ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია
ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია — საქართველო
ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°10′12″ ჩ. გ. 44°43′12″ ა. გ. / 42.17000° ჩ. გ. 44.72000° ა. გ. / 42.17000; 44.72000
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ავენისი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა წილკნისა და დუშეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი სწორკუთხა ბაზილიკა
თარიღდება IX-X საუკუნეები
დეტალები

ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია — ხუროთმოძღვრების ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, დუშეთიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 28 კმ–ში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს მდებარე სოფელ ავენისის ჩრდილოეთით, 100–150 მ–ში, პატარა ხეობაში.

ეკლესიასთან ერთდ შემორჩენილია სამი საცხოვრებელი ნაგებობა, კამაროვანი მარანი, გალავანი და სამაროვანი. ეკლესია კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, სხვა ნაგებობები დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. გეგმით სწორკუთხა ტაძარი აგებულია IX-X საუკუნეებში. ის რესტავრირებულია, თუმცა უმოქმედო. კომპლექსის ეზოში და მის გარეთ აღმოჩნდა გვიანდელი შუა საუკუნეების სამაროვანი, ნაპოვნია განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები აღმოაჩინეს. მასალა დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

კომპლექსის მცირეფართობიანი ტერიტორია აღმოსავლეთი და ნაწილობრივ ჩრდილოეთი მხრიდან საყრდენი კედლითაა გამაგრებული. სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრიდან ეზოს მრუდხაზოვანი მოხაზულობის დაბალი გალავანი ფარგლავს. ეკლესია ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში დგას და აღმოსავლეთის ფასადით ღელეს გადაჰყურებს. დანარჩენი ნაგებობები ეზოს დასავლეთ ნაწილში მიჯრითაა განლაგებული.

ეკლესია დარბაზულია (7,65X5,6 მ), კომპლექსის ნაგებობათა შორის ყველაზე ადრეულია, განეკუთვნება IX-X სს. სამხრეთიდან (მთელ სიგრძეზე) ვიწრო მინაშენი ეკვრის, ხოლო ჩრდილოეთიდან – გეგმით სწორკუთხა სადგომი – სამკვეთლო, რომელიც შესაბამის კედელს მხოლოდ ნახევრამდე გასდევს. ეკლესია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვითაა ნაგები. კონსტრუქციულ ნაწილებში შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. აღდგენამდე ძლიერ იყო დაზიანებული. ჩამონგრეული იყო დარბაზისა და სამხრეთი მინაშენის კამაროვანი გადახურვა. დანგრეული იყო სამხრეთი მინაშენის სამხრეთი და დასავლეთი კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩამონგრეული იყო ჩრდილოეთი მინაშენის გადახურვის ნაწილი, საპირე წყობის ნაწილი და სხვა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდან აქვს. ღიობი ტიმპანითაა დასრულებული და ორივე მხრიდან ნახევარწრიული თაღი ახურავს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვემოთ კედელზე სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდის ორივე გვერდში თითო სწორკუთხოვანი ნიშაა. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული თაღი ეყრდნობა შირიმის პროფილირებულ (თარო და ოდნავ შეზნექილი გლუვი სიბრტყე) იმპოსტებს. საკურთხეველი დარბაზისაგან შირიმის ქვებით ნაწყობი კანკელით არის გამოყოფილი. მისგან მხოლოდ მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. შემორჩენილია კამარის საყრდენი, შირიმის შეკიდებული საბჯენი თაღის სამხრეთი ქუსლის წყობა. დარბაზი ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ კიდესთან მოწყობილი კარით ჩრდილოეთ მინაშენთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად ჩრდილოეთ მინაშენი აღმოსავლეთით აფსიდით იყო დასრულებული. შემორჩენილია აფსიდის სამხრეთი კუთხის ზედა ნახევარი შირიმის მარტივი პროფილის (თარო და შეზნექილი მრუდი ზედაპირი) იმპოსტითურთ და სატრიუმფო თაღის სამხრეთ გვერდის წყობის ნაწილი. მოგვიანებით, ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხის ჩამოშლის შემდგომ, აფსიდი გააუქმეს და სადგომი აღმოსავლეთიდან ირიბად დაყენებული სწორი კედლით შემოზღუდეს, რომელიც ფასადის საერთო სიბრტყის მიმართ ერთი საფეხურითაა შეწეული. კედელში ფართო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთი მინაშენი ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ვიწრო და გრძელი სადგომია. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია. მინაშენის სამხრეთ კედელში, ორმალიანი თაღოვანი შესასვლელის აღმოსავლეთი თაღი ამოშენებულია, ხოლო დასავლეთ თაღში ვიწრო შესასვლელია მოწყობილი. მინაშენი მცოცავი კამარით იყო გადახურული, რომლის ჩრდილოეთი ქუსლი ეკლესიის სამხრეთ სამხრეთ კედლის ზედა ნაწილის შეთხელებით გამოყვანილ საფეხურს ეყრდნობოდა. ფასადები სადაა. კედლები დასრულებული იყო ორსაფეხურიანი ლავგარდანით, რომელსაც განივ ფასადებზე (ფრონტონის ძირებთან) ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონდა.

ამჟამად ეკლესია აღდგენილია.

გალავანი და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი განვითარებულ და გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. გალავანი ნატეხი ქვითაა ნაგები. იგი კომპლექსის ეზოს სამი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ) მხრიდან ზღუდავდა. მისი უმეტესი ნაწილი ამჟამად დანგრეულია. გალავნის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ვიწრო და დაბალი კარია. იქვე ახლოს (დასავლეთით), საწნხელია, რომელიც გალავნის კედელთან წყობის გადაბმითაა დაკავშირებული.

საწნახლის დასავლეთით ღია მარანია. აქ მიწაში ოცდაშვიდი ქვევრია, რომელთა უმეტესობა დიდი ზომისაა და ჩაუკირავია.

კომპლექსის დასავლეთ ნაწილში ტერასულად, მიჯრით სამი საცხოვრებელი ნაგებობა და კამაროვანი მარანია. ყველა ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. მათგან ორი შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე. მათი სართულშუა გადახურვა ხის ძელზე იყო გამართული. ოთხივე ნაგებობას სწორკუთხა სარკმლები და შესასვლელები ეზოს მხრიდან აქვს. შიგნით კედლებში სხვადასხვა რაოდენობის მცირე ზომის კვადრატული ნიშებია.

კომპლექსის ეზოში და მის გარეთ, სამხრეთით მდებარე ფერდობზე, გამოვლინდა გვიანდელი შუა საუკუნეების სამაროვანი, რომელიც შეიცავს ქრისტიანულ უინვენტარო ქვის სამარხებს. კომპლექსის ეზოში ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები. არქეოლოგიური მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ბოჭორიძე გ. ჭანიშვილი გ“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 87 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1991 წელი. — გვ. 35-38
  • გვასალია ჯ. არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. V. 1975. თბილისი, გვ.72