ბაზალეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაზალეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში, აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია (8,5x5,7 მ), სამხრეთიდან ეკვროდა თანადროული მინაშენი. ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით. კარ-სარკმლების, კამარის და საბჯენი თაღების წყობაში გამოყენებულია კვადრატული აგური. დაზიანებულია: ჩამოშლილია გრძივი კედლების ზედა ნაწილი, კრამიტის სახურავი, ლავგარდანი და გარეთა კუთხეების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესია ამჟმად გადახურულია შიფერით.

შესასვლელს წირთხლების უმეტესი ნაწილი და გადახურვა მონგრეული აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლშიც ერთი სწორკუთხა სარკმელი და ორი, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. ნიშებს ზემოთ, წყობაში სარეზონატორო პატარა ქვევრებია ჩასმული. თითო სწორკუთხა სარკმელია შენობის დანარჩენ კედლებშიც. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. აფსიდის ბოლოებთან თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული ფორმის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეს კონსტრუქცია საკურთხეველს დარბაზისგან გამოყოფს. თითო ანალოგიური პილასტრია გრძივ კედლებზეც, რომლებიც მათ დაახლოებით ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით საფეხუროვან პოსტამენტზე დადგმული მაღალი ჯვარია გამოსახული, რომლის მკლავებს შორის თითო რომბია ჩასმული. მსგვასი ჯვარი გამოსახული დასავლეთის ფასადზეც. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო ქვის თაროსებრი ლავგარდნით, რომელიც ნაწილობრივ მხოლოდ განივ ფასადებს შემორჩა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6652