფასადის განაპირა მონაკვეთებში და ორ-ორი გრძივ ფასადებზე. აღმოსავლეთის ფასადის კეხზე დაშენებულია პატარა ოთხსვეტიანი სამრეკლო (ფანჩატური). ეკლესიის კედლები დასრულებულია სამსაფეხურიანი ლავგარდნით. ეკლესიას კრამიტით დახურული ორფერდა სახურავი აქვს.

დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკლესიაზე მიშენებულია აგურით ნაგები კარიბჭეები, რომლებიც სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. ორივე კარიბჭის ფრონტონში აგურის წყობით გამოყვანილია თითო ჯვარი. დასავლეთის კარიბჭეზე, აგურის ცილინდრულ მასაზე, აღმართულია სამრეკლო - ათთაღიანი ფანჩატური საკმაოდ მაღალი პროპორციებით. სამრეკლოში მოსახვედრად ეკლესიის დასავლეთის კარი ზემოთ სწორკუთხა ღიობია მოწყობილი. გარედან სამრეკლოს თაღებს შორის წიბოებს მოჰყვება ნახევაწრიული ლილვები, რომლებიც დასრულებულია ქვაში გამოკვეთილი ტოლმკლავა ჯვრებით. სამრეკლოს აგურით ნაგები ქოლგისებრი სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]