საქარქედის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქარქედის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლაფანაანთკარში, საქარქედზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ელემენტების წყობაში ალაგ-ალაგ შირიმის თლილი ქვებია ჩართული. სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეში სწორკუთხა კარია გაჭრილი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე და დარბაზის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. აფსიდის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდს და დარბაზს დაბალი კედელი ყოფს, რომლის შუაში ვიწრო გასასვლელია მოწყობილი. დარბაზი ისრული ფორმის სხმული კამარითაა გადახურული. მსგავსი მოხაზულობისაა აფსიდის თაღიც.

ეკლესიას სამხრეთიდან გვიანდელი მინაშენი ეკვრის. მინაშენში შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია, კაპიტალური კედლით მინაშენი გაყოფილია ორ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო კარით უკავშირდება. მინაშენის აღმოსავლეთი ნაწილის იატაკში ჩანს წრიული გვირაბის დასაწყისი. გადმოცემით, გვირაბი ეკლესიის მახლობლად მდგარ კოშკს უკავშირდებოდა. მინაშენის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია ჭვარტლით დაფარული შელესილობის ნაწილები - ხუცურით შესრულებული წარწერების ფრაგმენტებით. მინაშენის დასავლეთ ნაწილზე დაშენებულია შირიმისა და აგურის შერეული წყობით ნაგები ექვსწახნაგა სამრეკლო.

ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმელი დაგვირგვინებულია რელიეფური თავსართით, რომელსაც წრეში მოქცეული და მაღალ ფეხზე დაყრდნობილი, ბოლოებგაგანიერებული ჯვარი ადგას.

ეკლესიიდან აღმოსავლეთით, 10 მეტრზე, რიყის ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა ორსართულიანია კოშკი დგას. კოშკის პირველი სართულის კედლები ყრუა. დაბალი, სწორკუთხა კარი მეორე სართულის დასავლეთ კედელშია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]