ზაქათკარის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზაქათკარის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია სოფელ ზაქათკარის განაპირას, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,8 X 3,1 მ), უაფსიდო, ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შეიცავს ერთმანეთისგან მოკლე ქრონოლოგიური ინტერვალით დაშორებულ ორ სამშენებლო ფენას. აღმოსავლეთის ნახევარი ადრინდელია, დასავლეთისა - გვიანდელი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში. თავდაპირველ ნაწილსაც შესასვლელი (ამოშენებულია) სამხრეთიდან ჰქონია. ეკლესიის ვიწრო და გრძელი დარბაზი აღმოსავლეთით სწორი კედლით არის დასრულებული. მასში სწორკუთხა სარკმელი და ერთი მცირე ზომის ნიშია. სარკმელი ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება და საფეხურებიანი ძირი აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ნატეხი ქვით ნაშენი ტრაპეზია მიდგმული. მეორე ტრაპეზი ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია. დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების თავდაპირველ ნაწილში ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესია შიგნით გადახურულია ცილინდრული კამარით. ფასადებში სადაა, აქა-იქ შემორჩენილია ბათქაშის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ღიობი ვერტიკალურად დადგმული ქვით თხელი ფილით გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. კედლები თაროსებრი ლავგარდნით არის დასრულებული, რომელსაც ფრონტონის ძირებთან ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმულია ტლანქად ნაკვეთი და ძლიერ დაზიანებული ქვის ცხენის ფიგურა. ფიქლის საბურავის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]